Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები კონფლიქტების მოსაგვარებლად


ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და კონფლიქტების მოგვარება ყველა პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტული ნაწილია. ვინ რუსეთის გვერდის ავლით ხედავს პრობლემის გადაჭრის გზებს, ვისთვის კი, პირიქით, რუსეთთან ურთიერთობის ”დალაგებაა” გამოსავალი. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის ხედვა თანხვდენილია იმაში, რომ კონფლიქტები მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. ვნახოთ, ვინ რას გულისხმობს უფრო კონკრეტულად და რას სთავაზობენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს.

“ახალი მემარჯვენეების” საარჩევნო პროგრამის იმ ნაწილში, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეხება, ნომერ პირველ ამოცანად ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია, იქ მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო რეინტეგრაცია და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის აღდგენაა დასახელებული. ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის თქმით, ისინი არასოდეს უჭერდნენ მხარს კონფლიქტების სამხედრო გზით მოგვარების იდეას. მას მაგალითად მოჰყავს დასავლეთ გერმანია, რომელმაც წლების განმავლობაში აღმოსავლეთ გერმანიისათვის მიმზიდველი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება შეძლო, რაც გახდა კიდეც დანარჩენი გერმანიისათვის მისი დასავლეთი ნაწილისაკენ ლტოლვისა და შეერთების წინაპირობა:

”ჩვენც ზუსტად ასე, ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს უნდა გავუჩინოთ ის დამოკიდებულება, რომ საქართველოსთან ერთად, ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება მათთვის მიმზიდველია, რადგან ეს ნიშნავს მათი უფლებების დაცვას, ძლიერ სოციალურ გარანტიებს, კარგ საპენსიო სისტემას, განათლების სისტემას.”

”ახალი მემარჯვენეების” პროგრამაში ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნების გეგმები პუნქტობრივად ასე გამოიყურება:

ქვეყნის უსაფრთხოებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანება;

საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება;

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა. ამ მისიამ უნდა მოიცვას ოკუპირებული ტერიტორიებიც, როგორც განსაზღვრულია მისი მანდატით;

ჩვენ ერთგული დავრჩებით საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა.


”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუსეთთან მოლაპარაკების განახლებას, სარკოზი-მედვედევის 7-პუნქტიანი გეგმის შესრულების მოთხოვნით. ეს პოლიტიკური ძალა მიიჩნევს, რომ საჭიროა გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკა. ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, ასევე ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად გასათვალისწინებელია ის საფრთხეები, რომელიც საქართველოს და რუსეთს ერთნაირად ემუქრება, რელიგიური ექსტრემიზმისა და ფუნდამენტალიზმის სახით.

კონფლიქტების მოგვარების და, ზოგადად, ეროვნული უსაფრთხოების გარანტად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და რუსეთისგან მაქსიმალურ დისტანციას მიიჩნევს.

პირიქით, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაში დევს კონფლიქტების მოგვარების გასაღები ”ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიასათვის. ის ფიქრობს, რომ საქართველომ უნდა მოძებნოს ის კომპრომისი რუსეთთან, რომელიც მას ქვეყნიდან საკუთარ სამხედრო ძალებს გააყვანინებს.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხედვით, კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, აცხადებს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით დარჩიაშვილი, უმთავრესი იარაღი ამ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართალია:

”სხვა დასაყრდენი ჩვენ არ გვექნება. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რუსეთთან - კონკრეტულად კი, კრემლთან - შესაძლებელია მეგობრობის ფორმულის მოგონება, რომელიც ჩვენს პრობლემას მოგვაგვარებინებს, თუკი სამართალს არ დავეყრდენით? მეორე, ჩვენ გვაქვს ჩართულობის სტრატეგია, რომელიც სწორედ მაგას გულისხმობს, რომ შევთავაზოთ მათ რაღაცები - ჰუმანიტარული, ეკონომიკური ხასიათის - ადამიანური ურთიერთობების დონეზე და არის კიდეც გადადგმული ნაბიჯები ამ მხრივ, მაგრამ თუ ჩვენ სამართალზე უარს ვიტყვით და ტერმინ ”ოკუპაციის” საზღვარგარეთ გატანაზე უარს ვიტყვით, მაშინ ეგ პროექტები არასოდეს არანაირ შედეგს არ მოიტანს.”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით, რისთვისაც აუცილებელია შემდეგი პოლიტიკის გატარება: ქვეყნის საერთო ეკონომიკურ-ინსტიტუციონალური განვითარება და რეფორმებით მიღწეული წარმატებების განმტკიცება; პარტნიორებთან ერთად რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური ზეწოლის გაგრძელება; რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ერთმანეთისაგან განცალკევებულ თემებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა; ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩართვა საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში; ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება, რაც შესაძლებლობას გახდის გამყოფ ხაზებს შორის მოსახლეობის მიმოსვლას და საქონლის მოძრაობას; ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჯანდაცვის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდა ოკუპაციის ზონაში მცხოვრები ადამიანებისათვის; ერთობლივი პროექტებისა და საქმიანობების მხარდაჭერის მეშვეობით თავისუფალი გადაადგილება.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია, იქ მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო რეინტეგრაცია და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის აღდგენა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ცეცხლის განუახლებლობის შესახებ და მივესალმებით ყველა რეალისტურ სამშვიდობო წინადადებასა და ინიციატივას, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთნ მუდმივი და ინტენსიური კონტაქტი ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენის პროცესის დაჩქარებას. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება შესაბამისი ფორმატებითა და წამახალისებელი მექანიზმების გამოყენებით, რაც ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დაახლოებას ქვეყნის დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლებთან. ჩართულობის პოლიტიკის წარმატებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა კოორდინირების გზით.


ლეიბორისტული პარტია საკუთარ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მათი არჩევის შემთხვევაში ”დაუყოვნებლივ შეჩერდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საბოლოო დაკარგვის საფრთხე”. საიტზე www.partiebi.ge, სადაც ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო პროგრამაა გამოქვეყნებული, ვკითხულობთ, რომ ლეიბორისტები საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევენ აღადგინონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ყველა დევნილი, იძულებით გადაადგილებული პირი დააბრუნონ საკუთარ კერაზე; ასევე, ”ყველა პირობა შექმნან აფხაზ და ოს ხალხთან მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანაცხოვრებისთვის”.

რაც შეეხება კოალიცია ”ქართული ოცნების” გეგმებს, მისი ერთ-ერთი წევრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, გვეუბნება, რომ მათი ამოცანაა მინიმუმადე დაიყვანონ რუსეთის გავლენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე და, ყოველგვარი მოთელვისა და გაცნობის გარეშე, მათთან პირდაპირ კავშირზე გავიდნენ. მისივე თქმით, გალის და ახალგორის რაიონების ტერიტორიაზე უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი პროვოკაციები და ეს რეგიონები გამოცხადდეს მშვიდობიან რეგიონებად. ”ქართული ოცნება” გეგმავს აფხაზები და ოსები ჩართონ საერთაშორისო პროექტებში და ამით, როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, თავი მსოფლიოს ნაწილად აგრძნობინონ.

”ჩვენ, რა თქმა უნდა, გავხსნით ადმინისტრაციულ საზღვრებს: იარონ ადამიანებმა და გადაადგილდეს ტვირთები. ჩვენ ვაღიარებთ, რომ გალის რაიონსა და ახალგორში დევნილთა ნაწილი დაბრუნებულია და, შესაბამისად, მკაფიოდ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაქციონ მათ მეტი ყურადღება და მათზე მეტი რესურსი დაიხარჯოს. გავა რამდენიმე წელი და აფხაზურ და ოსურ მხარეებს მოვთხოვთ დაიწყოს დევნილების დაბრუნება. პარალელურად, ჩვენ ეკონომიკურ პროექტებს წამოვიწყებთ, შევქმნით ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ერგნეთის ბაზრობის ტიპის თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს და დავიწყებთ ქართული პროდუქციის გატანასაც. მათ პასპორტებს ვცნობთ საქართველოს შიდამოხმარების დოკუმენტებად, როგორც საქართველოს მოქალაქეების პირადობის მოწმობებს. ვცნობთ მათი მანქანების ნომერს - იარონ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ივაჭრონ.. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ მათ უპრობლემოდ გადმოლახონ ადმინისტრაციული საზღვარი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გარდა მათი დამოუკიდებლობის აღიარებისა.”

”უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს ამ კონფლიქტების სწრაფი, ძალისმიერი (სამხედრო), ცალმხრივი გადაჭრა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარების მომხრე ვართ. ჩვენი სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს უშუალო კონტაქტებს, პირდაპირ დიალოგს, ნდობის აღდგენას და შერიგებას აფხაზებსა და ოსებთან.

აუცილებელია პირდაპირი კონტაქტების, სახალხო დიპლომატიის, ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირების მხარდაჭერა. პირველ ეტაპზე ყურადღებას გავამახვილებთ ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, განათლების, ჯანდაცვის, კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე; ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად შევიმუშავებთ ომით გახლეჩილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთობლივ ინფრასტრუქტურულ პროგრამებს. სწორედ ჩვენ ვიქნებით ასეთი პროგრამების ინიციატორი და ხელშემწყობი.

ამ პროცესში შესაძლებელია გერმანიამ შეასრულოს მედიატორის როლი. კარგი იქნებოდა, აგრეთვე, ვიშეგრადის ფონდის გამოყენება.

ამავე დროს, მაქსიმალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად, უნდა გააქტიურდეს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრ სახელმწიფოსთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურღვეობის საკითხთან დაკავშირებით, რათა გაგრძელდეს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა.

კონფლიქტების რეგიონებში ვითარების მონიტორინგის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამშვიდობო პროცესების აღდგენის მიზნით, გამოყენებული უნდა იყოს ყველა საერთაშორისო ფორმატი, კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და სპეციალიზებული სააგენტოების, ევროსაბჭოს, ეუთოს, ევროკავშირის ფორმატები. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკების პროცესისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სრულფასოვანი ფუნქციონირება.

აუცილებელია თანმიმდევრული მუშაობის წარმართვა, კერძოდ, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გზით, რეგიონიდან რუსეთის სამხედრო ძალების გასაყვანად და იქ საერთაშორისო დამკვირვებლების დასაბრუნებლად.”


ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ კონფლიქტების მოგვარების საკითხს ცალკეული პარტიების საარჩევნო პროგრამაში გარკვეული ადგილი უკავია, თუმცა შედარებისათვის ის ”ქართული ოცნებისა” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხედვებს ირჩევს:

”ივანიშვილის პროგრამა ამბობს, რომ მაქსიმალური აქცენტი უნდა გაკეთდეს რუსეთთან კომპრომისების მიღწევაზე და, მეორე, აფხაზებისა და ოსების შემორიგებაზე ყველა სახის გახსნილობით და ურთიერთთანამშრომლობის გზით. „ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამა აქცენტს აკეთებს საერთაშორისო ჩართულობის პროცესში ზეწოლაზე და, ამავე დროს, ისევ თავისი სტრატეგიიდან გამომდინარე, კონკრეტულად აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობაზე. მე აქ ხაზს გავუსვამდი ერთ დეტალს: როდესაც საუბარია აფხაზეთსა და ოსეთთან ურთიერთობაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ აქცენტს აკეთებს მოსახლეობის ჩართულობაზე და არა თანამშრომლობაზე მათ რეჟიმებთან, ხოლო „ქართული ოცნების“ პროგრამიდან ფარულად ჩანს, რომ ისინი არიან თანახმა რაღაცნაირად ითანამშრომლონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG