Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელვისი ცოცხალია!


ავტორი: ანა ლომთაძე

ვარდის ზეთითა და ვაზელინით დაყენებული თმა, ტყავის შარვალი და ფერადი, ყელმოღერილი პერანგი, სექსუალური მიხვრა-მოხვრა და ხავერდოვანი ხმა - ელვის პრესლი მე-20 საუკუნის მოვლენა და ამერიკის საკულტო ფიგურა იყო. 2015 წლის 8 იანვარს, ელვის პრესლის 80 წელი შუესრულდებოდა.

ელვისი დღემდე რჩება ერთადერთ სოლოისტ შემსრულებლად, რომელმაც მუსიკის ისტორიაში ყველაზე მეტი, დაახლოებით ერთ ნახევარი მილიარდი ჩანაწერი გაყიდა მსოფლიოს მასშტაბით. იგი 14-ჯერ იყო ნომინირებული გრემის პრემიაზე და სულ რაღაც 36 წლის ასაკში მიიღო გრემის პრემია ცხოვრებაში გაწეული ღვაწლისთვის. „როკ-ენ-როლის მეფემ“ სამხრეთული ქანთრის, აფრო-ამერიკული ბლუზისა და გოსპელის უნიკალური შერწყმით როკ-ენ-როლი ამერიკის პოპკულტურაში დანერგა. ელვისის გავლენა ჯონი კეშს, ბობ დილანსა და „ბიტლზსაც“ კი გადასწვდა. მისი გავლენა როგორც მუსიკაზე, ისე ზოგადად კულტურაზე შეუძლებელია გაზვიადებული იყოს. 33 ფილმითა და ასობით სატელევიზიო გამოსვლით, ელვის პრესლიმ მაყურებლებს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი.

რას ნიშნავს „ელვისის ფენომენსი“ და რატომ თვლის ბევრი, რომ ელვისი ჯერ კიდევ ცოცხალია?

მწერალი, დრამატურგი და მელომანი ბასა ჯანიკაშვილი ელვის პრესლის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ელვის პრესლი იყო პირველი ლოკომოტივი, პირველი ელმავალი იმ მოძრაობის და მსოფლხედველობის, რასაც როკ-ენ-როლი ჰქვია. შეიძლება ვთქვათ, რომ ელვის პრესლის მუსიკა ბლუზიდან მოდის და ეს ალბათ ასეც არის. შავკანიანების ბლუზს ამერიკაში იმ დროს, 50-იან წლებში, ძალიან ცოტა ხალხი იცნობდა. ევროპაში ხომ საერთოდ არ იცნობდნენ... ელვის პრესლი იყო პირველი თეთრკანიანი, ვინც ამ ბლუზის ფესვებიდან ამოვიდა და ასეთ სიმაღლეზე აიყვანა ეს მუსიკა და კულტურა.“

ტინეიჯერი ელვისი, რომელსაც კლასელები „მარტოსულად“ და „დედიკოს ბიჭად“ მოიხსენიებდნენ, საღამოობით მემფისში, ბილის ქუჩაზე ჩამოჯდებოდა ხოლმე, შავკანიანების შესრულებულ ვნებიანბლუზს უსმენდა და სევდიანად შესცქეროდა „ლანსკის ძმების“ მაღაზიას, სადაც ფერადი და იმ დროისათვის უჩვეულო ტანსაცმელი იყიდებოდა. ღარიბი ოჯახის შვილს არც არასდროს მიუღია მუსიკალური განათლება. ის გამუდმებით სმენით იმახსოვრებდა მუსიკას და შემდეგ დაბადების დღეზე ნაჩუქარ გიტარაზე უკრავდა ხოლმე.

უკვე წარმატებულ ელვის პრესლი არასდროს მალავდამის „ვალს“ შავკანიანთა მუსიკის მიმართ.თავისი მიხვრა-მოხვრით და ფეხის თამაშითაც კი ელვისი მემფისში ნანახ აფრო-ამერიკელ შემსრულებლებს ბაძავდა.

ელვისის აღზევება სწორედ შავკანიანთა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლას დაემთხვა. ამან მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა შედეგად მწვევე კრიტიკაც დაიმსახურა, განსაკუთრებით ამერიკის რელიგიური და მემარჯვენე მხარეებიდან. მას ამორალურ და ახალგაზრდებისთვის საშიში ზეგავლენის მქონე ფიგურად მოიხსენიებდნენ. შეიძლება, სწორედ ამიტომ, ელვისი განსაკუთრებით პოპულარული იყო ახალგაზრდებში.

ელვისმა როკ-ენ-როლი ერთდროულად ახალგაზრდული და მეამბოხე კულტურის ნაწილად აქცია. იმავდროულად გაიზარდა მოთხოვნა მაღაზიებშიც: ტყავის შარვლებზე, ფერად პერანგებსა და თმის ლაკზე. ამერიკელ ახალგაზრდებს პირველად ჰქონდათ ერთიანობის განცდა და რწმენა საკუთარ თავში. ისინი ელვისის კონცერტებზე დასასწრებად სახლიდან იპარებოდნენ და კონცერტზე ყოფნისას, სრულ ექსტაზში, სხეულზე ტანსაცმელს იხევდნენ. საკონცერტო ანშლაგებს არაერთხელ რამდენიმე ადამიანის სიკვდილიც, კი მოჰყვა. დეტროიტის იმდროინდელი გაზეთი წერდა, რომ „ელვის პრესლის სანახავად წასვლის უბედურება ისაა, რომ ვალდებული ხარ, მოგკლან“.

ბასა კანიკაშვილის თქმით,​ „ელვის პრესლი არის ალბათ ამერიკის ისტორიაში და მუსიკის ისტორიაში ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ამბობენ, რომ ის დღემდე ცოცხალია. ეს ქართველებს არ გვეშლება, მოგეხსენებათ, ჩვენთანაც ხშირად ამბობენ ვინმეზე, რომ ის ცოცხალია და ასე არიან ამერიკელებიც... არსებობს უამრავი მოძრაობა და ფესტივალი, რომელზეც დღემდე ბაძავენ და დღემდე ასრულებენ მის სიმღერებს, ისე როგორც მათ თავად ელვის პრესლი მღეროდა.“

ელვის პრესლის საბჭოთა საქართველოშიც უსმენდნენ:

„რაც არ უნდა უცნაური იყოს, საქართველოში [პრესლის] მუსიკა არ იყო აკრძალული. ბავშვობაში მახსოვს, 70-იანებსა და 80-იანებში თავისუფლად იშოვებოდა მისი ჩანაწერები. სხვათა შორის, ბევრს ჰქონდა ეს ელვის პრესლი, იმიტომ რომ გამორიცხულია არ გიყვარდეს „ბიტლზი“ და ელვის პრესლი“. - ამბობს ბასა ჯანიკაშვილი

ალბათ, 80 წლის ელვის პრესლი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დღეს თბილისში, ფილარმონიის შენობასთან ელვის პრესლის სახელობის „დაინერი“ არსებობს. შიგნით ელვისის სიმღერები ისმის და ამერიკული ბურგერების სუნი ტრიალებს.

რადიო თავისუფლება „ელვისის დაინერის“ მთავარ მენეჯერს, ავთო მიქაიას გაესაუბრა:

„საქართველოში ელვის პრესლი ფაქტიურად ხელმეორედ გავაცანით მომხმარებელს ამ კაფეს გახსნით, სადაც მუდმივად ელვისის მელოდიები ისმის და ელვისის შესახებ ფილმები ტრიალებს. და მე ვფიქორბ, რომ მოხმარებელი აქ უფრო ამის მოსასმენად დადის, ვიდრე კერძების დასაგემოვნებად.“

იმის მიუხედავად, რომ ელვისი დღეს ერთგვარ ბრენდად, კომერციულ პროდუქტად იქცა, ჯერ კიდევ 70-იან წლებში ყველა აღარ იყო მისით აღფრთოვანებული. 1970 წლის 21 დეკემბერს, ელვის პრესლი თავისი ინიციატივით შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების კონსერვატორ პრეზიდენტს რესპუბლიკური პარტიიდან, რიჩარდ ნიქსონს. შეხვედრაზე, ელვისმა საჯაროდ დაგმო ჰიპების მოძრაობა, ნარკოტიკების მოხმარება და იმდროინდელი კონტრკულტურა. ამან ბევრი, მათ შორის „ბიტლზის“ წევრები, გააწბილა. სიტუაციას ისიც ამძიმებდა, რომ, გახმაურებული ინფორმაციის თანახმად, ელვის პრესლი თავად იყო ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი.

ბასა ჯანიკაშვილი ელვისის კონსერვატორულ ხედვას ასე ხსნის:

„ელვის პრესლი შინაგანად იყო პატრიოტიზმის იმ გრძნობით გამსჭვალული, როგორ სტერეოტიპშიც პატრიოტიზმი არ ჯდებოდა ჰიპებისთვის. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ელვის პრესლი კარიერის პიკზე იყო, როდესაც მან დაანება ყველაფერს თავი და წავიდა ჯარში მსახურობდა. ამიტომ, მისთვის პაციფიზმი და ამერიკის გამოსვლა საბრძოლო მოქმედებებიდან [ვიეტნამის ომის დროს] მიუღებელი იყო...ბუნებრივი იყო ელვის პრესლის დამოკიდებულება. 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან უკვე სხვა არტისტები გამოჩნდენ. ისინი, ვინც ელვის პრესლის სიმღერას ანაცვლებდა არა მარტო კარგი ტექსტით, მუსიკითა და შესრულებით, არამედ შინაარსობრივადაც ცვლიდა მას. როდესაც ელვის პრესლი მღერის, რომ ყველანი ერთად ავდგეთ და ერთი ადგილი გავნაძრიოთ, მაშინ 50-იანი წლები იყო, მეორე მსოფლიო ომის დასასრული, და სხვა შემოძახილი სჭირდებოდა ხალს. 60-იან და 70-იან წლებში უკვე სხვა ტექსტის მოსმენა უნდოდა მსმენელს.“

70 ალბომისა და 120 „სინგლის“ გამოშვების შემდეგ ელვის პრესლი 1977 წელს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცავალების მიზეზთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები არსებობს, თუმცა გახმაურებული ინფორმაციის თანახმად, ის ნარკოტიკების ზედმეტი დოზის მიღების შედეგად დაიღუპა. მის დასაფლავებას ათიათასობით ადამიანი დაესწრო. იგი „ფორესტ ჰილის“ სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. ელვისის ზოგიერთ ფანს დიდხანს სჯეროდა, რომ მანგ სიკვდილი გაითამაშა. ელვის პრესლის გვამის მოპარვის რამდენიმე მცდელობის შემდეგ იგი დედამისთან ერთად გრეისლენდის სამედიტაციო ბაღში გადაასვენეს.( Graceland's Meditation Garden.)

XS
SM
MD
LG