Accessibility links

logo-print

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, ანგარიშისა, რომელიც გამოკვლევისას გარემოსდაცვით სფეროში აღმოჩენილ ელიტური კორუფციის ხელშემწყობ ფაქტორებს ეხება. როგორც გამოკვლევის ავტორები წერენ, ანგარიში მოიცავს საკითხებს, რომლებიც გამოსაძიებელია.

კომპანიებზე მორგებული კანონმდებლობა, შერჩევითი კანონაღსრულება მთავრობის უცვლელი ფავორიტებისთვის, სასამართლო პრაქტიკა, შეუცვლელი საჯარო მოხელეები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც აერთიანებს გარემოსდამცველი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევა და რომელიც ბუნებრივი რესურსების მართვაში ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენას ეძღვნება. ანგარიში 2011-2014 წლებში გამოცემული სამი გამოკვლევის შედეგებს აერთიანებს, თავად გამოკვლევები კი ფერადი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობას, ენერგოპროექტებსა და გადაშენების წინაშე მყოფ ცხოველებზე ნადირობის საკითხებს ეძღვნება.

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელის ირაკლი მაჭარაშვილის მტკიცებით, გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა რიგი სისტემური პრობლემები, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის საქართველოში ელიტური კორუფციის განვითარებისათვის. ასე მაგალითად, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, უახლოეს გასულ წლებში კონკრეტულ ჯგუფებსა და პიროვნებებზე მორგებული სამართლებრივი აქტების მიღება საკმაოდ მიღებული პრაქტიკა იყო. ამ შემთხვევაში ის განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას 2012 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე, რომლის საფუძველზეც გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ნებისმიერ სამართალდამრღვევს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობისგან თავის არიდების შესაძლებლობა მიეცა. ირაკლი მაჭარაშვილს აღნიშნულის საილუსტრაციოდ მოჰყავს სს „მადნეულისა“ და შპს „კვარციტის“ მაგალითი, რომელთა სამართალმემკვიდრეც დღეს კომპანია RMG-ია:

„13 მილიონი ლარის შეპირების სანაცვლოდ 18 წლის განმავლობაში ნებისმიერი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაული ეპატია ამ კომპანიებს. თუმცა ეს 13 მილიონი ლარი როგორ იქნა დაანგარიშებული, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. ჩვენ რომ ვიკითხეთ, თუ როგორ დაანგარიშდა ეს თანხა, გვითხრეს, რომ უბრალოდ კომპანიამ თქვა, რომ ამ რაოდენობის თანხას გადაიხდიდა“, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ უმრავლესობით დაკომპლექტებულმა პარლამენტმა ეს კანონი გააუქმა, თუმცა, როგორც ირაკლი მაჭარაშვილი მიუთითებს, უკანონო აქტების გამოცემის ტრადიცია არ შეწყვეტილა, რის შედეგადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრის გურამ ოდიშარიას ბრძანებით, დაკმაყოფილდა RMG-ის უკანონო მოთხოვნა და საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა.

კვლევის პრეზენტაცია

კვლევის პრეზენტაცია

„მწვანე ალტერნატივის“ გამოკვლევის მიხედვით, შერჩევითი კანონაღსრულების კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობა. კერძოდ, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, არც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და არც ენერგეტიკის სამინისტრომ, ასევე არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა არ მოახდინეს რაიმე სახის რეაგირება იმ ფაქტზე, რომ ყაზბეგის რაიონში ჰესების მშენებლობა დაიწყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის დასრულებამდე და შესაბამისი ნებართვის გაცემამდე.

კიდევ ერთი თემა, რაც, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ბუნებრივი რესურსების მართვის პროცესში ელიტური კორუფციის ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება დასახელდეს, ეს ე.წ. „მბრუნავი კარი“ და „ჩვენი ბიჭების ქსელია“, ანუ ადამიანების მოძრაობა საჯარო და კერძო სექტორების თანამდებობებს შორის. ამ საკითხზე ჯერ კიდებ 2013 წელს ჩაატარა გამოკვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. გამოკვლევის მიხედვით, განსაკუთრებით თვალშისაცემია ენერგეტიკული კომპანიებისა და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ თანამდებობებზე ერთი და იმავე პირების გადაადგილება. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, რომელიც ასევე მუშაობდა კალაძესთან დაკავშირებულ კომპანიებში. ის იყო შპს „კალა ენერჯის“ ენერგეტიკული ჯგუფის ხელმძღვანელი და სს „საქჰიდრომშენის“ გენერალური დირექტორი. რადიო თავისუფლება ამ საკითხზე სასაუბროდ მარიამ ვალიშვილს დაუკავშირდა, მაგრამ მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

კიდევ ერთი სახელი და გვარი, რომელსაც „მწვანე ალტერნატივა“ ე.წ. „მბრუნავ კარს“ უკავშირებს, ეს ომარ ქუცნაშვილი, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მამაა. ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ის იყო იმ კომისიის წევრი, რომელსაც ევალებოდა საყდრისისთვის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაციის შესწავლა. როგორც „მწვანე ალტერნატივა“ ამბობს, ძეგლის სტატუსის მოხსნისათვის კომისია მთლიანად გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორის, ომარ ქუცნაშვილის მიერ მომზადებულ დასკვნას დაეყრდნო. „უცოდინრობასა და უტიფრობასთან გამკლავება ძნელია“, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ომარ ქუცნაშვილი, რომელმაც თავის დროზე ეჭვის ქვეშ დააყენა საყდრისში ოქროს მაღაროს არსებობა.

„ეს არის პოპულისტური, ზერელე გამოხტომები, ყოველგვარ მეცნიერულ კვლევას და მეცნიერულ ფაქტებს მოკლებული. როგორ შეიძლება დაეთანხმო უცოდინრობას“, - ამბობს ომარ ქუცნაშვილი.

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ რეკომენდაციებით მიმართავს ხელისუფლებას, დროულად იქნეს გათვალისწინებული საკანონმდებლო კოლიზიები, სახელმწიფო ინსტიტუტებთან არსებული ინტერესთა კონფლიქტები, გადაწყვეტილებების მიღების გაუმჭვირვალე პროცედურები, რაც ხელს უწყობს ელიტური კორუფციის წარმოშობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG