Accessibility links

სასულიერო პირები ელექტრონული ბარათის ალტერნატივას მოითხოვენ


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლებს შეხვდა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლებს შეხვდა.

მართლმადიდებელ მოქალაქეთა კრებული იუსტიციის მინისტრს ელექტრონული მოწმობის ალტერნატიული დოკუმენტის შემოღებას სთხოვს. ამ მოთხოვნით სასულიერო პირებმა და მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლებმა თეა წულუკიანს 30 ათასი ხელმოწერა წარუდგინეს. მათივე განცხადებით, ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი ბარათი საზოგადოების ზომბირებას, ელექტრონული კონტროლის ქვეშ მოქცევასა და მათი უფლებების დარღვევას იწვევს.

”ჩვენ არ გვსურს შევერწყათ ანტიქრისტეს მსოფლიო სახელმწიფოს. ჩვენ არ გვსურს ანტიქრისტეს ელექტრონული ბარათი მისივე ბეჭდით. ჩვენ არ გვინდა 666”...

ეს არის ამონარიდი იმ ვიდეორგოლიდან, რომელიც მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრისას აჩვენა საზოგადოებას და სადაც მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ დაგმო ათონის წმინდა მთის კინოტმა და ასევე რუსეთის, უკრაინისა თუ სხვა ევროპული ქვეყნების მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა ელექტრონული პირადობის მოწმობის შემოღება. მიუხედავად მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის წარმომადგენლის ზაზა ნანობაშვილის სიტყვებისა, რომ ისინი ელექტრონულ პირადობის მოწმობაში დატანილი ე.წ. სატანის ბეჭდის შესახებ სასაუბროდ არ შეიკრიბნენ ქორთიარდ მარიოტში, მათი შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან სწორედ ამ კლიპის ჩვენებით გაიხსნა. ზაზა ნანობაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის სხვა მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებით, მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანებს უფლებები ელახებათ. ის ელექტრონულ პირადობის მოწმობას „კონტროლ ბარათს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის ბარათი მოქალაქეებს თავისუფლებას უკარგავს:

”ადამიანის ყველა ნაბიჯი ID ბარათზე აისახება - თუ სად შეხვედით დღის მანძილზე, სად იმოძრავე, სად რა შეიძინე, სად რა გააკეთე და ა.შ. - და მის გარეშე ფაქტიურად აღარ შეგიძლია ცხოვრება და მთავარი ღირებულება - ადამიანის ნება - იბღალება იმით, რომ ის მართვადი ხდება, ხდება ზომბირებული”.

ეს არის ანტიქრისტესნიშნიანი საბუთი, ელექტრონული ბარათი, რომელშიც ჩადებულია ჩიპი და თითოეული ჩვენგანის მახასიათებელი თვისებები არის შეტანილი ...

ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა საქართველოში 2011 წლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ბარათების აღება სავალდებულო არ არის, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ მოქალაქე მას ავტომატურად მიიღებს. ახალი ბარათის საშუალებით მის მფლობელს შესაძლებლობა აქვს გაააქტიუროს სამსახურებრივი, დაგროვების, სტუდენტური, სამგზავრო, აფთიაქების, ბანკების ან სხვა ტიპის ბარათები. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობები რელიგიური თვალსაზრისით მიუღებელია. მათ მოსაზრებას კი ამის თაობაზე იმ სასულიერო პირების ქადაგებებიც ამყარებს, რომლებიც ამბობენ, რომ ელექტრონული პიროდობის მოწმობის აღების შემთხვევაში მორწმუნეები ღმერთს შორდებიან. სწორედ ამის შესახებ საუბრობს თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იობიც:

”ეს არის ანტიქრისტესნიშნიანი საბუთი, ელექტრონული ბარათი, რომელშიც ჩადებულია ჩიპი და თითოეული ჩვენგანის მახასიათებელი თვისებები არის შეტანილი”...

10 იანვარს სასულიერო პირებმა და მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლებმა იუსტიციის მინისტრს იმ 30 ათასი ადამიანის ხელმოწერა წარუდგინეს, რომლებიც ახალ ხელისუფლებას ალტერნატიული დოკუმენტის შემოღებას სთხოვენ. წმინდა დემეტრე თავდადებულის ტაძრის წინამძღვარი მამა მალხაზ ყიფიანი აცხადებს, რომ ალტერნატიული ბარათის შემოღების შემთხვევაში არ დაირღვევა მორწმუნე საზოგადოების უფლებები. მისი სიტყვებით, მორწმუნეთა ნაწილი, რომლებსაც ამოეწურათ ძველი პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა და რელიგიური მოსაზრებების გამო უარს ამბობენ ახალი პირადობის მოწმობის აღებაზე, სახელმწიფოსგან გარიყულნი რჩებიან:

პასუხები დღეს ვერ იქნება, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ მოსმენის პროცესში ვარ და ვისმენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ელექტრონულ პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით არსებობს ...

”ჩვენ, სასულიერო პირებს, მრევლთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებიც გარკვეული მოსაზრების გამო არ იღებენ ამ ბარათებს და შედეგად ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მიიღონ განათლება, ჯანდაცვის პოლისები, წავიდნენ საზღვარგარეთ და ა.შ.”.

თითქმის ორი საათის განმავლობაში ისმენდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასულიერო პირებისა და მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის წარმომადგენლების არგუმენტებს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა შემოიღოს ხელისუფლებამ ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. მისი კომენტარი ალტერნატიული დოკუმენტების შემოღების თაობაზე იყო მოკლე:

”პასუხები დღეს ვერ იქნება, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ მოსმენის პროცესში ვარ და ვისმენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ელექტრონულ პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით არსებობს. ეს მოსმენის სამუშაო უნდა ჩატარებულიყო მანამდე, მაგრამ ის არ შედგა წინა ხელისუფლების მიერ. ამიტომ ახლა მიწევს გავწიო ეს სამუშაო, რომ გავიგო, არის თუ არა რაიმე გამოსასწორებელი ამ მიმართულებით”, - ამბობს თეა წულუკიანი.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გასული წლის ზაფხულში საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ელექტრონული ბარათების შესახებ წმინდა სინოდის განჩინება, სადაც მითითებულია, რომ “ელექტრონული ბარათების ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი. აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG