Accessibility links

logo-print

1 მარტიდან კახეთში დენის საფასური 4 თეთრით გაძვირდება და მოსახლეობა 1 კვ ელექტროენერგიაზე, 13-ის ნაცვლად, 17 თეთრს გადაიხდის, ბუნებრივი აირი კი მხოლოდ თელავის მოსახლეობის ნაწილისთვის 11 თეთრით ძვირდება. მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ტარიფის გაიაფებას ელოდნენ, პირიქით კი მოხდა.

დაახლოებით ერთ თვეში კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგია 4 თეთრით გაძვირდება. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, სუბსიდირების პროგრამა დასრულდა, ამიტომ პირველი მარტიდან მოსახლეობა შეღავათით ვეღარ ისარგებლებს და ელექტროენერგიაში, 13-ის ნაცვლად, 17 თეთრს გადაიხდის. განცხადება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ გააკეთა:

„მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის საფასური, კერძოდ, მათი, ვისი მოხმარებაც ერთი თვის განმავლობაში 301 კვ საათს არ აღემატება, გაუთანაბრდება საქართველოს სხვა რეგიონებში არსებულ ტარიფებს, ხოლო ვისი მოხმარებაც 301 კვ საათს აღემატება, მათი ტარიფები დარჩება უცვლელი, ანუ 17 თეთრი“.

გურჯაანელი ნანული ჩაფაშვილი ელექტროენერგიას ეკონომიურად მოიხმარს და, როგორც თავად ამბობს, თვეში 6 ლარის გადახდა უწევდა, ახლა კი ვარაუდობს, რომ 2 ლარით მეტის გადახდა მოუწევს. ამბობს, რომ მისი ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება:

„სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს გადაწყვეტილება იქნება კატასტროფის ტოლფასი. თვეში 6 ლარს ძლივს ვიხდიდი და ახლა კიდევ 2-3 ლარით მეტს როგორ გადავიხდი?! ისედაც ვზოგავდი ენერგიას. ხშირად გამორთული მაქვს და დაბალვოლტიან ნათურებს ვყიდულობ, ახლა კი გამოდის, რომ სულ უნდა გავთიშო“.

კახეთში რიგითი ადამიანები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ელექტროენერგიის ტარიფის განახევრებას ჰპირდებოდა, საპირისპიროდ კი მოხდა:

„ჩვენ გვახსოვს დაპირებები, რომ უნდა გაიაფებულიყო ელექტროენერგია, უფრო მეტიც, განახევრებულიყო დღეს არსებული ტარიფი, თუმცა ამათ გაიაფების ნაცვლად გააძვირეს. პირადად მე 5 ლარით გამიძვირდება და 20 ლარის გადახდა მომიწევს 1 მარტიდან. რა ვქნა, მაცივარი და სარეცხის მანქანა აღარ ვამუშაოთ?!“

„რა ვქნათ, ვის მივმართოთ?! გაჭირვება დიდია. პენსიას რომ ვიღებთ, მეორე დღეს უკვე აღარ გვაქვს. გაძვირებულ ტარიფს როგორღა გადავიხდით?!“

ეს, რაც შეეხება ელექტროენერგიას. ბუნებრივი აირი კი თელავის მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის ძვირდება. კომპანია "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია" 1 აპრილიდან 7000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის საფასურს 11 თეთრით გაუძვირებს.

კომპანიის სერვისცენტრის დირექტორის დავით ჯირმიზაშვილის თქმით, ცვლილება მხოლოდ იმ აბონენტებს შეეხებათ, რომლებმაც ბუნებრივი აირი სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს.

ჯირმიზაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტარიფს არ გაზრდიდა, შესაძლოა, ბუნებრივი აირის ყიდვა ვეღარ მოეხერხებინა. ადგილობრივი მცხოვრებნი ბუნებრივი აირის გაძვირებას აპროტესტებენ და გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ამისთვის მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

„პროტესტს ვაცხადებთ. ხალხი ისედაც გაჭირვებულია და ახლა ბუნებრივ აირს 11 თეთრით გვიძვირებენ. ეს ხომ დიდი თანხაა?! ახლა ხელმოწერებს ვაგროვებთ, რომ სამინისტროში გავგზავნოთ. დაკლებას ხომ არ ვითხოვთ, ასე მაინც დარჩეს! სხვა შემთხვევაში პროტესტს გავაგრძელებთ!" - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მცხოვრებმა მამაკაცმა.

ოპოზიციური პარტიები არ გამორიცხავენ, რომ, კახეთის რეგიონში ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ფასების გაზრდის გამო, გაზაფხულიდან ხალხთან ერთად აქციები გამართონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG