Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ღია დემოკრატიის ინსტიტუტი” - ზოგადად წინასაარჩევნო გარემოზე


იაროსლავ დავიდოვიჩი
იაროსლავ დავიდოვიჩი
თვეზე მეტია, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოში იმყოფება ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია ”ღია დემოკრატიის კომიტეტი”, რომელიც წინასაარჩევნო პროცესს საქართველოში პირველად აკვირდება. კომიტეტი საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უცხოელი ექსპერტებისგან შედგება და არჩევნებზე დაკვირვებასა და მონიტორინგს საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებს. თბილისში მოვლენილ მისიას რამდენიმე დღეა უკრაინელი წევრი, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე იაროსლავ დავიდოვიჩი შეემატა. კომიტეტის მუშაობაში მის ჩართვას 5 ივნისს სპეციალური პრესკონფერენცია მიეძღვნა. რა პრობლემები გამოავლინა წინასაარჩევნოდ მოვლენილმა მისიამ საქართველოში და შეიძლებოდა თუ არა უფრო მეტი პრობლემური ფაქტების გამოვლენა?

წინასაარჩევნო პერიოდის შესასწავლად საქართველოში მოვლენილი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ”ღია დემოკრატიის კომიტეტის” განსაკუთრებული ინტერესი უკრაინელმა იაროსლავ დავიდოვიჩმა იმ მიზეზით გამოიწვია, რომ, როგორც 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, მან 2004 წელს, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის რანგში მყოფმა, უარი განაცხადა ხელი მოეწერა საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ოქმზე, რის შემდეგაც ცენტრალური საარჩევნო კომისია დატოვა კიდეც. როგორც კომიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უკრაინელი ექსპერტი საქართველოში კომიტეტის განსაკუთრებული მრჩევლის რანგში ჩამოვიდა და წინასაარჩევნო პერიოდის შესწავლას გეგმავს. 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე იაროსლავ დავიდოვიჩმა მხოლოდ ზედაპირულად ისაუბრა იმ წინასაარჩევნო გარემოსა და პრობლემების შესახებ, რომელიც საქართველოში ჩამოსულს დახვდა:
არ მგონია, რომ თქვენ უნდა იდარდოთ კონკრეტული მაგალითების გამო, რადგან ჩვენ ამ კონკრეტული მაგალითების შესახებ მედიის საშუალებით უკვე გავავრცელეთ ინფორმაცია ...
რონ კიჩი

”ჩვენ შევხვდით პარტიების ხელმძღვანელებს. ისინი ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ დღესდღეობით მათ არა აქვთ საშუალება თავისუფლად იმუშაონ მედიასთან. ეს მართლაც შემაშფოთებელი ფაქტია. რაც შეეხება წინასაარჩევნო პროცესს, მოკლედ გეტყვით, რომ არსებობს გაურკვევლობა საარჩევნო კანონმდებლობის თაობაზე. როგორც ვიცი, არსებობს პრობლემები საარჩევნო სიებთან დაკავშირებითაც.”

რადიო თავისუფლებამ წინასაარჩევო პერიოდში აღმოჩენილი კონკრეტული პრობლემების შესახებ საუბარი სთხოვა ”ღია დემოკრატიის კომიტეტის” ხელმძღვანელს ტომ ნოლანს. შეგახსენებთ, რომ კომიტეტის წარმომადგენლები თვეზე მეტია საქართველოში იმყოფებიან და, როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ისინი აქტიურად ხვდებიან ოპოზიციის, ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და, სავარაუდოდ, ფლობენ გაცილებით მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის პრობლემები ექმნება ოპოზიციას წინასაარჩევნო პერიოდში. ტომ ნოლანს ვთხოვეთ კომენტარი გაეკეთებინა უკანასკნელ ხანებში გავრცელებულ ინფორმაციებზე, რომელთა მიხედვითაც, ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ სამსახურებიდან. კითხვებზე უპასუხა კომიტეტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, რონ კიჩმა. ის მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ კომიტეტი თითოეულ აღმოჩენილ პრობლემაზე გამოძიებას აწარმოებს და ამის შესახებ ისინი პრესრელიზებსაც ავრცელებენ:

”არ მგონია, რომ თქვენ უნდა იდარდოთ კონკრეტული მაგალითების გამო, რადგან ჩვენ ამ კონკრეტული მაგალითების შესახებ მედიის საშუალებით უკვე გავავრცელეთ ინფორმაცია. ჩვენ საკუთარ მოკვლევებს ვატარებთ.”

კონკრეტული შემთხვევის მოკვლევა, რომელიც რონ კიჩმა ახსენა და რომლის შესახებაც 22 მაისს კომიტეტმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, მაისის ბოლოს კოალიცია ”ქართული ოცნების” ხობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელზე მომხდარი თავდასხმის გამოძიების მოთხოვნაა. ეს არის ერთადერთი აქტივობა, რომელიც საქართველოში ერთთვიანი მუშაობის პერიოდში ”ღია დემოკრატიის კომიტეტმა” ამ დრომდე განახორციელა. ამას ადასტურებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ორგანიზაციის პრესწარმომადგენელი ნათია ტრაპაიძეც.
თუ გარდა ხობის ფაქტისა, ამ ერთი თვის განმავლობაში სხვაზე არაფერზე გაუმახვილებიათ მათ ყურადღება, მაშინ ნაკლებად მაქვს იმის იმედი, რომ ისინი რაიმე რეალურს გააკეთებენ ...
ვახტანგ ხმალაძე

”ერთი თვე სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებს დეტალურად გაეცნო”, ამბობს კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი, რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე. მისივე თქმით, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში არაერთი ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში არაჯანსაღი წინასაარჩევნო პროცესის შექმნას და რომელიც დამკვირვებლების ყურადღების ცენტრში აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო. ”თუ გარდა ხობის ფაქტისა, ამ ერთი თვის განმავლობაში სხვაზე არაფერზე გაუმახვილებიათ მათ ყურადღება, მაშინ ნაკლებად მაქვს იმის იმედი, რომ ისინი რაიმე რეალურს გააკეთებენ, რადგან ის, რაც ჩვენთან უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ხდება, მგონია, რომ შეფასების გასაკეთებლად სრულიად საკმარისია”, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

”ღია დემოკრატიის კომიტეტის” წარმომადგენლებს შეხვდა 4 ივნისს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, მისთვის ბევრი არაფერია ცნობილი ორგანიზაციის შესახებ, თუმცა ამბობს, რომ ისინი არც ერთ სადამკვირვებლო მისიას არ ეუბნებიან უარს შეხვედრაზე, რადგან თვლიან, რომ საარჩევნო გარემოს უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია უნდა ადევნებდეს თვალს.

რაც შეეხება ორგანიზაციის გამოცდილებას საარჩევნო საკითხებში, მათ ოფიციალურ ვებსაიტზე მითითებულია, რომ ”ღია დემოკრატიის კომიტეტი” 2010 წელს მოლდოვაში აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს. ასევე დამკვირვებლის მისიას ასრულებდა ის 2010 და 2012 წლებში უკრაინის ადგილობრივ არჩევნებში.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს მთავრობამ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით აპრილის დასაწყისში ოფიციალურად მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს. როგორც წერილშია ხაზგასმული, საქართველოს სურვილია, დამკვირვებლები ქვეყანას ეწვიონ შეუზღუდავი რაოდენობით და რაც შეიძლება სწრაფად, რათა დააკვირდნენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე უშუალოდ საარჩევნო პროცესს.
XS
SM
MD
LG