Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაფერი იცვლება?!


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მორიგი გამოკვლევის პრეზენტაცია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მორიგი გამოკვლევის პრეზენტაცია
გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მორიგი გამოკვლევა - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“, რომლის მიხედვითაც, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად კვლავ რჩება „სამუშაო ადგილები“ და „ტერიტორიული მთლიანობა“. ამასთან, გამოკითხულთა 75-80 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებებით 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 79 პროცენტს მოსწონს პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელება, ხოლო 72 პროცენტს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან.

თბილისში მცხოვრები 50 წლის მაია არსენიშვილი ამბობს, რომ მის ოჯახს ბევრ პრობლემასთან უწევს გამკლავება, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი უმუშევრობაა:

„ადამიანს თუ სამსახური ექნება და ხელფასი, მაშინ მეტ-ნაკლებად შეძლებს ყველაფერს - თავსაც მიხედავს და ოჯახსაც. ხალხიც დაწყნარდება და აღარ იქნება ასე გაღიზიანებული“.

„ენ-დი-აის“ გამოკვლევამ აჩვენა, რომ მაია არსენიშვილივით ფიქრობს გამოკითხულთა 62 პროცენტი. ამასთან, შეკითხვაზე, თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, უარყოფითი პასუხი გასცა რესპონდენტთა 69 პროცენტმა. „ენ-დი-აის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ლუის ნავაროს თქმით, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემათა ჩამონათვალში ასევე მოხვდა „ტერიტორიული მთლიანობა - 39 პროცენტი, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება - 31 პროცენტი და საღარიბე - 30 პროცენტი. ამასთან, ლუის ნავაროს თქმით, ასევე საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორ შეიცვალა მდგომარეობა, ამ საკითხების თვალსაზრისით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში:

ლუის ნავარო
ლუის ნავარო
„კითხვაზე, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა ძირითად საკითხებთან მიმართებით, მოსახლეობა აცხადებს, რომ არაფერი შეცვლილა, ანუ იგივე მდგომარეობაა, თუმცა შედარებით პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, პენსიები, სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი არჩევნები და რუსეთთან ურთიერთობა. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელთა აღქმისას „გაუარესება“ სჭარბობს „გაუმჯობესებას“, ასეთებია: სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ინფლაცია“.

ლუის ნავაროს თქმითვე, გამოკვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებას, ქვეყნის მასშტაბით, ამართლებს 43, ხოლო, თბილისის მასშტაბით, 39 პროცენტი. ამასთან, შეკითხვას, მოგწონთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასახელებული ირაკლი ღარიბაშვილი, 79-მა პროცენტმა დადებითად უპასუხა. თბილისელებისათვის დასმულ ამ შეკითხვაზე რადიო თავისუფლებამ ასეთი პასუხები მიიღო:

„ღარიბაშვილი? მე ძალიან მომწონს! ახალგაზრდაა, პირდაპირი და ამის გამო კარგი განწყობით ვარ მის მიმართ“.

„ნორმალურია! განათლებულია და კარგი ბიოგრაფიაც აქვს“.

„მთავარია, რომ გვერდზე უდგას ბატონი ივანიშვილი. ეს არის მთავარი!“

„არანაირი შეხება არ მაქვს მის საქმიანობასთან... არ მიგრძვნია რამის გაუმჯობესება“.

„ბრწყინვალეა! პირველად როცა ვნახე, ისეთი სათნო სახით გამოიხედა, რომ ეჭვი არ მეპარება, ხალხისთვის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს“.

არ მგონია, რომ ვინმე კმაყოფილი იყოს, მათ შორის, ხელისუფლება, რადგანაც ვიდრე რუსეთს ექნება საქართველოს ტერიტორიის 22 პროცენტი, კმაყოფილებისთვის არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია...
ზვიად კვაჭანტირაძე

„ენ-დი-აის“ მიერ ჩატარებული კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი საგარეო ურთიერთობებს ეთმობა. ირკვევა, რომ სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა მისაღებია 70 პროცენტისთვის, საქართველოს გაერთიანებას ევრაზიულ კავშირში იწონებს გამოკითხულთა 11 პროცენტი, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებას - 68 პროცენტი. მოსაზრება, რუსეთი საქართველოსათვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, სრულად გაიზიარა 23-მა პროცენტმა. გამოკვლევის მიხედვით, საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან არ მოსწონს გამოკითხულთა 72 პროცენტს. რადიო თავისუფლებამ ამ მონაცემების კომენტირება სთხოვა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ზვიად კვაჭანტირაძეს.

„არ მგონია, რომ ვინმე კმაყოფილი იყოს, მათ შორის, ხელისუფლება, რადგანაც ვიდრე რუსეთს ექნება საქართველოს ტერიტორიის 22 პროცენტი, კმაყოფილებისთვის არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია. კმაყოფილებას, თუ ძალიან ფრთხილად ვიხმართ ამ სიტყვას, შეიძლება იწვევდეს ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით ყინულის გალღობა ურთიერთობაში. რაც უნდა ხელის შემშლელი ბარიერები და წინაღობები აღმოჩნდეს ამ გზაზე, ჩვენ რუსეთთან დიალოგი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შევწყვიტოთ“, - უთხრა ზვიად კვაჭანტირაძემ რადიო თავისუფლებას.

კვლევის შედეგების მიხედვით, უმცირესობათა უფლებების დაცვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვნად მიაჩნია გამოკითხულთა 60 პროცენტს. 73 პროცენტს აღწევს იმ რესპონდენტთა წილი, რომლის აზრითაც, არსებული ხელისუფლება ახორციელებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, ხოლო მოსაზრებას, საპარლამენტო ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში იყოს, განახორციელებდა ჩვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, იზიარებს გამოკითხულთა 24 პროცენტი, მაშინ როცა არასაპარლამენტო ოპოზიციის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 17 პროცენტია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი გამოკვლევის დანარჩენ - პოლიტიკური რეიტინგების - ნაწილს 20 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG