Accessibility links

logo-print

წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძეა


ხმების დათვლის პროცესი ქუთაისში

ხმების დათვლის პროცესი ქუთაისში

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმათა 50%-ზე მეტი. ამ დრომდე მიმდინარეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების მონაცემთა ატვირთვა. ხმების დათვლის პარალელურად გრძელდება საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების მონაცემთა ბაზაში ატვირთვა. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში კოალიციამ „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება“ ხმათა 58% მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – მეტი სარგებელი ხალხს“ - 31%, „გიორგი თარგამაძე- ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ“ - 3 %.

წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, გუბაზ სანიკიძეს, ამომრჩეველთა 55%-მა დაუჭირა მხარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ ხმათა 36% მიიღო და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ახვლედიანმა - 6 %.

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი განმარტავს, დილის 9 საათისთვის დასრულდა 127 ძირითადი და 4 სპეციალური უბნის შემაჯამებელი ოქმების წარდგენა საოლქო კომისიაში და ამ დროისთვის შემაჯამებელი ოქმები ონლაინ რეჟიმშია ატვირთული.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 12 საჩივარი, რომლებიც საღამოს 8 საათზე დაგეგმილ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განიხილება. საჩივრების ნაწილი კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციათა დამკვირვებლებისაგან შევიდა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კოორდინატორის თეონა გოგიშვილის განმარტებით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაკვირვება განახორციელეს ქუთაისში განთავსებულ საარჩევნო უბნების 30%-ზე. თეონა გოგიშვილი რადიო თავისუფლებასთან იმ დარღვევებზე საუბრობს, რომლებიც ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს.

როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი განმარტავს, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევები შედეგებზე არ იმოქმედებს.
XS
SM
MD
LG