Accessibility links

logo-print

ანაკლია-განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალისთვის სამზადისი მიმდინარეობს


ანაკლია

ანაკლია

ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და დევნილთა განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ანაკლია-განმუხურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, სადაც 30 ივლისიდან, 7 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Gem fest“ უნდა გაიმართოს. ანაკლიაში უკვე დამონტაჟებულია რამდენიმე სცენა, ეწყობა კარვების ქალაქი, კვების ობიექტები, მონტაჟდება ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, უკვე ამუშავდა ფესტივალის ტერიტორიაზე არსებული აკვაპარკიც. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყველა პირობაა იმისთვის, რომ ფესტივალი მაღალ დონეზე ჩატარდეს:

„ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაოა ჩატარებული. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა, აი, ამ სამუშაოში. აქ ჩატარდება ძალიან მაღალი დონის ფესტივალი. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ჩამოვიდეს. იქნება ძალიან მაღალი ხარისხის მუსიკა და ძალიან სასიამოვნო გარემო, რათა გაატარონ დრო 30-დან 7-ის ჩათვლით“.

„Gem fest“-ის ორგანიზატორის გიორგი სიგუას თქმით, ანაკლიაში ხელისუფლების, კერძო სექტორისა და ახალგაზრდების ჩართულობით იქმნება საქართველოს სავიზიტო ბარათი, რომელიც მსოფლიო ფესტივალებს შორის თავის ადგილს დაიკავებს. ის ფესტივალის სტუმრებს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება:

„კარვების ქალაქი მზადდება, დაახლოებით, 4 000 ადამიანზე. მოსულები არიან ადამიანები, რომლებიც დღევანდელ ღამეს კარვებში გაათევენ. დაწყებულია კარვების ქალაქის აწყობა. ჩვენ გავითვალისწინეთ შარშანდელი შეცდომები და კარვები უკვე იზოლირებული და ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება. დაცვა იქნება ადგილზე უზრუნველყოფილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს პროექტის მენეჯერმა ლაშა წურწუმიამ.

გასულ წელს ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „კაზანტიპი“ ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი უკრაინული კომპანია იყო. შარშან ფესტივალმა წინასწარ დაანონსებული შედეგი ვერ გაამართლა, ვერც ტურისტების რაოდენობისა და ვერც მოწყობილი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. „კაზანტიპის“ სტუმრები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ფესტივალის ტერიტორიაზე არსებული მაღალი ფასების გამოც. „Gem fest“- ის ორგანიზატორები „კაზანტიპს“ ემიჯნებიან და აცხადებენ, რომ მათი სტუმრები სამეგრელოდან უკმაყოფილონი არ წავლენ. ორგანიზატორთა დაპირებების პარალელურად, ანაკლიელები სრულ მზადყოფნას აცხადებენ. სტუმრების მისაღებად მზად არის სასტუმროებიც და კერძო სექტორიც.

ანაკლიაში ცხრადღიანი მუსიკალური ფესტივალი 30 ივლისს დაიწყება და 7 აგვისტომდე გასტანს. ამ ხნის განმავლობაში „Gem fest“-ზე ელექტრონული მუსიკის მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგულ 100-მდე ვარსკვლავს ელოდებიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG