Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო გარემოს კრიტიკის კვირა


გასული კვირის პოლიტიკური მოვლენებიდან გამორჩეული იყო საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი, რომლის მიზანი წინასაარჩევნო გარემოს შესწავლა და მოკლევადიანი სამეთვალყურეო მისიისათვის ნიადაგის მომზადებაა. ცნობილია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ქოლგის ქვეშ 1 ოქტომბრის არჩევნებზე დაახლოებით 400 მეთვალყურე იმუშავებს. მანამდე კი თბილისში მყოფმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა და 1 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთოს მეთვალყურეთა მოკლევადიანი მისიის ხელმძღვანელად დასახელებულმა ტონინო პიცულამ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა:

”ჩვენი თვალთახედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყენებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას, რათა გამოიკვლიოს კერძო პირისა თუ პარტიის დანახარჯები; იღებს საეჭვო გადაწვეტილებებს და აკისრებს მკაცრ ჯარიმებს - მკაფიო ან გამჭვირვალე გზამკვლევების გარეშე. დაკისრებული ჯარიმები არაპროპორციულია და, სავარაუდოდ, გამოიყენება შერჩევითი მიდგომით, რაც ძირითადად გამიზნულია ერთი საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ."

ხელისუფლებამ ტონინო პიცულას ამგვარი კრიტიკა „ქართული ოცნების“ ლობისტთა აქტიურობას მიაწერა, თუმცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ასევე კრიტიკული შენიშვნები მიაწოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

”კონკრეტული მაგალითები მივაწოდე, თუ როგორ გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსები. ძალიან დაინტერესდნენ ამით, რადგანაც ეს ცალსახად პრობლემატური საკითხია. გარდა ამისა, ვისაუბრეთ მედიაგარემოზე, - ვთქვით, რომ ძალიან კარგია, რომ ”მასთ ქერის” რეგულაციები ამუშავდა, თუმცა ჩვენ ასევე ვთქვით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ”მასთ ქერი” გაგრძელდეს არჩევნების დღეს და ამ დღის შემდეგაც. ვილაპარაკეთ, თუ რა პრობლემები ექმნებათ ჟურნალისტებს, განსაკუთრებით რეგიონში... არის ზეწოლის ფაქტები“, უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.
ჩვენ აქ მმართველი პარტიის გასაკრიტიკებლად არ ვიმყოფებით. ჩვენ, უბრალოდ, ვამბობთ, რომ პრობლემები არსებობს და რომ ისინი სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენენ ...
ტერი ბენჰამი

გასულ კვირაში წინასაარჩევნო გარემოს მწვავე კრიტიკით გამოვიდა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ”ღია დემოკრატიის კომიტეტი”, რომელმაც გრძელვადიანი მეთვალყურეები ჯერ კიდევ აპრილში მოავლინა საქართველოში. პრობლემებზე, რომლებიც ამომრჩეველთა სიებს, უპრეცედენტოდ მაღალ ფულად ჯარიმებსა თუ კანონის შერჩევით აღსრულებას შეეხება, 24 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის მიერ მოწვეულმა ამერიკელმა ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში ტერი ბენჰამმა ილაპარაკა:

”ჩვენ აქ მმართველი პარტიის გასაკრიტიკებლად არ ვიმყოფებით. ჩვენ, უბრალოდ, ვამბობთ, რომ პრობლემები არსებობს და რომ ისინი სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენენ, თუკი გვინდა, რომ საარჩევნო პროცესი სამართლიანად და სანდოდ ჩაითვალოს. მსოფლიო გვიყურებს... და, ევროკავშირისა და ნატოსკენ საქართველოს მოსახლეობის უნივერსალური სწრაფვის ფონზე, ცხადია, არავის ინტერესებში არ შედის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნების ლეგიტიმურობა.”

„ღია დემოკრატიის კომიტეტი” საქართველოში ამ ეტაპზე 20 მეთვალყურით არის წარმოდგენილი, თუმცა მეთვალყურეთა რიცხვი, სავარაუდოდ, მალე გაიზრდება. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო რუსეთის ოფიციალური მიღება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ცხადია, ამ ნაბიჯიდან სარგებელს ელიან როგორც რუსეთში, ასევე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში. რუსი ეკონომისტის ალექსეი პორტანსკის თქმით, ვმო-ში შესვლითა და საერთაშორისო თამაშის წესების გაზიარებით რუსეთი მნიშვნელოვან ზარალს აირიდებს თავიდან:
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესდებით, დაუშვებელია, რომ მისმა წევრმა ერთმა ქვეყანამ მეორეს ემბარგო დაუწესოს დასაბუთებული პრეტენზიების გარეშე ...
რევაზ საყევარიშვილი

”გაწევრიანების შემდეგ ჩვენ შევძლებთ დავიწყოთ დისკრიმინაციული შეზღუდვების მოხსნა ექსპორტიორებსა და მეწარმეებთან მიმართებით. აქამდე არ ვმონაწილეობთ საერთაშორისო ვაჭრობის წესების შემუშავებაში და ამით გამოწვეული ზარალი სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება. დაბოლოს, არ შეიძლება მოდერნიზაციის გეგმები დასახო, საქონლის, სერვისისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თავისუფალი გაცვლის გარეშე, ანუ ვმო-ს წევრობის გარეშე.“

ცხადია, სულ სხვა აქცენტები გაკეთდა საქართველოში. მოუწევს თუ არა აწ უკვე ვმო-ს წევრ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ცალმხრივად დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს მოხსნა? ამ კითხვის პასუხად ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რევაზ საყევარიშვილი ამბობს:

”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესდებით, დაუშვებელია, რომ მისმა წევრმა ერთმა ქვეყანამ მეორეს ემბარგო დაუწესოს დასაბუთებული პრეტენზიების გარეშე. ანუ ის ფაქტი, რომ რუსეთს ჰქონდა ცალმხრივად დაწესებული ემბარგო, პრაქტიკულად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვმო-ს სხვა წევრ ქვეყნებში უპრობლემოდ გადის ის ქართული პროდუქცია, რომელიც რუსეთმა დაუშვებლად ცნო თავისი ბაზრისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გარკვეული ტიპის ქართული პროდუქცია - იგივე ლიმონათი ”ზედაზენი” - გამოჩნდა რუსეთის ბაზარზე, ამ ბლოკადის პირველი გარღვევა უკვე მოხდა - უმნიშვნელო მოცულობით, მაგრამ მაინც.”

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახი კალაძის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო, რადგან მათ დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა ამოეწურათ. აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ბესო ლილუაშვილის განმარტებით, კალაძე 17 მილიონი ლარითაა დაჯარიმებული, ივანიშვილი კი 21 მილიონით:
ადმინისტრაციულ სახდელზე, პირველ რიგში, ხდება შემოსავლის მოძიება და მასზე ინკასოს განხორციელება, მაგრამ ჩვენ გვიჭირს ახლა რაიმეს თქმა, რადგან აღნიშნულს ახორციელებენ აბსოლუტურად კანონგარეშედ ...
შალვა თადუმაძე

”მიმდინარეობს ძირითადად შემდეგი სამუშაოები: ქონების მოძიება, დადგენა; მერე უნდა მოხდეს ამის შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რომელ ფორმას აირჩევს აღსრულების ეროვნული ბიურო ამ საქმის აღსასრულებლად. ჯერჯერობით მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.”

კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატი შალვა თადუმაძე ამბობს, რომ აღსრულებას საფუძვლად უდევს უკანონო გადაწყვეტილება. ადვოკატის თქმით, თანხის ამოღების მიზნით, ანგარიშზე ინკასოს დადებაა სავარაუდო.

”ადმინისტრაციულ სახდელზე, პირველ რიგში, ხდება შემოსავლის მოძიება და მასზე ინკასოს განხორციელება, მაგრამ ჩვენ გვიჭირს ახლა რაიმეს თქმა, რადგან აღნიშნულს ახორციელებენ აბსოლუტურად კანონგარეშედ. შესაბამისად, პროგნოზირება, თუ რა ღონისძიებას გამოიყენებენ, თითქმის შეუძლებელია. მტკიცებულებების გარეშე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება”, უთხრა შალვა თადუმაძემ რადიო თავისუფლებას.

გასული კვირის მიწურულს ლონდონში გააცილეს საქართველოს პარაოლიმპიელთა ნაკრები. მე-14 პარაოლიმპიურ თამაშებში, რომელიც 29 აგვისტოს იხსნება, საქართველოს ღირსებას ძალოსანი შოთა ომარაშვილი და მოცურავე ნიკა თვაური დაიცავენ.

კვირის ბოლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. მინისტრ ხატია დეკანოიძის თქმით, 2012-2013 სასწავლო წელს სტუდენტი გახდა 24 ათას 500 აბიტურიენტი, რაც დარეგისტრირებულთა 71 პროცენტს შეადგენს. განათლების მინისტრის თქმით, ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდა. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი - 8+1 - ამოქმედდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG