Accessibility links

პოლიტიკური პარტიების აქტივისტები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გორის რაიონში ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ და მათ საარჩევნო პროგრამებს აცნობენ. პარტიებს მთავარი აქცენტი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე აქვთ გადატანილი და შეხვედრებიც, უმთავრესად, სწორედ სოფლის მცხოვრებლებთან იმართება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სოფლებში ბევრად მეტი ამომრჩეველია, ვიდრე ქალაქში.

„ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ბორცვაძე ახალი ინიციატივით გამოდის და მთავრობას მოუწოდებს ხილის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის 2 მილიონი ლარის სუბსიდია გამოყოს, რათა მესამე ხარისხის ვაშლის ჩაბარების ფასი გაიზარდოს. ამჟამად კონცენტრატის ქარხნები ძირს ნაყარ ვაშლს 5 თეთრად იბარებენ. მეწარმეების თქმით, მსოფლიო ბაზარზე ვაშლის კონცენტრატის ფასი წელს დაბალია და ეს განაპირობებს ადგილობრივი ვაშლის 5 თეთრად ჩაბარებას. ბორცვაძის აზრით, ბიუჯეტიდან სუბსიდიის გამოყოფის შემთხვევაში ჩაბარების ფასი 20 თეთრამდე გაიზრდება.

„ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი ზურაბ როსებაშვილი კი კონფლიქტის ზონის სოფლებს სტუმრობს და საწვავზე მაღალ ფასს აპროტესტებს. იგი ხელისუფლებას სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებას ურჩევს.

სარწყავი წყლის მოგვარებაზე აკეთებს აქცენტს კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ვახტანგაშვილი, რომელიც ასევე კონფლიქტის ზონის სოფლებში დადის და ხელისუფლებისგან, სხვადასხვა პრობლემების მოგვარების გარდა, მოსახლეობისთვის ჩამორთმეული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა სოფლებში შეხვედრები უკვე დაასრულეს და ახლა უკვე ქალაქის მოსახლეობას ხვდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ჩინჩილაკაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის პრობლემები მათთვის ცნობილია და არც ერთ საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებენ.

არჩევნებამდე 20 დღით ადრე გორში ძირითადად 4 პოლიტიკური პარტიის აქტივისტები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აქტიურობენ. ანალიტიკოსების აზრით, ბრძოლა ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად სწორედ ამ პარტიებს შორის გაიმართება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG