Accessibility links

logo-print

ელექტრონული ვიზა - ტურისტების მატების გარანტია?


ელექტრონული ვიზების პრეზენტაცია

ელექტრონული ვიზების პრეზენტაცია

საქართველოში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელს დღეიდან საშუალება აქვს, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოში მისვლის გარეშე, პორტალ www.evisa.gov.ge-ის საშუალებით მიიღოს მოკლევადიანი, ანუ 90-დღიანი, ელექტრონული ვიზა. სავიზო განაცხადის შევსება, ინტერნეტკავშირის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. დასტურს ან უარყოფით პასუხს ვიზის მიღების მსურველი მაქსიმუმ 10 დღეში მიიღებს, ვიზის საფასური კი 50 აშშ დოლარს შეადგენს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ვიზის მიღების ახალი სერვისი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტებისა და ბიზნესვიზიტორების ნაკადის ზრდას. უწყების მინისტრის მოადგილის ვლადიმერ გურგენიძის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა ახალი კანონმდებლობა სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით და ითვალისწინებს დაბალანსებულ საემიგრაციო პოლიტიკას, მათ შორის, საქართველოში არალეგალური მიგრაციის აღკვეთას და უკანონო მიგრაციის წარმოშობის საფრთხეების ნიველირებას, მისი თქმით, საქართველომ არ უნდა თქვას უარი ისეთ სიკეთეზე, როგორიცაა საერთაშორისო ტურიზმი, თავისი პოზიტიური გავლენით ეკონომიკაზე:

„შემუშავებული იქნა ნოვაცია evisa პორტალის სახით, რომლის საშუალებითაც ადამიანებს შეეძლებათ ელექტრონულად, მარტივად, ყოველგვარი დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების, ყოველგვარი დოკუმენტების გარეშე და საკონსულოში მისვლის გარეშე, მიიღონ ელექტრონული ვიზა“.

გაანგარიშებულია და მხედველობაშია მიღებული ქვეყნები, საიდანაც მომდინარეობს საფრთხე არალეგალური მიგრაციის კუთხით, რამდენად არის საფრთხე კრიმინალური ელემენტების შემოდინებისა და, აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება...

რაც შეეხება დოკუმენტების გარეშე ელექტრონული ვიზის მიღებას, დაზუსტებისთვის უნდა ითქვას, რომ, ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს განსხვავებული მოთხოვნები წარსადგენ დოკუმენტებსა და ვიზის მოქმედების ვადასთან დაკავშირებით. აი, მაგალითად, თუკი საქართველოში ტურისტული ან საქმიანი ვიზით შემოსვლას პერუს ან ჩილეს მოქალაქე გადაწყვეტს, მან ვიზის მისაღებად მხოლოდ პასპორტის ასლი და ფოტოსურათი უნდა წარმოადგინოს, მაშინ როცა ავღანეთის მოქალაქეს ვიზის მისაღებად, პასპორტის ასლისა და ფოტოსურათის გარდა, მოუწევს წარადგინოს მგზავრობის ბილეთები, სამგზავრო დაზღვევა, ამონაწერი ბანკიდან და სხვა. უფრო მეტი დეტალი იმის შესახებ თუ ვინ, როგორ და რა სახით შეძლებს მოკლევადიანი ვიზის მიღებას ელექტრონული ფორმით, 10 თებერვალს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ გააცნო:

რიგი სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში

რიგი სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში

„გაანგარიშებულია და მხედველობაშია მიღებული ქვეყნები, საიდანაც მომდინარეობს საფრთხე არალეგალური მიგრაციის კუთხით, რამდენად არის საფრთხე კრიმინალური ელემენტების შემოდინებისა და, აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომელი ქვეყნის მოქალაქეს რა ტიპის დოკუმენტაცია მოვთხოვოთ“.

ისიც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ელექტრონული ვიზის მიღება არ იქნება უპირობო გარანტია იმისა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას მოახერხებს. გიორგი ტაბატაძის თქმით, მას შემდეგ, რაც შესაბამისი სტრუქტურების მიერ დამუშავდება ინფორმაცია ელექტრონული ვიზის მფლობელის თაობაზე და ისინი ჩათვლიან, რომ ამ ადამიანის საქართველოში შემოსვლა შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ საფრთხეებს, ის საქართველოს საზღვარს ვერ გადმოკვეთს. ის შესაბამისი სტრუქტურები კი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა-არშემოსვლის მიზანშეწონილობას განიხილავენ, გიორგი ტაბატაძის თქმით, არის შსს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი:

„სისტემა მთლიანად არის ინტეგრირებული ყველა იმ საჭირო ბაზასთან, საიდანაც უნდა მოხდეს ინფორმაციის მოძიება, რომლის მეშვეობითაც გადამოწმდება ინფორმაცია და, შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ პროცესში ჩართულია შსს და ყველა სხვა უწყება, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია უცხოელზე იმ ინფორმაციის მოძიება, რაც გვჭირდება ვიზის გასაცემად“.

რა ქნას იმ ხალხმა, ვინც სამუშაოდ არის ჩამოსული? აი, მაგალითად, ამერიკელი სომელიეები არიან ჩამოსულები. ანუ ვიზის ვადის გასვლის შემდეგ ისევ უკან უნდა გაბრუნდნენ თავის ქვეყანაში, ხელახლა შეავსონ განაცხადი და ახლიდან გაიარონ პროცედურა? ჯერ კიდევ არ ვიცი, რამდენად ეფექტური იქნება ელექტრონული ვიზა...

საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ია თაბაგარს, ელექტრონული ვიზის შემოღებასთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა აქვს. ასევე, მას მიაჩნია, რომ მოკლევადიანი, 90-დღიანი, ვიზა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც საქართველოში საქმიანი ვიზიტით შემოდიან, არახელსაყრელია და ამბობს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანამ მათთვის პირობები უნდა გააუმჯობესოს:

„რა ქნას იმ ხალხმა, ვინც სამუშაოდ არის ჩამოსული? აი, მაგალითად, ამერიკელი სომელიეები არიან ჩამოსულები. ანუ ვიზის ვადის გასვლის შემდეგ ისევ უკან უნდა გაბრუნდნენ თავის ქვეყანაში, ხელახლა შეავსონ განაცხადი და ახლიდან გაიარონ პროცედურა? ჯერ კიდევ არ ვიცი, რამდენად ეფექტური იქნება ელექტრონული ვიზა. რას გვინდა მივაღწიოთ: შეზღუდვები დავაწესოთ, გავაადვილოთ პროცესი თუ გავარკვიოთ ვინ შემოდის ქვეყანაში? აი, ეს არის გასარკვევი - რისი გაგება სურს სახელმწიფოს. სანამ პირველი პრეცედენტები არ იქნება, მანამდე ჩვენ არ გვეცოდინება, რამდენად გაამართლა ელექტრონული ვიზების შემოღებამ. დრო უნდა გავიდეს, შეიქმნას სტატისტიკა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საბოლოო დასკვნის გაკეთება“.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, ელექტრონული ვიზის სერვისი აქტიურად გამოიყენება და დანერგილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, ავსტრალია, ვიეტნამი, სინგაპური, აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში ამოქმედებული სავიზო რეგულაციები არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან. წლის ბოლოს საქართველოს რეფორმების ასოციაციამ გამოკვლევაც გამოაქვეყნა, სადაც მითითებული იყო, რომ, მართალია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს მხრიდან საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგების მოთხოვნას შეიცავს, არც ერთი ვალდებულება არ გულისხმობს, მაგალითად, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნის ვადების შემცირებას, დამატებით ბიუროკრატიული ბარიერების შემოღებას უცხოელი სტუდენტებისთვის. გამოკვლევის მიხედვით, საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილება, მართლაც, საჭირო იყო, მაგრამ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და საგანმანათლებლო ინტერესები. გეტყვით იმასაც, რომ გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნდა იმ 94 ქვეყნის სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში მოკლევადიანი მიზნებით უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. ამ ქვეყნებს შორის არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აგრეთვე მეზობელი ქვეყნები, საიდანაც ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის.

XS
SM
MD
LG