Accessibility links

logo-print

ელისაშვილი პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვს


ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი ე.წ. „კოკაინის საქმით“ დაინტერესებულ პარლამენტარებს ასახელებს და აცხადებს, რომ კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მას მესიჯები ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისგან მისდიოდა. ელისაშვილი მოითხოვს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუწყდეს პროკურატურის პირველ მოადგილეს გიორგი გოგაძეს, ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას, როგორც საპროკურორო საბჭოს წევრს. კიდევ ერთი მოთხოვნა, რომლითაც ელისაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართავს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაა. მისი თქმით, ის არ ენდობა პროკურატურას და ეჭვობს, რომ მტკიცებულებები განადგურდება.

22 დეკემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ალექსანდრე ელისაშვილმა ხელისუფლებაში მყოფი ის ორი პოლიტიკოსი დაასახელა, ვინც მისი შეწყალების კომისიის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ე. წ. „კოკაინის საქმის“ მონაწილე მსჯავრდებულების შეწყალებას ლობირებდა - პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. ელისაშვილი, ერთ-ერთ თანამდებობის პირზე დაყრდნობით, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს, იმასაც ამბობს, რომ ბესელიას და კობახიძეს მსჯავრდებულთა გათავისუფლების მიზნით წინასწარ ჰქონდათ აღებული 200 000 დოლარი, ხოლო, მთლიანობაში, 1,5 მილიონი დოლარი უნდა აეღოთ. ელისაშვილის თქმით, ისინი ხან ურეკავდნენ მას, ხან მესიჯებს უგზავნიდნენ, ხანაც ადვოკატის პირით უთვლიდნენ, რომ ე.წ. „კოკაინის საქმის“ ფიგურანტები უნდა შეეწყალებინათ:

„მე მოვითხოვ ეკა ბესელიას გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს საპროკურორო საბჭოს წევრობა, რათა პირდაპირ ან არაპირდაპირ არ მოახდინოს გავლენა პროკურატურის საქმიანობაზე. ასევე ვთხოვ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ზვიად კვაჭანტირაძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო დროებითი კომისია. მე არ ვენდობი პროკურატურას, ამიტომ ასევე მოვითხოვ უფლებამოსილება შეუჩერდეს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს გიორგი გოგაძეს“.

ანუ რა, 6 მესიჯი რომ მისწერა, რა, მერე? უნდა გადადგეს? მე რომ თქვენ გითხრათ, რომ თქვენზე ინფორმაციას ვფლობ, რომ ამა და ამ დროს შეხვედით აქა და აქ და სცემეთ ადამიანს, ეს უნდა დამიჯეროთ? ამისთვის არსებობს მთელი რიგი პროცედურები და არსებობს საგამოძიებო ორგანოები, ვინც ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს...

ელისაშვილი ამ მოთხოვნებს აყენებს იმიტომ, რომ ეჭვობს, პროკურატურაში მტკიცებულებებს გაანადგურებენ. საპარლამენტო უმრავლესობა კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს. თავად დავით უსუფაშვილმა იმავე „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ ამ საქმეს საგამოძიებო ორგანო მიხედავს:

„ეს ამბავი დღეს ხონჩით მიერთვათ იმ ადამიანებს, ვინც იმ ადამიანებს აწამებდა და აპატიმრებდა, რომლებიც შეწყალების კომისიამ, ალექსანდრე ელისაშვილის ხელმძღვანელობით, შესაწყალებლად მიიჩნია, პრეზიდენტმაც ხელი მოაწერა და გარეთ გამოვიდნენ. თუ ჩვენ გვინდა, რომ იხეიროს ქართველმა ხალხმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ, მაშინ სახელმწიფო ორგანოებს უნდა მივცეთ ამ საქმის გამოძიების უფლება, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ, თუკი ვინმემ რამე იცის ამ ამბის თაობაზე და ვეცადოთ ნაკლებად სკანდალური დატვირთვა მივცეთ ამ ამბავს“.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კი, გია ვოლსკი, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებებს „ზნეობრივად გაუმართავს“ უწოდებს და ამბობს, რომ პროკურატურა დაადგენს, მართლაც სწერდნენ თუ არა მას ლობირების შინაარსის შემცველ მესიჯებს ელისაშვილს და არის თუ არა ეს მასზე ზეწოლის გამოხატულება.

ელისაშვილის განცხადებებს 23 დეკემბერს მანანა კობახიძის ადვოკატი დავით ლანჩავა პასუხობდა და ამბობდა, რომ რამდენიმე მესიჯი კობახიძის გადადგომის საფუძველი ვერ გახდება:

„ანუ რა, 6 მესიჯი რომ მისწერა, რა, მერე? უნდა გადადგეს? მე რომ თქვენ გითხრათ, რომ თქვენზე ინფორმაციას ვფლობ, რომ ამა და ამ დროს შეხვედით აქა და აქ და სცემეთ ადამიანს, ეს უნდა დამიჯეროთ? ამისთვის არსებობს მთელი რიგი პროცედურები და არსებობს საგამოძიებო ორგანოები, ვინც ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს“.

შეგახსენებთ, რომ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკოსთა შესაძლო დაინტერესების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე პროკურატურაში 8 დეკემბერს აღიძრა და გამოძიება 339-ე პრიმა (ზეგავლენით ვაჭრობის) მუხლით დაიწყო. ამ ეტაპისთვის დაკითხულია რამდენიმე ათეული ადამიანი და მათ შორის არიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.

„თავისუფალი დემოკრატები“ კი აცხადებენ, რომ დაელოდებიან პროკურატურის განცხადებებს, უსუფაშვილის საბოლოო პასუხს და შემდეგ დააყენებენ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტის წინაშე:

„დაველოდებით პროკურატურას, რომელსაც ექნება ერთი თვე იმისათვის, რომ საზოგადოების ყველა შეკითხვას ამ საქმის გარშემო პასუხი გასცეს, ასევე დაველოდებით, რა მიმართვას გააკეთებს დავით უსუფაშვილი და თუ უმრავლესობა არ დააპირებს ამ კომისიის შექმნას, ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, დავსვამთ ამ საკითხს“.

პავლე კუბლაშვილი

პავლე კუბლაშვილი

საპარლამენტო უმცირესობის მეორე ნაწილს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის იმედი, დღემდე არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ნაკლებად აქვს. „ახალი პოლიტიკური ცენტრი - ‘გირჩის’“ წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის მხარი არ დაუჭერია. ამიტომ ერთადერთი გზა, რომელიც, მისი თქმით, ახლა ალექსანდრე ელისაშვილს რჩება, ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაციის საჯაროდ თქმაა:

„დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი კომისია არ შეიქმნება და ამას ჩემი გამოცდილება მალაპარაკებს. ამიტომ ალეკო ელისაშვილსაც ვურჩევდი, რომ, თუ რამე სათქმელი აქვს, თუ რამე ინფორმაცია სურს საზოგადოებას მიაწოდოს, გამოვიდეს და საჯაროდ უთხრას ყველაფერი მთელ საზოგადოებას“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG