Accessibility links

logo-print

ავტორი: ირინა გურული

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ პროექტის განხორციელება. სამინისტროსა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, „ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის. იგი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენისწყალზე აშენდება. როგორც ცნობილი გახდა,კასკადი გააერთიანებს 4 ჰიდროელექტროსადგურს: „ლუჯიჰესი“, „მუხრაჰესი“, „ლენტეხიჰესი“ და „ცაგერიჰესი“. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $723 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს, მისი საერთო დადგმული სიმძლავრე 347.1 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 1,743.7 მლნ კვტ.სთ.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ინფორმაციით, წარმოებული ელექტროენერგია არა მარტო შიდა ბაზარს მოხმარდება, არამედ მისი დიდი ნაწილი ექსპორტზე გავა თურქეთის რესპუბლიკაში. ამ ეტაპზე, ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის პარალელურად, განხორციელდება პროექტის დეტალური კველვა გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით. წინასწარი გათვლებით, აქტიური სამშენებლო ფაზა 2017 წელს დაიწყება.

პროექტის შესახებ კომენტარსაკეთებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილიც. მისი განცხადებით, „ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ ყველაზე მძლავრია „ენგურჰესის“ და „ხუდონჰესის“ პროექტის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ კასკადის საშუალო წლიური გამომუშავების დაგეგმილი მაჩვენებელი საქართველოს ამჟამინდელი ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 17 %-ზე მეტს შეადგენს.

ამჟამად პროექტში ინვესტიციას სრულად ახორციელებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, თუმცამიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო კომპანიებთან სტრატეგიული პარტნიორის მოზიდვის მიზნით. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებასთან ერთად, არის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რაშიც მოიაზრება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება. ამიტომ ენერგეტიკის სფეროში მოზიდულ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საინეტერსოა, შედეგიანია თუ არამთავრობის ძალისხმევა ენერგეტიკის სფეროში მოზიდული ინვესტიციების თვალსაზრისით. მიმოვიხილოთ ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენციები.

საქართველოს სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის მეორე კვარტალში ენერგეტიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა დაახლოებით 9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი კვარტალურიმაჩვენებელია.

2015 წლის მეორე კვარტალში ენერგეტიკის სფერო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, სხვა სექტორებთან მიმართებითმეშვიდე ადგილს იკავებს. სტატისტიკის თანახმად, ენერგეტიკის სფეროს უსწრებს სასტუმროებისა და რესტორნების სფერო, უძრავი ქონება, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. აღნიშნულ სექტორებში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები, ენერგეტიკის სფეროსგან განსხვავებით, 2015 წლის მეორე კვარტალში მატების ტენდენციით გამოირჩევა.

როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა კლების ტენდენციით ხასიათდება. ამ სფეროთი უცხოელი ინვესტორების დაინტერესება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის სრულად ასათვისებლად და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG