Accessibility links

logo-print

„ამერიკის ხმის“ რუბრიკა „გალილეო“ დღეს ტექნოლოგიური ინოვაციებით ცნობილი მეწარმის ელონ მასკის კომპანიაში შექმნილ ბატარეაზე მოგითხრობთ, რომელსაც ექსპერტები რევოლუციურს უწოდებენ.

ცნობილი მილიარდერის, ბიზნესმენის და გამომგონებლის ელონ მასკის მიერ კალიფორნიაში გამართული ახალი პრეზენტაციის შესახებ მაისის პირველ რიცხვებში მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი მედია-საშუალება იუწყებოდა. ექსპერტები კომპანია „ტესლას“ სიახლეს - სახლის ბატარეებს, სახელწოდებით „ფაუერვოლი“ (Powerwall) რევოლუციურსაც კი უწოდებენ.

რამდენად ეფექტური გამოდგება მზის ენერგიის შენახვის ახალი სისტემა და მართლა მოახდენს თუ არა ის რევოლუციას ენერგეტიკის სფეროში, ამას მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ ფაქტია, რომ ბატარეები პრეზენტაციის დასრულებისთანავე ძალიან პოპულარული გახდა. 30 აპრილის საღამოდან, როცა ელონ მასკიმ მისი პრეზენტაცია მოაწყო, 6 მაისს დღის ბოლომდე კომპანიამ 38 ათასი დაკვეთა მიიღო. აქედან 2 800 ბიზნესებისგან მიღებული შეკვეთებია, დანარჩენი კი კერძო პირები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ „ფაუერვოლი“ 2016 წლის ზაფხულამდე გაყიდულია და ეს სულ 6 დღეში მოხდა.

კომპანია "ტესლას" ბატარეა "ფაუერვოლი"

კომპანია "ტესლას" ბატარეა "ფაუერვოლი"

ექსპერტების შეფასებით ბატარეები მზის ენერგიას ეფექტურად ინახავს და ენერგომომარაგების უწყვეტობას უზრუნველყოფს. დაახლოებით ერთმეტრიანი თხელი ბატარეა ინდივიდუალურ მოხმარებაზეა გათვლილი. ის სახლის კედელზე მაგრდება ან ცალკეც შეიძლება დამონტაჟდეს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი თეთრი და ნაცრისფერი „ფაუერვოლის“ ფასებია 3 000 და 3 500 დოლარი, იმის მიხედვით, თუ რამდენ კილოვატიანია, 7 თუ 10. სანტიმეტრებში „ფაუერვოლის“ ზომებია: სიგრძე 130; სიგანე 86 და სისქე -18. კომპანია „ტესლა“ აცხადებს, რომ მოზრდილი საწარმოებისთვის და კომუნალური მომსახურების ფირმებისთვის უფრო დიდი ზომის ბატარეების გამოშვება იგეგმება.

აქვე უნდა ითქვას, რომ „ტესლა“ ენერგიის შენახვის ბიზნესში ერთადერთი კომპანია არ არის. ანალოგიური ფირმების მოგების წილი მსოფლიო ბაზარზე 2014 წელს 40 პროცენტით გაიზარდა - ნათქვამია ორგანიზაცია „ჯი-თი-ემის“ და ენერგიის შენახვის ასოციაციის მიერ წლის დასაწყისში გამოცემულ კვლევაში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სულ რაღაც 4 წელიწადში მათი წილი ბაზარზე 128 მილიონიდან 1.5 მილიარდამდე გაიზრდება.

პარალელურად მოიმატებს კომპანიებს შორის კონკურენციაც, რაც ბატარეების გაიაფებას გამოიწვევს და სწორედ მაშინ დაიწყება პლანეტაზე ნამდვილი რევოლუცია ენერგეტიკაში, აღნიშნავენ ექსპერტები. ოჯახები, რომელთაც სოლარულ პანელთან ერთად მზის ენერგიის შენახვის ბატარეები ექნებათ, კომუნალურ ფირმებზე დამოკიდებულები აღარ იქნებიან. სრული ენერგოდამოუკიდებლობა ოჯახების ბიუჯეტში თანხების მნიშვნელოვნად დაზოგვას გამოიწვევს, რადგან მზის ენერგიით სახლების ელექტრომომარაგება ბევრად უფრო იაფი ჯდება.

XS
SM
MD
LG