Accessibility links

logo-print

კაცობრიობის ისტორიაში დასაბამიდან ორი იდეოლოგია ებრძვის ერთმანეთს:

ესაა იდეოლოგიური კონფლიქტი „ჩემი ღმერთი შენსას სჯობია“ (ანუ ღმერთების შეჯიბრებითობის კონფლიქტი) და კლასობრივ-პოლიტიკურ-სოციალური კონფლიქტი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ ატარებს ზემოთ დასახელებული კონფლიქტის ნიშნებს: ესაა ომი, სადაც ე.წ. „ელიტა“ და ე. წ. „პლებსი“ ებრძვიან ერთმანეთს.

მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ კონფლიქტს, რომ აღარაფერი ვთქვათ თუნდაც მხოლოდ ნერვებსა და ფსიქიკაზე.

თუკი ვენდობით ლორდ ბაირონს, თავად უელიტარულესსა და მრავალთა შურის ობიექტს, კაენს აბელზე ნაკლებ ელიტარულად უგრძვნია თავი, რაკი ღმერთს არა მისი საქონელი, არამედ აბელის შესაწირი მიეღო და, შესაბამისად, სწორედ ეს გამხდარა მკვლელობის საბაბიც: კაენმა ძმის დაწინაურება ვერ აიტანა.

მარქსზე და კლასობრივ ომებზე აღარაფერს მოგახსენებთ, თავადაც მშვენივრად უწყით.

ასეთია უახლესი ქართული ისტორიაც: ყველაზე დიდი ომები სწორედ ელიტებსა და პლებსს შორის გაჩაღებულა საქართველოში, სადაც ვინ იყო „ქალაქელი“ და ვინ „სოფლელი“, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიით განისაზღვრებოდა. მაგალითად, 90-იან წლებში „ზვიადისტად“ ყოფნა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავდა „სისვეცკეს“, როცა მისდამი დაპირისპირებულობა მეტ-ნაკლებად ელიტური აქტი იყო. თბილისური საბჭოურ-ელიტური ჰეგემონური კულტურის მოდელის მიხედვით, „სვეცკი ზვიადისტი“ სრული ოქსიმორონი გახლდათ, რადგანშეუძლებელი იყო, ასეთს პოსტსაბჭოურ ელიტებს შორის ეარსება.

სამიოდე წლის წინ, როცა ჯერ კიდევ ცინცხალმა პოლიტიკურმა გაერთიანება „ქ.-მა ოცნებამ“ ბეჭებზე დასცა ზოგ-ზოგიერთების აზრით, „პროგრესული, მაგრამ სამწუხაროდ მოსადისტო ნაციონალური მოძრაობა“, - ისეთებს, რომელთაც განსაკუთრებულად გამძაფრებული აქვთ ყნოსვა, სად ბუდობს სისვეცკე და სად - სოციალური სიგლახე, და ვინც, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მლანძღველიც კი ყოფილიყო ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს (ვინაიდან სოციალური სიგლახე, ანუ თუკი ჩვენში დამკვიდრებულ ურბანისტულ ჟარგონს მივმართავთ - სიგოიმე - უაღრესად ხილულია, როცა ხელისუფლებაში ხარ) და, ვთქვათ, მათ ჯინაზე ცნობილი ძველი „მესაკნეც“ კი მოსჩვენებოდათ „სვეცკად“, - ამჯერად დიდი დაძაბვა არც დასჭირდებოდათ იმის საყნოსად, თუ სადაა „ელიტა“ და სად - მზარდი ხიხოობა (ალბათ, უპირველეს ყოვლისა, „ქ.-ლი ოცნების“ ლიდერის შეულამაზებლად უგემოვნო გამოხდომა-გამონათქვამებისა და მისი მხარდამჭერი, ექსელიტური, მაგრამ აწ უსაშველოდ შეძველებულ-შეგოიმებული ინტელიგენციის ვულგარული აქტიურობის გამო). ოღონდ ასეთები, ცხადია, არასდროს აღიარებენ, რომ პოლიტიკურ ძალებს მათი „სისვეცკის“ გამო არჩევენ და არა, ვთქვათ, ღირებულებების გამო, მაგრამ საქმეც ესაა, რომ ღირებულებებიც შეიძლება იყოს „სვეცკი“ და სოციალურად გლახა (გოიმური, მაშასადამე), რაც გლობალურ-პოლიტიკური კუთხითაც თვალსაჩინოა: დასავლეთიც ხომ იმიტომ მოგვწონს, რომ ობიექტურად ბევრად „სვეცკია“ ობიექტურადვე სახიფათოდ დაუხვეწავ თანამედროვე რუსეთზე, ამიტომ დიდად არც ვღელავ ხოლმე, როცა რუსულ გავლენაზე და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე წუხან, რადგან დარწმუნებული ვარ, ისე არასდროს წავხდებით, რომ ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ინსტინქტი - დახვეწილისა და სოციალურ-ფსიქოლოგიურად მთხლის გარჩევა ვერ შევძლოთ: ყოველთვის იქ მოგვინდება ყოფნა, სადაც დიდი „სისვეცკეა“ - ამ სიტყვების უაღრესად ფართო და გეოგრაფიული გაგებით.

არ ვიცი, ის, რაც დღეს ხდება მსოფლიოში, არის თუ არა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი, მაგრამ დასავლელ ელიტებსა და აღმოსავლელ მარგინალებს შორის რომ პირველი მსოფლიო ომი გაჩაღდა, ამაზე იეზუიტმა რომის პაპმაც კი მიგვანიშნა არცთუ დიდი ხნის წინ.

აი, რომანის სიუჟეტი, რომელიც, შესაძლოა, უელბეკის ერთ-ერთ წიგნში ამოგვეკითხა და ამ ტრაგიკული კონფლიქტის მიზეზის აღსაწერად გამომდგარიყო: პარიზის მიყრუებულ, ჭ-კლასის უბანში იბადება და იზრდება ფრანგ-არაბ-ლიბანელ-ალჟირელ-მაროკოელი (და ა. შ.) ახალგაზრდა, რომლის მშობლიური ენაც ფრანგულია და სამშობლოც საფრანგეთია, მაგრამ მიუხედავად მულტიკულტურული, პოლიტკორექტული და ზრდილობიან-დისტანცირებულად გაღიმებული ევროპისა, მაინც „აზიელად“ რჩება, უცხოდ, მარგინალად, რომელსაც, სხვების არ იყოს, ბუნებრივ ინსტინქტად ქცევია მოხვედრა თუ მთლად მაღალ საზოგადოებაში ვერა, რაღაცნაირ ელიტებში მაინც. ასევე, უნდა, რომ ჰქონდეს ბევრი ფული; უნდა, რომ იყოს წარმატებული და საყვარლად ან ცოლად ჰყავდეს სოციო-ესთეტიკურად დახვეწილი ფრანგი გოგონა (ან, გნებავთ, ბიჭი), თუმცა არც ფული აქვს, არც შესაბამისი განათლება და არც რაიმენაირი ნიჭი, რომ ოდნავ მაინც „გასვეცკდეს“ მსოფლიოს ყველაზე სნობურ ქალაქში (როგორც მისთვის სრულიად უცნობმა ჰენრი მილერმა დაახასიათა პარიზი თითქმის ასი წლის წინათ). ამ ფრანგ/არაფრანგს არც ფეხბურთის თამაში გამოსდის და ვერც წერა-კითხვას სწავლობს ნორმალურად, რომ სადღაც მაინც მოახერხოს ცხვირის შეყოფა. ამ დროს, ხედავს (ხედავს კი არა, მთელი ცხოვრება ამას უყურებს თავისი ჭ-კლასის უბნიდან), რა კარგად ერთობიან მისნაირი/სხვანაირი ფრანგები და ბრაზობს, რომ ვერაფერს უხერხებს თავის პერიფერიულ განსხვავებულობას. ამიტომ, რაც წლები გადის, მით უფრო მეტად იბოღმება, თავისნაირ ბოღმებს ეკვრის და შურისძიების სურვილით ივსება. აქ მის ბიოგრაფიაში რელიგიურ-პოლიტიკური ბოღმებიც ერთვებიან (რომელთაც თავ-თავიანთი ფინანსურ-რევანშისტულ-ბანალური მიზნები აქვთ გადანახული) და ევროპელ-აზიელი გაუნათლებელი ახალგაზრდა მარგინალი იქცევა დაბოღმილ-შურისმაძიებელ ისლამისტად: მან ახლა თანამემამულე ელიტები უნდა დასაჯოს, რათა სიკვდილის შემდეგ, სამოთხეში მაინც მიიღოს ჯილდოდ ის ოცი ცალი „სვეცკი“ ფრანგი გოგონა, რომლებიც მიწიერ დონეზე გამარჯობის ღირსადაც არ თვლიდნენ. ფუნდამენტალისტი ფიქრობს, რომ მხოლოდ სამოთხეში მოახერხებს პარიზის ელიტურ უბნებში ინტეგრირებას.

შესაძლოა, უტრირებული მოდელია, მაგრამ, მარგინალი რომ შურისმაძიებელი და სახიფათო ხდება ოდესღაც, ეს ისტორიამ მრავალჯერ დაგვიდასტურა: ასე მოხდა 1789 წელს, როცა პარიზის შუაგულში მოჰკვეთეს თავი ლუი XVI-ს და ასე მოხდა მე-20 საუკუნის ოციან წლებშიც, როცა მარგინალ ბოლშევიკთა უმცირესობამ ელიტურ უმრავლესობას გაავლო მუსრი.

თუმცა, მხოლოდ საზოგადოებას (ესე იგი, სნობ გოგო-ბიჭებს) ვერ ავკიდებთ პასუხისმგებლობას მათნაირ/სხვანაირ შურისმაძიებელ-მარგინალებზე, რადგან ასეთი ადამიანების რეალურ ინტეგრაციაზე, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რაც - როგორც ევროპის მაგალითზეც ჩანს - უაღრესად ძნელი ამბავია, მაგრამ, თუკი იქ პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებზე ფიქრობენ, ჩვენთან ვერც კი ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც უკიდურესად მარგინალური პანკისის ხეობის მიმართ ყურადღების გამოჩენა: ჩვენი/სხვანაირი მოქალაქეები აქედან ხომ ზუსტად ისევე მიდიან სირიაში საბრძოლველად, როგორც ჩვენზე ბევრად უფრო დაცული ევროპიდან. საინტერესოა, რამდენად აცნობიერებს სახელმწიფო პრობლემას, რომელიც აქედან თუ აჭარიდან საომრად წასულ მარგინალებს უკავშირდება? თუ ეს არაა პრობლემა და მხოლოდ იმის მიყურადება და კონტროლია მნიშვნელოვანი, რა უთხრა ოდესის ენაჭარტალა გუბერნატორმა თავის პასიურად შემწინააღმდეგებელ პოლიტქვეშევრდომს?

ხედვის სიმწირემ და ჩაკეტილობამ, შესაძლოა, დიდ სირთულეებთან მიგვიყვანოს, რადგან გარიყული და „უცხო“ ერთხელ ჩვენთანაც იძიებს შურს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.

მახსოვს, ოდესღაც ქ-ნ მაკა ასათიანს ჰქონდა პანკისის ხეობის „გასვეცკების“ მცდელობა, მაგრამ ეს სოციალურ-ინფანტილური პერფორმანსი შევარდნაძისეულ წარსულში შთაინთქა.

აგერ, მივბაძოთ თუნდაც ერთ ჩემს ნიჭიერ კოლეგას, რომელმაც აქტიური კლაბინგის პროცესში ჩართო ოდესღაც აგრესიული, ე. წ. ტაბურეტიანი ბერი. ჩემს კოლეგას მაშინ უსამართლოდ საყვედურობდნენ, რომ მან ცნობილი ვერბალური ტერორისტის „გასვეცკება“ მოიწადინა; ამ დროს, მისი მხრიდან ეს ერთმნიშვნელოვნად ჰუმანიტარული და სახელმწიფოებრივი აქტი იყო, რადგან, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ ეხალისებოდა ანაფორიან კაცთან ერთად მთელი ღამე ცეკვა.

მაგრამ მან იცოდა ის, რაც არ იცის ჩვენმა ხელისუფლებამ: ყველა ტაბურეტს ჩაგცხებს (და კიდევ უარესსაც), თუკი „გაუსვეცკებელ“ ტერიტორიაზე ჩატოვებ.

ჩემმა კოლეგამ, ამ მხრივ, ევროპასაც დაასწრო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG