Accessibility links

logo-print

თეონა ევდეევი ფსიქოლოგია. ორი წლის წინ შემთხვევით აღმოაჩინა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ და გადაწყვიტა საიტზე განეთავსებინა სამეცნიერო ჟანრის ლიტერატურა, კონკრეტულად კი, ფსიქოლოგიის დარგში. დაუკავშირდა საიტის ადმინისტრაციას და ასეთი რამ შესთავაზა: “იქნებ კერძო პირისგანაც მიიღოთ ელექტრონული წიგნი-მეთქი და მითხრეს, სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ ახლა და რამდენიმე დღეში დაგიკავშირდებითო”.

შეიძლება ითქვას, რომ თეონა ევდეევი იყო ერთ-ერთი, მოდით ასე ვუწოდოთ, ელექტრონული ავტორი, რომელმაც ელექტრონული წიგნების საიტზე თავად, გამომცემლობის გვერდის ავლით, თარგმნა და გამოაქვეყნა იგორ კონის „ქალის და მამაკაცის სექსუალობა“, რომელიც საიტზე მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად წიგნად. თეონა ევდეევს „საბაზე“ სამი წიგნი აქვს გამოქვეყნებული და სამივე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. წიგნების ფასი 3 ლარამდეა. როგორც თეონა მეუბნება, მართალია, გაყიდვიდან შემოსული თანხით ცხოვრებას ვერ ააწყობს, მაგრამ მისთვის თარგმანების ელექტრონულ საიტზე განთავსების მიზანი ეს არც ყოფილა. მისი სურვილი იყო ფსიქოლოგიითა თუ სექსოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს ამ დარგებზე სწორი ინფორმაცია მიეღოთ. თეონა ევდეევის თარგმანი „სოციალური ფსიქოლოგია“, რომლის ავტორიცაა დევიდ მაიერსი, ელექტრონული წიგნების საიტზე „საბა“ 2014 წლის ბესტსელერად იქცა: “ეს წიგნი მოიცავს ინფორმაციას, კვლევებს, ექსპერიმენტის შედეგებს იმაზე, თუ როგორ რომელი მეთოდები ჭრის ყველაზე მეტად ადამიანების დარწმუნების დროს. ეს ისეთი ინფორმაციაა, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის სასარგებლოა”.

თუკი წლების წინ მეტროსა თუ ავტობუსებში კითხვის მოყვარული ადამიანები სქელ თუ თხელ წიგნებში თავჩარგულები ისხდნენ და შეიძლება ხშირად საკუთარ გაჩერებასაც კი სცდებოდნენ, დღეს სულ უფრო და უფრო ხშირად შეხვდები ადამიანს, რომელსაც თავი ან ტელეფონში აქვს ჩარგული, ან ე.წ. „ტაბლეტში“, ან „კინდლში“, ან, რა ვიცი, კიდევ სხვა რომელიმე ელექტრონულ მოწყობილობაში, სადაც დღეს, მაგალითად, 500-გვერდიანი წიგნების კითხვა პრობლემას აღარ წარმოადგენს. რვა წლის წინ ელექტრონული კომერციის გიგანტმა „ამაზონმა“ „კინდლი“ - ელექტრონული წიგნის წამკითხავი მოწყობილობების სერია - შექმნა. ფურცლის ეფექტის მქონე თხელი, მსუბუქი მოწყობილობა, მალევე მოექცა კითხვის მოყვარულთა ინტერესის სფეროში და სულ მალე „ამაზონზე“ ელექტრონული წიგნების გაყიდვა გაუთანაბრდა ბეჭდური წიგნების გაყიდვას. დღეს „კინდლის“ გარდა, მაგალითად, ვიქტორ ჰიუგოს სქელტანიანი რომანი თუ ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომი“ შეგიძლია წაიკითხო შენს ანდროიდ თუ IOS მოწყობილობებში. ამ მოწყობილობებისთვის კი დღეს ქართულ ინტერნეტსივრცეში ორი ელექტრონული წიგნების პლატფორმა მუშაობს „Saba“ და „lit.ge“.

ირინა ჯავახაძე

ირინა ჯავახაძე

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ 2012 წელს „თიბისი ბანკის“ ინიციატივით შეიქმნა. ის დღეს ქართულ ენაზე გამოცემულ მრავალფეროვან ლიტერატურას აერთიანებს, მათ შორის - ქართული და უცხოური კლასიკის შედევრებს, თანამედროვე ლიტერატურულ ბესტსელერებსა და ლიტერატურული კონკურსის, „საბას“, ნომინანტ და ლაურეატ ელ. წიგნებს. პორტალის დირექტორი ირინა ჯავახაძე გვეუბნება, რომ დღითი დღე მატულობს როგორც წიგნების, ისე მკითხველის რაოდენობა. „საბა“ დღეს მომხმარებელს 2 500-მდე ელექტრონულ წიგნს სთავაზობს, რაც, შარშანდელთან შედარებით, 1 500 წიგნით მეტია: “სამი წლის საქმიანობას თუ შევაფასებთ, ყოველთვიურად იზრდება როგორც დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა, ისე აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, გაყიდული ელექტრონული წიგნების რაოდენობა. ჩვენც ვვითარდებით წლიდან წლამდე. ჩვენ გვაქვს ყველა მოწყობილობისთვის ჩვენი საბარიდერი. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქტიც განვითარდა როგორც ჟანრობრივად, ისე შინაარსის თვალსაზრისით”.

ირინა ჯავახაძის თქმით, ელექტრონულ წიგნებზე მოთხოვნა მატულობს, რაზეც გაყიდული წიგნების რაოდენობაც მეტყველებს. რაც შეეხება მყიდველთა ასაკს, მათი ასაკი ძირითადად 24-დან 44 წლამდე მერყეობს. მისივე თქმით, წიგნის შესაძენად საიტი მეტად მოქნილია და ის დისკომფორტს არ უქმნის მყიდველს: “ორი წუთი სჭირდება რეგისტრაციას და ამისათვის საჭიროა მხოლოდ ელექტრონული ფოსტა და სახელისა და გვარის მითითება. შემდეგ გადადის მომხმარებელი კატალოგში, არჩევს სასურველ წიგნს. იმისათვის, რომ გავუმარტივოთ მომხმარებელს ეს პროცესი, გვაქვს 30-მდე ჟანრი, ფსიქოლოგიური წიგნები, პროფესიული ლიტერატურა, პოეზია, მოთხრობა, თარგმნილი პროზა, ბიოგრაფია, ისტორიული და ა.შ. გადახდასაც დაახლოებით ერთი წუთი სჭირდება”.

ელექტრონული წიგნების ერთ-ერთი უპირატესობა შეიძლება იყოს ის, რომ, მაგალითად, ელექტრონული წიგნების სახლში „საბა“ მათი ღირებულება, გამომცემლობებთან შეთანხმების საფუძველზე, ბეჭდურ წიგნთან შედარებით, 20 %-ით ნაკლებია. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა წიგნების 50 %-ით ნაკლებად შეძენაც. კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც ელექტრონულ წიგნებს ახასიათებთ, ეს საზღვრების არქონაა. ელექტრონული მაღაზიების ხელმძღვანელები ერთხმად ამბობენ, რომ განსაკუთრებით ბევრი მომხმარებელი მათ მაღაზიებს სწორედ უცხოეთიდან, დიასპორიდან ჰყავთ.

პაატა სირბილაძე, პირველი ელექტრონული წიგნების მაღაზიის Lit.ge-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, დარწმუნებულია, რომ აუცილებლად დადგება დრო, როცა ელექტრონული წიგნები ჩაანაცვლებენ ბეჭდურ წიგნებს, თუნდაც იმის გამო, რომ ნელ-ნელა იხვეწება ის ფუნქციები და შესაძლებლობები, რომლებიც ელექტრონულ წიგნებსა და მათ საკითხავ მოწყობილობებს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მოთხოვნა ბეჭდურ წიგნებზე კვლავაც დიდია მთელ მსოფლიოში, - თუ არ ჩავთვლით ინგლისურენოვან ქვეყნებს, სადაც ელექტრონულმა წიგნებმა გადაასწრო გაყიდვის რაოდენობით ბეჭდურ წიგნებს, სხვაგან ეს ტემპი გაცილებით დაბალია, - პაატა სირბილაძის თქმით, ეს პროცესი შეუქცევადია: “ეს ნიშნავს იმას, რომ მუდმივად გაიზრდება ელექტრონული წიგნების ხვედრითი წილი და რაღაც მომენტში ნაბეჭდი წიგნი გახდება ისეთივე იშვიათობა, როგორც დღეს არის პერგამენტი, პაპირუსი და ა.შ. ეს შეუქცევადი პროცესია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რადგან ელექტრონულ წიგნს აქვს ბევრი ისეთი თვისება და მახასიათებელი, რომელთა გამოც მას ტრადიციული წიგნები კონკურენციას ვერ უწევენ. მაგალითად, ეს არის წიგნში ჰიპერტექსტი. ჰიპერტექსტი ეს არის ტექსტი, რომელშიც ნავიგაციაა შესაძლებელია. ეს არის ჩვეულებრივი ვებგვერდი, სადაც არის განთავსებული ბმულები, რომლიდანაც გადადიხარ კიდევ სხვა ინფორმაციაზე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ დღეს ელექტრონული წიგნები სამგანზომილებიანია”.

პაატა სირბილაძის თქმით, დღეს უკვე გაჩნდა საშუალება, რომ ელექტრონულ წიგნში ინტეგრირებული იყოს შესაბამისი აუდიო თუ ვიდეო შიგთავსი. მისი სიტყვებით, ეს წიგნის ხვალინდელი დღეა. რაც შეეხება გამომცემლობებისა და ავტორების დაინტერესებას ჰქონდეთ ელექტრონული წიგნები, პაატა ამბობს, რომ ამ მხრივაც შეცვლილია ტენდენცია და თუკი სამი-ოთხი წლის წინ ელექტრონულ წიგნებს გამომცემლობები ერთგვარ კონკურენტებად მოიაზრებდნენ, დღეს ისინი ასე აღარ ფიქრობენ: “ეს არის დამატებითი შესაძლებლობა მათთვის როგორც გასაღების ბაზრის, ისე პოპულარიზაციის. რადგან გაცილებით მარტივია ელექტრონული წიგნის პოპულარიზაცია იგივე სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის საშუალებით, ვიდრე ნაბეჭდი წიგნის. შეგიძლია ადამიანს გაუზიარო ამ წიგნის ლინკი და ა.შ”.

შანსი არ არის ამის ჩანაცვლების. გამორიცხულია, რომ ბეჭდური წიგნი ოდესმე გაქრეს. მაგრამ ეს ყველაფერი ერთმანეთის თანადროული იქნება. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ვინც ელექტრონულ წიგნებს კითხულობს, ის ბეჭდურ წიგნს არასდროს წაიკითხავს. ეს ხომ რაღაც რელიგია და სექტა არ არის ელექტრონული თუ ბეჭდური წიგნების, რომ რაღაც მოსაზრებების გამო ეწინაღმდეგებოდნენ ერთმანეთს...

ასე ფიქრობს გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელი ზვიად კვარაცხელიაც. მისი გამომცემლობა აქტიურად თანამშრომლობს ელექტრონული წიგნების მაღაზიებთან და ფიქრობს, რომ ეს მათი გამომცემლობის წიგნებისათვის არის კიდევ ერთი გზა მკითხველამდე მისასვლელად: “მგონია, რომ თვითონ წიგნის პოპულარიზაციისათვის არის კარგი, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ელექტრონულად. ჩვენ ელექტრონული წიგნების მაღაზიებთან ერთად ვგეგმავთ არაერთ საგანგებო აქციას, განსაკუთრებულ ფასდაკლებებს ამა თუ იმ სერიის, ჟანრის თუ თემის გარშემო და ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ გაიყიდოს წიგნები”.

მწერალი ჯაბა ზარქუა თავადაც აქტიური მომხმარებელია ელექტრონული წიგნების და დაინტერესებულ მკითხველს მისი წიგნების ყიდვაც შეუძლია ელექტრონული წიგნების მაღაზიებში. ამბობს, რომ, მართალია, გაცილებით მოსახერხებელია მისთვის იკითხოს ელექტრონული წიგნები, მაგალითად, ტრანსპორტში, თუნდაც, ასევ ვთქვათ, წამოწოლილ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც თვლის, რომ ბეჭდური წიგნი თავის ხიბლს არასდროს დაკარგავს: “შანსი არ არის ამის ჩანაცვლების. გამორიცხულია, რომ ბეჭდური წიგნი ოდესმე გაქრეს. მაგრამ ეს ყველაფერი ერთმანეთის თანადროული იქნება. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ვინც ელექტრონულ წიგნებს კითხულობს, ის ბეჭდურ წიგნს არასდროს წაიკითხავს. ეს ხომ რაღაც რელიგია და სექტა არ არის ელექტრონული თუ ბეჭდური წიგნების, რომ რაღაც მოსაზრებების გამო ეწინაღმდეგებოდნენ ერთმანეთს”.

ჯაბას აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბეჭდური წიგნები არასდროს დაკარგავენ თავის მომხიბვლელობას, არის ყდა, რომელიც ბეჭდური წიგნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნიშანია.

თუმცა ერთი რამ ფაქტია: დღეს სულ უფრო ხშირად შეხვდები სხვადასხვა ტიპის ელექტრონულ მოწყობილობაში თავჩარგულ ადამიანს, რომელიც გამალებით კითხულობს ტექსტს. და თუკი, მაგალითად, ის ვერ დააინტერესა სტენდალმა, თითების მარტივი მოძრაობით უელბეკზე გადაერთვება და ამისათვის სულაც არ სჭირდება წიგნების ჩანთით ტარება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG