Accessibility links

logo-print
13 ოქტომბერს, გორის, ხაშურისა და სიღნაღის ოლქების 11 უბანზე განმეორებითი კენჭისყრის წინა დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. საუბარია სერგო (ბაჩო) ქიტიაშვილზე, რომელიც პრობლემებით გამორჩეულ ხაშურის ერთმანდატიან ოლქში ”ქართული ოცნების” კანდიდატს - ვალერი გელაშვილს - უპირისპირდებოდა. როგორ ვითარდება მოვლენები, როგორია მოლოდინი და რას ფიქრობენ მეთვალყურეები?

ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძვლად ქიტიაშვილი ოპონენტთა მხრიდან გამოვლენილ ძალადობას ასახელებს:

”გრძელდება აგრესია, დაუფარავი აგრესია როგორც ჩემი შტაბის წევრების, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ. ამ პირობებში ხაშურში ჩვენი მონაწილეობა საარჩევნო პროცესში შეუძლებლად მიმაჩნია და სწორედ ამიტომ - ჩემს მეგობრებთან ერთად როგორც ხაშურში, ასევე თბილისში - მე გადავწყვიტე უარი ვთქვა მონაწილეობაზე განმეორებით დანიშნულ არჩევნებში ხაშურის რაიონში. გამოვთქვამ იმედს, რომ თითოეული ეს ძალადობა, თითოეული შანტაჟი არ დარჩება უყურადღებოდ.”

სერგო ქიტიაშვილი - 2008 წლის მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ხაშურიდან - საარჩევნო ბრძოლას ამჯერად, როგორც თავად ამბობს, დამნაშავეთა დასჯის იმედით გამოეთიშა. თუმცა ეს მთავარი კონკურენტისთვის გზის იოლად დათმობასაც ნიშნავს, რადგანაც ამგვარი გადაწყვეტილება ბრალდებების მთავარი ადრესატის, ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ვალერი გელაშვილის გამარჯვებას განაპირობებს. გასათვალისწინებელია, რომ, ხელახალ არჩევნებამდე არსებული შედეგის მიხედვით, გელაშვილი დაახლოებით 4 ათასი ხმით უსწრებს ქიტიაშვილს.
ლელა ტალიური

ლელა ტალიური


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სერგო ქიტიაშვილის გადაწყვეტილების მიუხედავად, განმეორებითი არჩევნები 14 ოქტომბერს მაინც ჩატარდება ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქის 9 უბანზე, რომელთა შედეგებიც ბათილად იქნა ცნობილი. მეტად სადავო შედეგების გაბათილებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სააპელაციო სასამართლოში მიაღწია. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ლელა ტალიური ეუბნება რადიო თავისუფლებას, 1 ოქტომბრის არჩევნებზე დარღვევები და ძალადობა იოლად დასანახი იყო:

”ადგილი ჰქონდა მუქარას, იარაღის გამოყენებით იძულებას კომისიის წევრებისა, რომ მათ მოეწერათ ხელი ცარიელ ოქმებზე; შემდეგ მოხდა საარჩევნო დოკუმენტაციების გატანა უბნებიდან სპეციალური დანიშნულების რაზმების დახმარებით და სერიოზული გაყალბება მოხდა უბნებზე.”

1 ოქტომბერს და კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში ხაშური ვითარების უკიდურესად დაძაბვის ზღვარზე აღმოჩნდა - შეიარაღებული ნიღბიანების გამოჩენამ ხალხი პანიკაში ჩააგდო. ჯაჭვური რეაქციით განვითარებულ მოვლენებში აშკარად აქტიურობდნენ სასულიერო პირები, რომელთა მოქმედებებიც ზოგ შემთხვევაში სარისკო იყო, სიტუაციის გამწვავების თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანია,რომ განსაკუთრებით ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი ჩატარდეს მშვიდად, რათა ამომრჩეველთა ნება ადეკვატურად აისახოს შემაჯამებელ ოქმებში და არ მოხდეს ამ ოქმების გაყალბება...

ტალიური იმედოვნებს, რომ 14 ოქტომბერს განმეორებითი კენჭისყრის პროცესი, ხაშურის 9 უბნის გარდა, მშვიდად და სამართლიანად ჩაივლის გორისა და სიღნაღის საარჩევნო ოლქების თითო-თითო უბანზეც. კენჭისყრის პროცესებს საიას 15 წარმომადგენელი მეთვალყურეობს:

”მნიშვნელოვანია,რომ განსაკუთრებით ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი ჩატარდეს მშვიდად, რათა ამომრჩეველთა ნება ადეკვატურად აისახოს შემაჯამებელ ოქმებში და არ მოხდეს ამ ოქმების გაყალბება.”

თუკი ხაშურის ოლქის საკითხი თითქმის უკვე გადაწყვეტილია, ”ქართული ოცნება” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2 მაჟორიტარული მანდატისთვის იბრძოლებენ სიღნაღსა და გორში. აქვე ვთქვათ, რომ ”ქართული ოცნების” კანდიდატ მალხაზ ვახტანგაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ტატიშვილის შედეგებს შორის არსებული მცირე განსხვავების გამო, 14 ოქტომბრის კენჭისყრას 32-ე საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. 14 ოქტომბრის კენჭისყრა გადამწყვეტია სიღნაღისთვისაც: მე-13 ოლქის მე-5 საარჩევნო უბანზე არჩევანი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ლევან ბეჟაშვილსა და ”ქართული ოცნების” კანდიდატ გელა გელაშვილს შორის უნდა გაკეთდეს.

ამ დროისთვის ”ქართული ოცნება” კვლავაც აპროტესტებს 1 ოქტომბრის არჩევნების კიდევ არაერთ ოფიციალურად აღიარებულ შედეგს. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი კვლავაც ზუგდიდზე კეთდება, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიამ საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა და ”ქართული ოცნება” და მისი კანდიდატი ირაკლი ალასანია დამარცხებულად გამოაცხადა. მართალია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა ძალამ შესაძლოა დამატებით კიდევ რამდენიმე სადეპუტატო მანდატის მოპოვება შეძლოს, მაგრამ ის მაინც ვერ მოაგროვებს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო 100 მანდატს. ამ ფონზე ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები აკეთებენ მინიშნებას, რომ ისინი 2012 წლის მოწვევის პარლამენტში თანამოაზრეების მოძიებას ”ნაციონალური მოძრაობის” რიგებში შეეცდებიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG