Accessibility links

logo-print
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17 სექტემბერს ”უსაფუძვლობის გამო” არ დააკმაყოფილა კოალიცია ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი არც ერთი საჩივარი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ე.წ. სპეცუბნების გაუქმებასთან დაკავშირებით. ”ქართული ოცნება“ სულ 9 ასეთი უბნის გაუქმებას იმ მოტივით ითხოვდა, რომ ისინი არ გახსნილა სამხედრო ნაწილებში. ”ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ სპეცუბნები ხელისუფლების ხელში არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი მთავარი იარაღია და სასამართლოში ჩივილს აპირებენ.
რა შემთხვევაში იხსნება სპეცუბნები არჩევნების დროს და შეიცავს თუ არა ისინი საფრთხეს არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით?

დღეის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე 70-ზე მეტი სპეცუბანია გახსნილი. იქ რეგისტრირებული ამომრჩევლის რიცხვი 58 000-ს შეადგენს.
ასეთი უბნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით იქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველთა გარკვეულ კატეგორიას თავისი ჯანმრთელობის (მაგალითად, მოხუცთა თავშესაფარი, საავადმყოფო), პატიმრობის ანდა განსაკუთრებული დავალების პირობებში (საბრძოლო მივლინებაში მყოფი ქვედანაყოფის ან ზღვაში მყოფი გემების ეკიპაჟები) არ შეუძლია ჩვეულებრივ საარჩევნო უბანზე მისვლა. მმართველი პარტიის მიერ სწორედ ამ უბნების საკუთარი ინტერესებით გამოყენების მცდელობაზე ლაპარაკობს კოალიცია "ქართული ოცნების" დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე, რომელმაც სპეცუბნების საკითხს 18 სექტემბერს საგანგებო პრესკონფერენციაც მიუძღვნა:
კანონში შავით თეთრზე წერია, რომ თუ სხვა ოლქის მცხოვრებია სამხედრო მოსამსახურე და ხმას აძლევს სპეცუბანზე, ის მონაწილეობს მხოლოდ პროპორციული წესით არჩევნებში. მიუხედავად ამისა, მაინც ჯიუტად ცდილობენ სამხედრო მოსამსახურეებს ხმა მაჟორიტარულ არჩევნებშიც მიაცემინონ...

”საოლქო-საარჩევნო კომისიებმა სპეციალური უბნები შექმნეს ისეთ დაწესებულებებში, რომლებიც არ წარმოადგენენ სამხედრო ნაწილებს. მაგალითად, დიდუბის საარჩევნო ოლქში ორი საარჩევნო უბანია შექმნილი თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის სამინისტრო კი არ არის სამხედრო ნაწილი. ერთი საარჩევნო უბანია შექმნილი დაცვის პოლიციაში, არც დაცვის პოლიციაა სამხედრო ნაწილი. ყველა ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ცესკოში, მაგრამ არც ერთი ეს საჩივარი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.”

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სპეცუბანი შეიქმნა თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთშიც, სადაც სიაში 902 ამომრჩეველია შეყვანილი. ამ უბნის გაუქმებას მოითხოვდა კოალიცია ”ქართული ოცნება”, რომლის წარმომადგენელი ცესკოში ზურაბ მარაქველიძე გვეუბნება, რომ არსებობს ვიდეომასალა, რომელშიც კარგად ჩანს, რომ იქ არანაირი სამხედრო ნაწილი არ იმყოფება:

”იქ რემონტი მიმდინარეობს და არც არანაირი სამხედრო ნაწილი იქ არ არის. ცესკომ ჩვენი საჩივარი მაინც არ დააკმაყოფილა, ერთ-ერთმა წევრმა კი ისიც კი თქვა, თავდაცვის სამინისტროს მიმართეთ სასწრაფოდ, რომ ჯარისკაცები იქ ჩაიყვანონო.”

ვახტანგ ხმალაძე შიშობს, რომ სპეციალურ სიებში აღნუსხულ ადამიანებს, ისეთ საარჩევნო უბნებში რეგისტრირებულებს, რომლებიც არ წარმოადგენს სამხედრო ნაწილებს, სადაც მათ მუდმივად ყოფნა არ უწევთ, მარტივად შეუძლიათ, მითითების შემთხვევაში, ხმის ორგზის მიცემა - სპეცუბანზე და იმ უბანზე, სადაც ცხოვრობენ:
ვახტანგ ხმალაძე

ვახტანგ ხმალაძე


”ეს საშიშროება რეალურია, რადგან დღემდე ჩვენ ვითხოვთ სპეცსიებში შეყვანილი ადამიანების სიებს, ვინ არიან ეს ადამიანები. გვინდა შევამოწმოთ, შესრულებულია თუ არა კანონის მოთხოვნა, რომ თუ პირი შეყვანილია სპეცსიაში, მაშინ საარჩევნო უბანში, ძირითად სიაში, უნდა გაკეთდეს საგანგებო ჩანაწერი: ”გადაყვანილია სპეციალურ სიაში” და ის ამ უბანზე ხმას ვეღარ მისცემს. თუ ეს ჩანაწერი არ არის, ამ ადამიანებს შეუძლიათ ორჯერ მისცენ ხმა და ის 58 000 უცებ გახდეს ორჯერ მეტი ხმა, 116 000 ხმა.”

კიდევ ერთი პრობლემა, ”ქართული ოცნების” აზრით, კანონის არასწორი ინტერპრეტაციაა. კანონის თანახმად, სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი იმ შემთხვევაში მონაწილეობს როგორც მაჟორიტარულ, ასევე პროპორციულ საარჩევნო სისტემის არჩევნებში, თუ ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საარჩევნო უბანი სხვა ოლქშია და თვითონ სხვაგან ცხოვრობს, მას უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს მაჟორიტარული სისტემის არჩევნებში. თუმცა საარჩევნო კომისიები საპირისპიროს ამტკიცებენ - სპეციალურ სიაში შეყვანილ ადამიანებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარულ არჩევნებშიცო:

”კანონში შავით თეთრზე წერია, რომ თუ სხვა ოლქის მცხოვრებია სამხედრო მოსამსახურე და ხმას აძლევს სპეცუბანზე, ის მონაწილეობს მხოლოდ პროპორციული წესით არჩევნებში. მიუხედავად ამისა, მაინც ჯიუტად ცდილობენ სამხედრო მოსამსახურეებს ხმა მაჟორიტარულ არჩევნებშიც მიაცემინონ.”

არჩევნების გაყალბების მეთოდებზე საუბრისას საარჩევნო საკითხებში თითქმის ყველა ექსპერტი სპეცუბნებს ასახელებს. ერთ-ერთი მათგანი, ნინა ხატისკაცი, ამბობს, რომ ძალიან ხშირად სამხედრო მოსამსახურეებს იმ უბნებზე გადაისვრიან, სადაც მმართველ პარტიას მაჟორიტარი კანდიდატის გამარჯვებაში ეჭვი ეპარება:
ნინა ხატისკაცი

ნინა ხატისკაცი


”ასეთ უბნებზე, როგორც წესი, წინასწარ გაფრთხილებულები არიან, რომ კონკრეტული ერთი პარტიის სასარგებლოდ უნდა მისცენ ხმა და, ესეც რომ არ იყოს, სამხედრო ნაწილებში ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკური ძალების შესახებ ნაკლებად აქვთ ხოლმე.”

რადიო თავისუფლება ეცადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილისგან მიეღო პასუხი სპეცუბნებთან დაკავშირებით დაგროვილ კითხვებზე, მაგრამ დღის ბოლოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გვითხრეს, რომ სხვადასხვა კანდიდატს შესაძლოა კანონის ამა თუ იმ ნორმის თავისი საკუთარი ინტერპრეტაცია ჰქონდეს, რაზეც ცესკო კომენტარს არ გააკეთებს. ვახტანგ ხმალაძის განცხადებებს კი ცესკო პოლიტიკურ განცხადებებად მიიჩნევს და ასევე არ გამოეხმაურება.
XS
SM
MD
LG