Accessibility links

“ქართულმა ოცნებამ” გორში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა


ერთ-ერთი საარჩევნო უბანი გორში

ერთ-ერთი საარჩევნო უბანი გორში

გორში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დამარცხება 3 ოქტომბერს აღიარა. პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ტატიშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატს მალხაზ, იმავე სოსო, ვახტანგაშვილს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა. „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი მხარდამჭერები ამ ცნობას ოვაციებით შეხვდნენ.

მანამდე კი, დილით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართეს და კომისიას საბოლოო შედეგის გამოქვეყნების დაჩქარება მოსთხოვეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დილით გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით, ტატიშვილი ვახტანგაშვილს დაახლოებით 1500 ხმით უგებდა, თუმცა, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა განმარტა, საოლქო და ცენტრალური კომისიის მონაცემები იმის გამო არ ემთხვეოდა ერთმანეთს, რომ თბილისში ყველა უბნის ოქმი ჯერ გაგზავნილი არ იყო. მირუაშვილის ინფორმაციით, ამჟამად ყველა ხარვეზი გამოსწორებულია და კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვა.

უკვე ორი დღეა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები პერიოდულად ხან ზეიმობენ და ხან საპროტესო აქციებს მართავენ, ეს ყველაფერი კი ცესკოს მიერ შედეგების ცვლილებას მოსდევდა. დღეს ვახტანგაშვილს მხარდამჭერები უკვე მესამედ ულოცავდნენ გამარჯვებას.

რადიო თავისუფლებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიიდან მიწოდებული მონაცემით, მალხაზ ვახტანგაშვილს 32 497, ხოლო გიორგი ტატიშვილს 32 001 ხმა აქვს.
XS
SM
MD
LG