Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილი პროკურატურის წინააღმდეგ


თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ე. წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ უწყება „ამ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს“. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მტკიცებით, პროკურატურა ანგარიშს აბარებს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს, რომლებიც 14 დეკემბერს ამ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხნენ.

ალექსანდრე ელისაშვილი მოითხოვს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც პოლიტპატიმართა საქმეზე იმუშავებს. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში პოლიტიკური მხარეა და, ამიტომაც, მოსალოდნელია უწყება ამ საქმის ჩაფარცხვას ცდილობდეს:

„ისინი ეცდებიან, რომ გამოაძვრინონ ბესელია და კობახიძე ამ ყველაფრიდან და ისრები ჩემკენ გადმოიტანონ. ამას როგორ მოახერხებენ, არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა არის“.

ე.წ. შეწყალების საქმეს თვალყურს ადევნებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც“. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი სოფო ვერძეული ამბობს, ადამიანები, რომლებიც, ალექსანდრე ელისაშვილის ჩვენების მიხედვით, შესაძლოა ამ საქმეში ფიგურირებდნენ, დღესაც პროკურატურაში მუშაობენ, რაც გამოძიების მიმართ უნდობლობას იწვევს:

„შესაძლოა, ამან ხელი შეუშალოს გამოძიების სწრაფად და ობიექტურად წარმართვას. ამიტომაც, ჩვენი მოთხოვნაა, გამომძიებლებმა და პროკურორებმა აჩვენონ საკმარისი დამოუკიდებლობა და დისტანცია მაღალი თანამდებობის პირებისგან“.

ალექსანდრე ელისაშვილმა 9 დეკემბერს პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ თქვა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, „ქართული ოცნების“ რამდენიმე მაღალჩინოსანი მასზე ზეწოლას ცდილობდა და კონკრეტული პოლიტპატიმრების შეწყალებას მოითხოვდა.

14 დეკემბერს ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დასაკითხად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ეკა ბესელია და მანანა კობახიძე დაიბარეს.

ორივე დეპუტატი საქმესთან კავშირს უარყოფს და ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებებს ცილისწამებას უწოდებს.

ამ თემაზე ისაუბრა გადაცემა „2030-ის“ ეთერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც. მისი თქმით, ამ საქმეს „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს:

„ელისაშვილის პრობლემა გაცილებით მარტივია ასახსნელად. ჩემი აზრით, ეს პროცესი ერთი და იგივე ხალხისგან არის ორგანიზებული და ერთ მიზანს ემსახურება, - რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან აწყობს და დღეს ამას „რუსთავი 2“ უდგას სათავეში, - თქვან, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ იყვნენ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს პროცესი ფულის გასაკეთებლად მოხდა. ასე უნდათ დაამახინჯონ“.

14 დეკემბერს ალექსანდრე ელისაშვილმა პროკურატურას ექსპერტიზისთვის თავისი მობილური ტელეფონი გადასცა, სადაც, მისი მტკიცებით, არის შეტყობინებები, რომლებსაც მას საპარლამენტო უმრავლესობის მაღალჩინოსნები უგზავნიდნენ და ზოგიერთი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. დეპუტატისთვის საეჭვოა ტელეფონის ექსპერტიზის პროცესიც:

„ჩემ მიერ ტელეფონის მიტანისთანავე გამოხტნენ და თქვეს, რომ მესიჯები ტელეფონში არ აღმოჩნდა - ისე, რომ ექსპერტიზის პასუხებს არ დაელოდნენ“.

პროკურატურის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს:

„მიმდინარეობს გამოძიება და როდესაც დასრულდება, ჩვენ საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ შედეგებს. რაც შეეხება ტელეფონის ექსპერტიზას, ის ჯერ არ დასრულებულა და, შესაბამისად, პასუხებიც ვერ იქნება ცნობილი“.

სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ თუ გამოძიების პროცესი გაიწელება, მაშინ საუკეთესო გამოსავალი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაა. იმასვე მოითხოვს ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ასეთი კომისია ბევრად გამჭვირვალე და, შესაბამისად, სანდო იქნება, ვიდრე პროკურატურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG