Accessibility links

logo-print

წინასანობელე ციებ-ცხელება რომ იწყება ხოლმე, ბუკმეკერები თავიანთ სიებსაც აქვეყნებენ, სადაც რეიტინგებია მოცემული, თუ ვის რა შანსი აქვს, ლაურეატი გახდეს. და უნდა ითქვას, რომ არცთუ იშვიათად, არტყამენ ხოლმე კიდეც. მაგალითად, ბოლო ორი თუ სამი წელია სვეტლანა ალექსიევიჩი ასეთ სიებში ლიდერებს შორის იყო და წელს პრემიაც აიღო. აი, 2013 წელს კი, როგორც მახსოვს, ამ სიებში კანადელი ელის მანროს ჭაჭანებაც კი არ იყო (მგონი, არც მანამდე) და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველა პირდაღებული დარჩა, როცა შედეგი გამოაცხადეს. შვედეთის აკადემიამ მას პრემია მიანიჭა როგორც „თანამედროვე მოთხრობის ოსტატს“, ანუ, ეს ისე იქნა გაგებული როგორც დღევანდელ ლიტერატურულ სამყაროში „დაჩაგრული ჟანრის“ რეაბილიტაციის მცდელობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კითხვები და გაკვირვებები მაინც დარჩა. ნობელის აღებამდე ქართულად მისი ორიოდე მოთხრობა თუ იყო ნათარგმნი. „არილში“ დაიბეჭდა, მახსოვს, წელს კი გამომცემლობა „დიოგენემ“ გია ჭუმბურიძის მიერ ნათარგმნი მისი მოთხრობების კრებული, „ძვირფასი სიცოცხლე“, დაბეჭდა. 2012 წელს გამოცემული ეს კრებული მისი ბოლო წიგნია და, თუ სიტყვაზე დავუჯერებთ მწერალს, უკანასკნელიც, რადგან მან „ძვირფასი სიცოცხლის“ გამოცემის შემდეგ, 82 წლის ასაკში, განაცხადა, რომ წერას თავს ანებებს. ელის მანროს ამ „გედის სიმღერაზე“ სასაუბროდ დღეს ჩვენი სტუმარია პროზაიკოსი თეონა დოლენჯაშვილი.

თეონა დოლენჯაშვილი:

თეონა დოლენჯაშვილი:

თეონა დოლენჯაშვილი: ცალსახად არის ძალიან საინტერესო მწერალი, თუმცა, რომ არა ნობელი, შეიძლება ყურადღება არც მიგვექცია. მახსოვს, ელის მანრო პირველად წავიკითხე რუსულად, რაღაც პატარა მოთხრობები და ერთ-ერთ მოთხრობაზე სუნთქვა შემეკრა, ისეთი დასასრული ჰქონდა. ამ მწერალს ნამდვილად აქვს ის ანკესი, რომელსაც წამოსდებს მკითხველს და აქვს რაღაც თავისი, გამორჩეული. მსმენია, რომ მას ეძახიან ბორხესს კაბაში, ახალ ჩეხოვს. მის ტექსტებში ნამდვილად არის ლაკონიურად, მოკლე ფორმაში დიდის ჩატევის მცდელობები და ეს მშვენივრად გამოსდის კიდეც.

ამ მწერალში მომეწონა ის, რომ ძალიან სადა არის, ძალიან ყოფითია, თითქოს არაფერზე არ წერს... ის არ კეკლუცობს, არ თამაშობს, მხატვრული ხერხებიც კი მინიმალურია. მოკლედ, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივად დაწერილია ეს ყველაფერი, მაგრამ, უდავოდ, ახდენს მკითხველზე გავლენას. ეს რაღაც ჯადოქრობა არის მანროში. თუმცა იყო ასევე ერთგვარი კვლევასავით და გაირკვა, რომ არ ჰყავს ბევრი მკითხველი. მაგრამ ეს თითქოს "დიასახლისის დღიურები", ამ წიგნში დაბრუნებაა ბავშვობასთან კანადის იმ პერიფერიაში, სადაც ის გაიზარდა. მელიების ფერმა, რომელიც ჰქონდა მამას, სიცივე, უკონტაქტობა... და ამიტომ მისი პირველი ქორწინება ადრეულ ასაკში იმისთვის იყო, რომ წასულიყო იმ პატარა პროვინციიდან, იმ სოფლიდან, ერთგვარი ჭაობიდან. და ამ ბოლო წიგნში, რომელიც ღრმა სიბერეში დაწერა, ბრუნდება ამ ბავშვობაში და ეს გამოძახილები, თემები მეორდება კიდეც.

თვითონ ამბობდა, არავინ სერიოზულად არ აღმიქვამდა, იმიტომ რომ ვიყავი კანადელი და ვიყავი ქალიო, და შემდეგ სწორედ ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ მისცეს ნობელი. იმიტომ რომ, არის ძალიან ფემინისტური მწერალიც. ალბათ, თავისთავად გამოსდის. არა მგონია, რომ ახლა ეს თემები მას მიზნად ჰქონდეს დასახული...

მე ელის მანროს ადრეულ შემოქმედებას, ფაქტობრივად, არ ვიცნობ, ამიტომ მისი, როგორც მწერლის, შეფასება ამ გადმოსახედიდან მომიწევს, ანუ სიცოცხლის ბოლოსკენ დაწერილი ამ 14 მოთხრობით. რამდენად ტიპურია ეს ტექსტები მისთვის და რამდენად სწორ შთაბეჭდილებას ქმნის ავტორზე, ვერ გეტყვით. ვვარაუდობ, რომ ადრეული პერიოდების ნაწარმოებებში მეტი სიმძაფრე, მეტი „სიგიჟეები“, მეტი მწერლური თავაშვებულობა იყო, ის, რაც, თეონა დოლენჯაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, სუნთქვას გიკრავს. ეს მოთხრობები კი ასეთი არაა: არც თვალისმომჭრელია, არც თავზარდამცემი. გარდა ლაკონიურობისა, ვერც ჩეხოვთან კავშირს ვპოულობ და, მით უმეტეს, ვერც ბორხესთან. აქ არც სოციუმის აღწერა და კვლევაა, არც იდეათა ჭიდილია, არც მეტაფიზიკაა. ეს დაღლილი ოსტატის ჩუმი ნაწერებია „მეტისმეტად ადამიანურზე“. თუმცა ელის მანრო წერისას თითქოს ყინულის მოედანზე დასრიალებს, ემოციურ ფრაგმენტებს ჭრის და იშორებს. ქალი და მამაკაცი ამ მოთხრობებში უცებ აღმოჩნდებიან ხოლმე ერთად, ყოველგვარი სიყვარულის ახსნისა თუ ლოგინის სცენების გარეშე; უცებ ღალატობენ ერთმანეთს, თითქოსდა ყოველგვარი გარე მომენტებისა თუ შინაგანი მზაობის გარეშე; უცებ კვდება ადამიანი, წინასასიკვდილო ბორგვების გარეშე; უცებ ასაფლავებენ, დატირებების გარეშე; უცებ ირკვევა, რომ ყველაფერი სულ სხვანაირადაა და უცბადვე ეგუებიან ამას პერსონაჟები... ეს ყველაფერი კარგ მკითხველს გულისხმობს, რათა ამ ისტორიებში მთელი ის ვნებები და ტრაგიზმი გაცოცხლდეს და სრულად იქნეს წაკითხული და ნაგრძნობი, რაც ავტორმა გამოხშირული სახით მოგვაწოდა.

თეონა დოლენჯაშვილი: თუკი შევადარებთ მეორე ძალიან კარგ მწერალს, - და მე, ყოველ შემთხვევაში, ის მწერალი უფრო მიყვარს, - მარგარეტ ეტვუდს, მისი მაქმანებიანი, ღრმა და მეტაფორული პროზა სულ სხვა არის, პრინციპში, მეორე მხარეა. "სახე" იყო - ამ კრებულში არ არის - ძალიან საინტერესო მოთხრობა, რომლითაც დამამახსოვრდა ასევე მანრო, რომელიც ასევე ქართულად არის ნათარგმნი. თემა იყო ძალიან მძიმე, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანზე, მაგრამ ისეთი დაწერილი იყო, აბსოლუტურად არ სპეკულირებდა ამ თემით, და ისე გიყვებოდა ამას, აბსოლუტურად გულის გამგლეჯი იყო. ეს აქვს ნამდვილად ძალიან საინტერესო ამ მხრივ, სისადავით და ოსტატობით ახერხებს ძალიან მნიშვნელოვან ასეთ ადამიანურ ისტორიებს თავისი გამოძახილი მოუძებნოს.

ელის მანრო

ელის მანრო

ის, თუ რის გამო მისცეს მას ნობელი, ეს კიდევ სხვა თემაა. თვითონ ამბობდა, არავინ სერიოზულად არ აღმიქვამდა, იმიტომ რომ ვიყავი კანადელი და ვიყავი ქალიო, და შემდეგ სწორედ ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ მისცეს ნობელი. იმიტომ რომ, არის ძალიან ფემინისტური მწერალიც. ალბათ, თავისთავად გამოსდის. არა მგონია, რომ ახლა ეს თემები მას მიზნად ჰქონდეს დასახული. ისეთ ასაკშია, ბუნებრივია, ეს პრობლემები თავის დროზე ექნებოდა. მაინც ვფიქრობ, ეს თავისთავად მოხდა და არა იმიტომ, რომ არასამთავრობო, გენდერულ თემებზე მუშაობს. ყოველი შემთხვევისთვის, ამ ხაზმაც იმუშავა, ნობელის კომიტეტისთვის საინტერესო ამიტომაც აღმოჩნდა. ისინი ძალიან სწყალობენ ფემინისტ ქალ ავტორებს.

კი, ეს ნამდვილად ასეა: ამ მოთხრობებში, ყველგან, ქალია მთავარი პერსონაჟი - ქალი, რომელსაც მუდამ მეტად მწირი არჩევანი აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებს რაღაც ზიგზაგები აკეთოს და სწორხაზოვნად არ გაუყვეს ცხოვრების გზას. რამდენიმე მოთხრობას კი, რომელთაც საერთო სათაური, „ფინალი“, აერთიანებთ, აი, ასეთი შესავალი უძღვის: „ამ წიგნის ბოლო ოთხი ტექსტი მთლად მოთხრობაც არაა - უფრო ერთი მთელია, თითქოს ავტობიოგრაფიული, მაგრამ - ბოლომდეც არა. ვფიქრობ, ესაა სულ, რისი თქმაც შემიძლია საკუთარი ცხოვრების თაობაზე“.

ვითომ ყველაფერი თქვა ელის მანრომ და მართლა გადადო კალამი? წერა ისეთი მაცდუნებელი რამაა, სულ იოლად შეიძლება დაარღვიოს პირობა, თუკი უცებ აღმოაჩენს, რომ რაღაც კიდევ დარჩენია სათქმელი. ვნახოთ. მანამდე კი „ძვირფასი სიცოცხლე“ წავიკითხოთ და, სასურველი იქნება, მისი ადრეული ნაწარმოებებიც ვთარგმნოთ, მე პირადად ძალიან დამაინტერესა, ახალგაზრდა ელის მანრო როგორ წერდა, ან შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდში: მაშინაც ასეთი თავისი ცივი სამყარო ჰქონდა თუ ცოტა სხვანაირი...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG