Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანიას თქმით, მმართველმა პარტიამ ხმათა 40% გააყალბა


ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ხმის დათვლის პროცედურა ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა, ამჟამად არსებული მონაცემებით, ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ახალაია ლიდერობს.

ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–მეტი სარგებელი ხალხს“ ხმათა 51, 58 % მიიღო, ბლოკმა„ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ კი - 40, 47 %. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ფიფიას განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ზუგდიდში, როლანდ ახალაიამ, ხმათა 64, 04% მიიღო, კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ კი - 30, 37%.

წუხელ, არჩევნების შედეგების პირველადი მონაცემების გამოქვეყნებისთანავე, ირაკლი ალასანიამ საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ზუგდიდში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმათა 40% გააყალბა.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოსული უბნებიდან ოქმები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, დაახლოებით 40%–ში არ ემთხვევა მოსული ბიულეტენებისა და უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობას. არც ერთ ხმას არ მოვაპარინებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
რაც შეეხება საარჩევნო უბნებზე გაყალბების არსებობის მცდელობას, დამკვირვებლების ნაწილმა „ქართული ოცნებიდან“ განაცხადა, რომ რამდენიმე მცდელობა სწორედ მათ მიერ იყო აღმოფხვრილი. მაგალითად, მე-13 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებელმა ირაკლი მანჯგალაძემ შენიშნა, რომ ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეს ყალბი პირადობის მოწმობა ჰქონდა, 89-ე უბანზე კი იყო ე.წ. კარუსელის მცდელობა. კოალიციის დამკვირვებელმა, ირაკლი ბერიძემ, შეამჩნია, რომ ახალგაზრდა ქალბატონი ორი ბიულეტენიდან მხოლოდ ერთს აგდებდა საარჩევნო ყუთში, ხოლო მეორის გატანას ცდილობდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის 46-ე საარჩევნო უბნის დამკვირვებლის თქმით კი, მის უბანზე ავტომანქანებით მობილიზებულად მიიყვანეს სპორტსმენები, რომელთაც თან ახლდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი. „ოცნების“ დამკვირვებელი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა „ნაციონალების“ აქტივისტი იცნეს, სპორტსმენებმა დატოვეს საარჩევნო უბანი.

ჟურნალისტებმა ძირითადად სოფლებში განთავსებულ რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაცვის პოლიციის თანამშრომლების განსაკუთრებული მობილიზება შენიშნეს. ერთ–ერთი ასეთი შემთხვევა დაცვის წევრსა და „მეცხრე არხის“ ჟურნალისტ გურამ როგავას შორის ინციდენტით დასრულდა. უბნის გარეთ მყოფმა ზუგდიდის საავადმყოფო „რესპუბლიკის“ დაცვის უფროსმა მანუჩარ ჩანგელიამ გურამ როგავას ვიდეოგადაღება აუკრძალა. მანუჩარ ჩანგელიასთან ერთად იმყოფებოდნენ დაცვის სამსახურის სხვა თანამშრომლებიც.

როგორც ჟურნალისტებმა, ისე მოქალაქეებმა რამდენიმე საარჩევნო უბანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომლის, ვლადიმერ ბედუკაძის მიერ პატიმართა წამებაში არაერთგზის დადანაშაულებული მეგის ქარდავაც შენიშნეს.

„მეგის ქარდავამ საკონსერვოს საარჩევნო უბანთან მანქანა გააჩერა, თავიდან ვერც მივხვდი, რომ ის იყო. მან დაუძახა ერთ-ერთ ბიჭს, თავისთან მოუხმო. ცოტა ხანში დატოვა უბანი, აშკარად ჩანდა, რომ ის აკვირდებოდა უბანს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე საჩივრების რაოდენობაც კი უმნიშვნელოა. ლაშა დამენიას განცხადებით, ისინი უკეთეს შედეგებსაც ელოდებოდნენ, იმ სამუშაოს გათვალისწინებით, რაც მათ წინასაარჩევნო პერიოდში შეასრულეს. რაც შეეხება მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, როლანდ ახალაიას, მას განცხადება არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG