Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი მისი ლიკვიდაციის გეგმის შესახებ ლაპარაკობს


"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე
ელისო ჩაფიძე, კოალიცია ”ქართული ოცნების” ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ყოფილი ჟურნალისტი, ამბობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩაფიძე ირწმუნება, რომ ხელთ აქვს დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა იმისა, თუ როგორ უთვალთვალებენ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები მის ავტომობილს და გადაადგილების მარშრუტს. მამხილებელი დოკუმენტაციის წყაროს ელისო ჩაფიძე არ ახმაურებს, თუმცა აპირებს თავად დოკუმენტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცეს. ამასთან, ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ მას ხელისუფლება ბინძური მეთოდებით ებრძვის და ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ მან ტყიბულში მაჟორიტარად კენჭი ვერ იყაროს.

გაზეთ ”რეზონანსის” ყოფილმა ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ, რომელსაც თითქმის 20 წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება აქვს, პოლიტიკაში დაახლოებით 8 თვის წინ გადაინაცვლა და ახლა პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ამბობს, რომ წარსულში, საგამომძიებლო ჟურნალისტიკაში მუშაობის დროს, სხვადასხვა მწვავე მასალის გამო მუქარა ხშირად სმენია, ახლა კი უთვალთვალებენ როგორც პოლიტიკოსს და მის ლიკვიდაციას გეგმავენ. ინფორმაცია ამის თაობაზე, ჟურნალისტური გამოცდილებიდან გამომდინარე, ელისო ჩაფიძემ რამდენიმე წყაროსთან შეამოწმა და პირველად მედიას ამცნო.

”ხდება ჩემი ავტომანქანისათვის ფოტოსურათების გადაღება, იმის დადგენა, თუ როგორია ჩემი მარშრუტი ან რომელი მხრიდან ვჯდები მანქანაში. ამ ინფორმაციას ჰყავს რამდენიმე წყარო. ინფორმაციას გვაწვდიან, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები. მე, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ვაპირებ ამ დოკუმენტური მასალის გამოაშკარავებას, ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით, თუმცა ნამდვილად სერიოზულად მომეჩვენა და, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ საზოგადოებისათვის ინფორმაციის 10 პროცენტი მაინც მიმეწოდებინა”, - ჰყვება ელისო ჩაფიძე.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნის, სამართალდამცავი სტრუქტურებისადმი მიმართვას კი, ამ საქმის გამოძიების მოთხოვნით, არ აპირებს, რადგან გამოძიების იმედი არა აქვს. მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ”ფრთხილი ადამიანია” და ინფორმაციის გავრცელება უსაფრთხოების დასაცავად ერთგვარ პრევენციად მიაჩნია. ელისო ჩაფიძე ასევე ვარაუდობს, რომ სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები მას შეიძლება მის წინააღმდეგ კომპრომატების მოსაგროვებლადაც უთვალთვალებდნენ:

”დავალება აქვთ მიცემული, რომ ჩემთან დაკავშირებით რაიმე ტიპის კომპრომატი მოიპოვონ და არსებობდეს ასეთი ტიპის კომპრომატი ან რაიმე ისეთი ქნან, რის გამოც შეიძლება ჩემი მოხსნა არჩევნებიდან.”


ელისო ჩაფიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საგანგაშოდ მიიჩნევს გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელსაც ჟურნალისტ ელისო ჩაფიძესთან თანამშრომლობის წლები აკავშირებს. ის ფიქრობს, რომ, საგამომძიებლო ჟურნალისტიკაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ელისო ჩაფიძისთვის მუქარა უცხო არ უნდა იყოს და რადგან ის ახლა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობს, ინფორმაცია მართლაც სარწმუნო და საგანგაშო ჩანს. ლაშა ტუღუში გამორიცხავს, რომ უკვე პოლიტიკოს ელისო ჩაფიძეს მსგავი ინფორმაციის გავრცელება, უბრალოდ, პოლიტიკური ქულების მისაღებად და ყურადღების მისაპყრობად სჭირდებოდეს:

”არჩევნები არის მცდელობა უკეთესი ქვეყანა ავაშენოთ და არა ომი, სადაც დეპუტატობის კანდიდატები შეიძლება ერთმანეთს საფრთხეს უქმნიდნენ და ხელისუფლება... პოლიცია უქმნიდეს საფრთხეს ოპოზიციის წარომადგენლებს.”

პოლიტიკურ კონკურენციაზე საუბრისას თავად ელისო ჩაფიძე მმართველი პარტიის - ”ნაციონალური მოძრაობის” - ტყიბულის ამჟამინდელ მაჟორიტარ დეპუტატს, პავლე კუბლაშვილს, ახსენებს. ჯერჯერობით მმართველ პარტიას რეგიონების მაჟორიტარობის კანდიდატები არ დაუსახელებია. ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ სწორედ პავლე კუბლაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, და მისი ძმა, კონსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა ტყიბულის რაიონში არსებული ნახშირმომპოვებელი და ხე-ტყის ბიზნესით დაინტერესებული. ამის შესახებ ჟურნალისტობის პერიოდშიც ამზადებდა ის საგამომძიებლო მასალებს და მუქარის ზარებიც ხშირად მიუღია. ელისო ჩაფიძის ვარაუდით, სწორედ ამ ძმების ინტერესებში არ შედის მისი მაჟორიტარობა ტყიბულში.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტი ირინა ურუშაძე იხსენებს ფაქტებს, თუ რა მეთოდებით აიძულებდა ხელისუფლება ოპოზიციონერ მაჟორიტარობის კანდიდატებს უარი ეთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის მაგალითად 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას მესტიაში მომხდარ მოვლენებს იხსენებს:

”გახსოვთ, ალბათ, მესტიის შემთხვევა, როდესაც კანდიდატებს ძალით დააწერინეს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე განცხადებები. ეს იყო ყველაზე ნათელი მაგალითი, როგორ იყენებდა ხელისუფლება ძალოვან რესურსს პოლიტიკურ ოპონენტებთან გასასწორებლად. ვიდეომასალებიც იყო მესტიის შემთხვევაში და ნათლად ჩანდა, რომ პოლიცია და სამხედრო პირები იყვნენ ასულები და შეიარაღებულებს ძალით შეჰყავდათ შენობაში ხალხი. ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, იშვიათი არ არის ჩვენი რეალობისთვის და, საბედნიეროდ, ლიკვიდაცია არავისი მომხდარა, თუმცა საფრთხე, ფიზიკური საფრთხე, ზოგადად, დამდგარა.”

ირინა ურუშაძისვე სიტყვებით, ნაკლებ სავარაუდოა საგამოძიებო ორგანოები მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაინტერესდნენ ელისო ჩაფიძესთან დაკავშირებული საქმით. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, იმის გამო, რომ მუქარის ფაქტი არ არსებობს, სამინისტროს არანაირი მოტივაცია არ აქვს გამოძიება დაიწყოს:

”აღნიშნული ადამიანის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მე გადავამოწმე ყველა რგოლში, რომელსაც რაიმე შეხება შეიძლება ჰქონდეს ამასთან. ბუნებრივია, ვერანაირ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ მოვიპოვე და არ დასტურდება ეს ფაქტი და რაც შეეხება უშუალოდ საქმის წარმოებას ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს არანაირი მოტივი და ფაქტი, ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყოს. არ მოუმართავს არავის და არ არსებობს ამასთან დაკავშირებით არანაირი ფაქტი.”
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG