Accessibility links

logo-print

ქართული წარმომავლობის გოგონა აშშ-ის პარაოლიმპიელი ვარსკვლავია


ელიზაბეთ სტოუნი

ელიზაბეთ სტოუნი

ელიზაბეთ სტოუნი, მსოფლიო კლასის მოცურავე, რომელიც მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის გარეშე დაიბადა, მსოფლიო კლასის მოცურავეა. მიმდინარე წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე, სადაც სტოუნი აშშ-ის სახელით ასპარეზობს, მან რამდენიმე მედალი მოიპოვა. მაგრამ ელიზაბეთ სტოუნის ბიოგრაფიაში მხოლოდ წარმატებები არ არის. 22 წლის წინ იგი საბჭოთა საქართველოში დაიბადა, სადაც უდედმამო და მიტოვებულ ბავშვთა თავშესაფარში იზრდებოდა.

31 აგვისტო ლონდონის პარაოლიმპიური ასპარეზობის ერთ-ერთი დაძაბული დღე იყო. ქალებს შორის 100-მეტრზე გულაღმა ცურვაში ოქროს მედალი თამაშდებოდა. აშშ-ის წარმომადგენელი ელიზაბეთ სტოუნი გულშემატკივართა ოვაციების ქვეშ ინვალიდის ეტლით მიუახლოვდა საცურაო აუზს.

22 წლის სტოუნმა ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მან დისტანცია 1 წუთსა და 12 წამში დაფარა და ფინიშთან მესამემ მიცურა. თუმცა, 2008 წელს პეკინის პარაოლიმპიურ ასპარეზობაზე მას კიდევ უკეთესი შედეგი ჰქონდა. ამერიკელმა ინვალიდმა სპორტსმენმა მაშინ ვერცხლის მედალი მოუტანა თავის გუნდს. ორივე შემთხვევაში ელიზაბეთ სტოუნმა ეს შედეგი აჩვენა მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის გარეშე.
ფინიშთან ბოლოდან მეორე ვიყავი, მაგრამ ვიღაცა მაინც დავამარცხე და, ცხადია, ერთი ადამიანის დამარცხებაც კი საკმარისი იყო ჩემთვის, რომ ავნთებულიყავი. ამის შემდეგ მე უკან აღარ ვიყურები...

ასეთი დაავადებით, რომელიც მედიცინაში თეძოს ძვლის პროქსიმალური კერის დეფიციტის სახელითაა ცნობილი, ელიზაბეთ სტოუნი 22 წლის წინ საბჭოთა საქართველოს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. ლონდონის ოლიმპიური სოფლიდან ჩვენს კორესპონდენტ რიჩარდ სოლაშთან საუბარში სტოუნმა ასე გაიხსენა ქუთაისის ბავშვთა თავშესაფარში გატარებული მძიმე ბავშვობა:

„დაბადების შემდეგ ქუთაისის ბავშვთა თავშესაფარში ვცხოვრობდი. იმ დროის ამბები კარგად არ მახსოვს, მაგრამ ცოტათი მახსოვს უდედმამოთა თავშესაფარი, მე ვიტყოდი, შიმშილი, რაც იქ სუფევდა იმის გამო, რომ თავშესაფარი ძალიან ღარიბი იყო. მახსოვს საშხაპე - ერთი ოთახი, წითელი ვედროთი.“

ელიზაბეთ სტოუნი, რომლის ქართული სახელი და გვარი ქეთევან ხურციძეა, 22 წლის წინ დაიბადა ქუთაისში. გოგონა, როგორც ზემოთ ითქვა, ინვალიდი გაჩნდა - მას მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილი აკლდა. ელიზაბეთ სტოუნი ფიქრობს, რომ სწორედ ამ თანდაყოლილი ფიზიკური დეფექტის გამო თქვეს მასზე უარი მშობლებმა და ბავშვთა თავშესაფარს ჩააბარეს, სადაც იგი მიჩიგანელმა ფსიქოთერაპევტმა ლინდა სტოუნმა იშვილა და აშშ-ში ჩაიყვანა. რამდენიმე თვეში ოთხი წლის ელიზაბეთ სტოუნს კიდურის პირველი პროთეზი გაუკეთეს, რომელსაც იგი, ქართული „ფეხის“ გავლენით, დღემდე „ბეკის“ უწოდებს:

„როდესაც პირველად ჩავედი აშშ-ში, ქართულად ვლაპარაკობდი. შემდეგ, როდესაც პროთეზი გამიკეთეს, მას ყოველთვის ქართულად ვეძახდი 'ფეხს'. მაშინ საკმაო ენობრივი ბარიერი იყო ჩემსა და დედაჩემს შორის და ამიტომ 'ფეხი' იქცა 'ბეკიდ' იქცა. ახლაც ჩემს ფეხს, ქართულ ყაიდაზე, 'ბეკის' ვეძახი.“

მაგრამ როდესაც ცურავს, ელიზაბეთ სტოუნი „ბეკის“, ანუ პროთეზს, იხსნის და ამიტომაც იყო, რომ ასპარეზობის დროს, 31 აგვისტოს, აუზთან იგი ინვალიდის ეტლით მივიდა. ზუსტად ასე მოიქცა იგი რამდენიმე წლის წინ, როდესაც ცურვაში ჯანსაღ ათლეტებს შეეჯიბრა. ის შედეგი დღემდე ცოცხლობს ელიზაბეთ სტოუნის ხსოვნაში:


მარჯვნივ: ელიზაბეთ სტოუნი

მარჯვნივ: ელიზაბეთ სტოუნი

„ფინიშთან ბოლოდან მეორე ვიყავი, მაგრამ ვიღაცა მაინც დავამარცხე და, ცხადია, ერთი ადამიანის დამარცხებაც კი საკმარისი იყო ჩემთვის, რომ ავნთებულიყავი. ამის შემდეგ მე უკან აღარ ვიყურები.“

ამერიკელი პარაოლიმპიელი ფასდაუდებელს უწოდებს იმ მკურნალობას და დახმარებას, რაზეც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აშშ-ში მიუწვდებათ ხელი. კვირაში ექვსი დღის განმავლობაში ვარჯიშებმა კი სპორტსმენ გოგონას ლონდონში მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა. 7 სექტემბერს ელიზაბეთ სტოუნმა მეორე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა ბატერფლაის სტილით ცურვაში.

ზემოთ ითქვა, რომ ელიზაბეთ სტოუნი - ქეთევან ხურციძე - საქართველოში დაიბადა, მაგრამ გაშვილების შემდეგ იგი სამშობლოში აღარ ჩასულა. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტს რიჩარდ სოლაშს უთხრა ლონდონში მყოფმა სტოუნმა, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ესტუმრება იგი საქართველოს და, შესაძლოა, თავისი ბიოლოგიური მშობლების მოძებნაც სცადოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG