Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზადება არჩევნებისთვის და საინფორმაციო ომის მოლოდინი


ცხინვალი, 2012 წლის 8 აპრილი
ცხინვალი, 2012 წლის 8 აპრილი
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 2 წელზე მეტი ხნის შემდეგ უწყდება, დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიტიკურმა ძალებმა უკვე დაიწყეს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. ექსპერტები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავენ. მათი აზრით, მთავარი ბრძოლა ორ პოლიტიკურ პარტიას შორის გაიმართება. საგანგებო სიტუაციების მინისტრ ანატოლი ბიბილოვის პარტიას, „ედინაია ოსეტიას“ (ერთიანი ოსეთი), და ალა ჯიოევას პოლიტიკურ ძალას, „ირისტონ – პლოშად სვობოდის“ (ოსეთი – თავისუფლების მოედანი), სერიოზული ამბიციები აქვთ. ორივე პარტია, პირველ რიგში, საკუთარ მედიასაშუალებებს ქმნის.

ანატოლი ბიბილოვის მთავარი პოლიტიკური ამოცანა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანებაა. ოსი სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი თემურ ცხურბათი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს ბიბილოვის პარტიისთვის რეგისტრაციაზე უარი უნდა ეთქვა, რადგან ეს პარტია კონსტიტუციის საპირისპიროდ მოქმედებს. ცხურბათის თქმით, კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, ბიბილოვის პარტია კი მის სუვერენიტეტს ემუქრება.

დამფუძნებელ ყრილობაზე ბიბილოვის პარტიას ადგილობრივმა მედიამ მხარდაჭერა გამოუცხადა. გარდა ამისა, დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს რუსული მედიაც ხშირად უთმობს ყურადღებას. ბიბილოვის მთავარი მედიამხარდამჭერი კი ინტერნეტგამოცემა „ოსრადიო“ იქნება, რომელიც მანამდე კოკოითის ხელისუფლების პიარით იყო დაკავებული.

ალა ჯიოევას მომხრეები არ აპირებენ, რომ კონკურენტს ჩამორჩნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბატრაზ ძუცათი, აცხადებს, რომ პარტიის აქტივისტებმა უკვე დაიწყეს მოსახლეობასთან შეხვედრები და იმედი აქვთ, რომ მომავალ პარლამენტში მანდატების 60 პროცენტს მიიღებენ.

ჯიოევას მომხრეებმა საარჩევნო ბრძოლის გამოცდილება უკვე მიიღეს გასული წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და ერთობის მაგალითიც აჩვენეს. პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, როდიონ სიუკაევი, აცხადებს, რომ გადაწყვეტილია ორგანიზაციასთან მედიასაშუალებები შეიქმნას. ჯიოევას ექნება საკუთარი გაზეთი, პარტიის მოსახელე, და ექნება ინტერნეტგამოცემა. ჩვენს რადიოსთან საუბარში სიუკაევი ამბობს, რომ, პარტიული ამბების გარდა, ეს მედიასაშუალებები საზოგადოების ცხოვრებას და პრობლემურ საკითხებსაც გააშუქებენ.

ადგილობრივი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პარტიული მედიის მთავარი ამოცანა საკუთარი ლიდერების პიარი და მოწინააღმდეგეების დისკრედიტაცია იქნება. მათი აზრით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ლიდერების მომხრე მედიასაშუალებებს შორის ნამდვილი საინფორმაციო ომი გაჩაღდება.
XS
SM
MD
LG