Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმბერტო ეკო, კარლო მარია მარტინი – "რა სწამს მას, ვისაც არ სწამს"


გამომცემლობა "დიოგენემ" ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი გამოსცა. ესაა 1995–1996 წლებში უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის შორის გამართული დიალოგების კრებული, რომელიც კიდევ რამდენიმე იტალიელი მოაზროვნის წერილებითაა შევსებული. პირველი წერილი 1995 წლის 22 მარტს დაიწერა, როცა ჟურნალ Liberal–ის პირველ ნომერში უმბერტო ეკომ, აპოკალიფსის თემის წამოწევით, თავისი და კარდინალ მარტინის დიალოგის პირველი საკითხი დასვა. თუმცა, სანამ ამ საკითხს დასვამდა, ეკომ თავის თანამოსაუბრეს სთხოვა ტიტულების გარეშე მიეწერათ ერთმანეთისთვის, კარდინალოს, თქვენო აღმატებულებავ და ა.შ. მიმართვების გარეშე, რათა დიალოგი ისე წარმოჩენილიყო, როგორც აზრთა გაცვლა თავისუფალ ადამიანებს შორის. წიგნის მთარგმნელმა, ხათუნა ცხადაძემ, პირველ რიგში სწორედ ეს ერთგვარი ეტიკეტის საკითხი აღნიშნა:

„’ლიბერალი’ არჩევს არა, უბრალოდ, ეკლესიისათვის წონიან ფიგურას, იმიტომ რომ ის არის კარდინალი ან თუნდაც რომის პაპი, არამედ არჩევს ფიგურას, რომელიც არის გამორჩეული თავისი ინტელექტუალური გამოცდილებით. ეს არის იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი ყველაზე წონიანი ინტელექტუალი (თუ ყველაზე არა) კათოლიკურ ეკლესიაში... სხვათა შორის, კარდინალი მარტინი ახლახან გარდაიცვალა, რამდენიმე თვის წინ. ძალიან დამწყდა გული. ჩვენ მას ველაპარაკეთ პირადად, მისი მდივნის საშუალებით. მან მოგვცა თანხმობა ამ პუბლიკაციაზე და იგი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა... და "ლიბერალი" ასეთ ფიგურას არჩევს, რომელსაც ეკო დასაწყისშივე სთავაზობს, მოდი, ერთმანეთს სახელებით მივმართოთო, და ასეც მიმართავს: კარლო მარია მარტინი. სხვათა შორის, მე, ცოტა არ იყოს, წინააღმდეგი ვიყავი, რომ ყდაზე „კარდინალი მარტინი“ გამოსულიყო, თუმცა ჩვენებმა ამერიკული გამოცემის მაგალითი გაითვალისწინეს, როგორც ჩანს. ამერიკელებს კი ჟღერადობა უყვართ ყდაზე და იქ ასეა, „კარდინალი მარტინია“, თუმცა შიგნით სახელი და გვარითაა მოყვანილი. ეკო როგორც მიმართავდა, სახელით და გვარით, ასე მინდოდა ყდაზეც ყოფილიყო, მოკლედ".

როდესაც ეტიკეტის საკითხებზე შეთანხმდებიან (კარდინალიც სრულიად იზიარებს ეკოს აზრს წოდებების შესახებ), ეკო და მარტინი ეთიკის საკითხებზე გადადიან და ცდილობენ კათოლიკურ და საერო სამყაროებს შორის თანხვედრის წერტილები მოძებნონ. ეკო თავიდანვე სწორად მიმართავს აზრს - ასე ამბობს, ჯობს დღევანდელობის პრობლემებზე საუბარს თავი დავანებოთ და უფრო მაღლა დავუმიზნოთო, ისეთ საკითხს შევეხოთ, რომელიც "კაცთა მოდგმის ყოველი წარმომადგენლის აღფრთოვანების, ძრწოლისა თუ იმედის მიზეზად ქცეულა ბოლო ორი ათასწლეულის მანძილზეო". საუბარია სამყაროს დასასრულის იდეაზე, რის შესახებაც ბევრ საინტერესო მოსაზრებას წავიკითხავთ ორივე წერილში, თუმცა 2000 წელს გადმოცილებული და, რაც მთავარია, 2012 წლის დეკემბრის ზღურბლს გადმობიჯებული მკითხველისთვის შესაძლოა სხვა თემები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს - მაგალითად, მეორე დიალოგი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს, უფრო კერძოდ კი, აბორტის პრობლემას ეძღვნება, ასევე ქალისა და მამაკაცის საკითხი ეკლესიაში, რწმენისა და ეთიკის პრობლემა, თემა, რომელიც წიგნის ყდაზე გამოტანილ სათაურსაც ეხმიანება: "რა სწამს მას, ვისაც არ სწამს".

რწმენაზე და ურწმუნოებაზე ძალზე ღიად საუბრობენ ეკო და კარდინალი მარტინი. მაგალითად, კარლო მარია მარტინი რწმენის თავისუფლების შესახებ სრულიად გარკვევით საუბრობს და ამბობს, რომ რელიგიური პრინციპების ვინმესთვის იძულებით თავს მოხვევა თავისუფლების ხელყოფაა და რელიგიურმა აღმსარებლობებმა ეს უნდა აღიარონ. თავის მხრივ, ეკოც, რომელიც არ მიეკუთვნება მორწმუნეთა რიგებს, ძალიან მოწიწებულია მორწმუნეების მიმართ და გულწრფელად გამოხატავს თავის პატივისცემას. ერთხელ იმასაც კი ამბობს, რომ აღიზიანებენ ჰომოსექსუალები, რომლებიც ეკლესიისგან აღიარებას მოელიან, თუმცა არც იმ მღვდლებს ინდობს, რომლებსაც დაქორწინება უნდათ. ერთი სიტყვით, წიგნში არც ერთ მწვავე და საჩოთირო საკითხს არ უვლიან გვერდს:

"იტალია არის ძალიან კათოლიკური ქვეყანა. მოგეხსენება, კათოლიკური ეკლესია ძალიან ძლიერია დღემდე, 90-იანი წლებიდან არაფერი შეცვლილა და ეს თემა ყოველთვის აქტუალურია, მით უმეტეს, ისეთ ქვეყნებში, სადაც ეკლესიის როლი და ფიზიკურად მისი როლი ადამიანების ყოველდღიურობაში ძალიან აქტიურია და აქტუალური, როგორც, მაგალითად, საქართველოში. ეს ეკლესიის როლი ჩვენთან მუდამ ლაპარაკის და კამათის საგანია და საქართველო არის ქვეყანა, სადაც, პრინციპში, რომ თქვა "მე არ მწამს ღმერთი", ეს უკვე სკანდალური განცხადებაა. იტალიამ ეს გადალახა, მიუხედავად თავისი ძლიერი კათოლიკური ბეკგრაუნდისა და ყოფისა. ფიზიკურად იტალიაში ვატიკანის არსებობა ძალიან განაპირობებს იტალიის კათოლიკურ მიმართულებას, იტალიაში დღემდე არის კამათი იმის შესახებ, ჯვრები მოხსნან თუ არა საჯარო სკოლებში..."

ერთ-ერთი საუკეთესოა ეკოს დასკვნითი წერილი, რომლის სათაურიცაა: "როცა სცენაზე გამოდის სხვა, იბადება ეთიკა". ეკო წერს: "ეთიკური განზომილება მაშინ იბადება, როცა სცენაზე სხვა გამოდის. ყოველი კანონი, მორალური თუ იურიდიული, ადამიანთა შორის ურთიერთობებს არეგულირებს, იმ სხვასთან ურთიერთობის ჩათვლითაც, ვინც ამ კანონს გვიწესებს". და ამით იგი მარტინის სურვილსაც ეხმიანება: "ძალზე მნიშვნელოვანია, არსებობდეს საერთო საფუძველი ეთიკის საკითხებში მორწმუნეთა და არამორწმუნეთათვის, რათა მათ შეძლონ თანამშრომლობა ადამიანის წინსვლის, სამართლიანობისა და მშვიდობისათვის".

წიგნი საკმაოდ სასიამოვნო საკითხავია, რადგან ჭკვიანი ხალხი საუბრობს. საკითხებსაც დეტალურად განიხილავენ, ხშირად იმეორებენ ერთმანეთის შეკითხვებს თუ დასკვნებს, მუდამ აზუსტებენ რაღაცებს, მოჰყავთ მაგალითები, არ ავიწყდებათ მთავარი სათქმელი და არასდროს კარგავენ ძირითად ძაფს. თუმცა სხვაობა მაინც ბევრ რამეშია: ეკო თავის მოედანზე ცდილობს თამაშს, კარდინალი კი ძალზე ხშირად მიმართავს ციტატებს წმინდა წერილიდან თუ სხვა ტექსტებიდან. კარდინალი ძალიან უფრთხის თემის გართულებას, ეშინია მკითხველის დაკარგვის და ერთი ორჯერ საკითხში ჩაღრმავებაზეც უარს ამბობს, ეკო კი, პირიქით, არ ერიდება სირთულეს.

ხათუნა ცხადაძე კიდევ ერთ საინტერესო თემას შეეხო:

"აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ მე ვაკონტროლო, ვაკონტროლო კი არა, ვაკრიტიკო პოლიტიკოსების გამოსვლები, ან რაღაცა ვეძიო მათში და შევცვალო მათი გამოსვლა... არა. ჩემი საქმეა, რომ ვიმუშაო რეციპიენტზე, ანუ მიმღებზე... ძალიან კარგ ფრაზას ამბობს ეკო თავის წიგნში, რომელიც თარგმანის თეორიას ეძღვნება (ასე ჰქვია: "თქვა თითქმის იგივე". ჩემი აზრით, არაჩვეულებრივი სახელმძღვანელოა ყველასთვის, ვინც თარგმნის) და იქ ამბობს, რომ კი არ უნდა შეცვალო შინაარსი ტელევიზორში, არამედ შეცვალო ის, ვინც ზის სკამზე ტელევიზორის წინ და ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო. ეკლესიის თემაზეც ზუსტად იგივეა და აქ ეკო ამბობს, რომ მე ის კი არ უნდა ვქექო, რას ამბობს კარდინალი, რას ამბობს პაპი ან ეკლესია, არამედ რეციპიენტზე უნდა ვიმუშავო".

ამ შესანიშნავ წიგნზე ძნელია ასე მოკლედ საუბარი. სამწუხაროდ, ბევრ ისეთ თემას ვერ შევეხე, რომელზეც შთაგონებით წერენ ავტორები. განსაკუთრებით კი იმაზე მწყდება გული, რომ წიგნის მეორე ნაწილზე ვერ ვთქვი ვერაფერი, ე.წ. ქოროზე, სადაც ასპარეზზე XX საუკუნის უმნიშვნელოვანესი იტალიელი მოაზროვნეები გამოდიან და თავიანთი მოსაზრებებით აზუსტებენ ეკოს და მარტინის განსჯებს: ემანუელე სევერინო, მანლიო სგალამბრო, ეუჯენიო სკალფარი, ინდრო მონტანელი, ვიტორიო ფოა და კლაუდიო მარტელი.

წიგნში ერთ საინტერესო ცნებასაც შეხვდებით, კოსმოფაგიას, რომელიც აფრიკელ ანთროპოლოგს, ჰარის მემელ-ფოტეს ეკუთვნის. იქვე ასეთი შეკითხვაცაა: "რა შეიძლება ადამიანმა ბუნებას გაუკეთოს, რათა თავი გადაირჩინოს, და რა არ შეიძლება გაუკეთოს, რომ ბუნება გადარჩეს".
XS
SM
MD
LG