Accessibility links

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" გამოაქვეყნა მეოთხე შუალედური ანგარიში, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგად თავმოყრილ ფაქტებს ასახავს. არასამთავრობო ორგანიზაციის აღნიშნული ანგარიში 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 73 საარჩევნო ოლქში არსებულ ვითარებას ”სამართლიანი არჩევნების” გრძელვადიანი დამკვირვებლები სწავლობენ. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ, წინა ანგარიშებთან შედარებით, შემცირებულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტები, თუმცა გაზრდილია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნები” ანგარიშს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიასაც მიაწვდის.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგების მეოთხე შუალედური ანგარიშის პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ ტენდენცია პრაქტიკულად უცვლელია, მაგრამ მაინც შეინიშნება ერთი ცვლილება: შემცირებულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტები, თუმცა გაზრდილია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. ამას გარდა, ნინო ლომჯარია სხვა გამოვლენილ ფაქტებსაც ჩამოთვლის:

”დაფიქსირებულია, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 2 შემთხვევა, ასევე პოლიტიკური ნიშნით პარტიის აქტივისტებსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლა-მუქარის 8 შემთხვევა, ფიზიკური ანგარიშსწორების 2 შემთხვევა, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 5 ფაქტი, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 18 შემთხვევა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეების მონაწილეობით პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა და დევნა განხორციელდა 14 შემთხვევაში.”
როდესაც პარტია ”თავისუფალი საქართველოს” აქტივისტის, მელანია ბერიაშვილის მიმართ პოლიციის უბნის რწმუნებულის ბაადურ რევაზიშვილის მიერ განხორციელდა კონტროლი და ზეწოლა ...

”სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მიხედვით მოყვანილი კონკრეტული ფაქტების ანალიზისა და გადამოწმების საფუძველზე, ნინო ლომჯარიას სიტყვებით, შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის ფაქტები, სადაც საუბარია მუქარაზე, ზეწოლასა და ანგარიშსწორებაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივისტების მიმართ.“

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საყურადღებოა ასევე დამოუკიდებელი უწყების, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პარტიების აგიტატორების მიმართ გამოვლენილი დარღვევები, ასეთად კი მონიტორინგის პერიოდში თელავში მომხდარი შემთხვევის მაგალითი მოჰყავს:

”როდესაც პარტია ”თავისუფალი საქართველოს” აქტივისტის, მელანია ბერიაშვილის მიმართ პოლიციის უბნის რწმუნებულის ბაადურ რევაზიშვილის მიერ განხორციელდა კონტროლი და ზეწოლა და მან მოითხოვა, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა ამ ადამიანს, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და მაგალითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა.”

ნინო ლომჯარია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებთან და იმ შეთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იყვნენ სამსახურიდან გათავისუფლებულნი, კომისიამ კარგად იმუშავა და მოქალაქეები დააბრუნეს თავიანთ სამსახურებში. ამის მაგალითად ის ასახელებს 2012 წლის 2 ივლისს სიღნაღში მომხდარ ფაქტს, როდესაც სამსახურიდან გაათავისუფლეს რესპუბლიკური პარტიის სიღნაღის ოფისის თავმჯდომარე ბესარიონ ხატიაშვილი. ის ააიპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სასპორტო სკოლების გაერთიანების“ კომპლექსური სასპორტო სკოლის კრივის მწვრთნელ-მასწავლებლად მუშაობდა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობებში გამოკრული ჰქონდათ წინასაარჩევნო სააგიტაციო პლაკატები. ეს ფაქტები უწყებათაშორის კომისიისთვისაც გახდა ცნობილი ...

”ბესარიონ ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა”,- ნათქვამია ”სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ”უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის ბესარიონ ხატიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი შეისწავლა. ფაქტის გადამოწმების შემდგომ ბესარიონ ხატიაშვილმა მიიღო მისი სამსახურში აღდგენის შესახებ ბრძანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბესარიონ ხატიაშვილი 2012 წლის 1 სექტემბრიდან კრივის სექციის მწვრთნელ-მასწავლებლად დაინიშნა.”

თუმცა უწყებათაშორისი კომისიის რეაგირებასთან დაკავშირებით და ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასთან მიმართებით პრეტენზიები აქვს კახეთისა და მცხეთა-თიანეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს გელა მთივლიშვილის. მისი ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოს ყოველკვირეული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ეს ორგანიზაციები განსაკუთრებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე არ რეაგირებენ.

”მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობებში გამოკრული ჰქონდათ წინასაარჩევნო სააგიტაციო პლაკატები. ეს ფაქტები უწყებათაშორის კომისიისთვისაც გახდა ცნობილი, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვისაც. საარჩევნო კოდექსი ცესკოს რომ ავალდებულებს ასეთ ფაქტზე მოახდინოს რეაგირება, რამდენიმე დღეა გასული და ცესკოს მხრიდან, სამწუხაროდ, ასეთ ფაქტზე რეაგირება არ ხდება.”

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებზე რეაგირება ყოველთვის ხდება. რაც შეეხება „სამართლიანი არჩევნების“ შუალედურ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს, უწყებათაშორისი კომისიის წევრი თამარ კინწურაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მათი მხრიდან გამოხმაურება მხოლოდ ანგარიშში მოყვანილი ფაქტების გადამოწმების შემდეგ იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, იქაც ანგარიშის გასაცნობად დრო ითხოვეს.
XS
SM
MD
LG