Accessibility links

logo-print

ენერგეტიკული საკითხების პოლიტიკური განხილვა პარლამენტში


კახა კალაძე საკომიტეტო განხილვაზე

კახა კალაძე საკომიტეტო განხილვაზე

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები, „სოკარისგან“ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღება და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პერსპექტივები – ასეთი იყო ძირითადი აქცენტები 9 მარტს პარლამენტში გამართული საკომიტეტო განხილვისა, რომელზეც ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს უსმენდნენ.

დარგობრივი ეკონომიკისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიაც შეუერთდა, ენერგეტიკული საკითხები დიდწილად პოლიტიკურ ჭრილში განიხილებოდა. ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო და პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს საქართველოს ინტერესების უგულებელყოფაში სდებდნენ ბრალს.

პოლიტიკური ოპონენტები – ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები – ენერგეტიკის მინისტრს პარლამენტში ზუსტად იმ შეფასებებით, კომენტარებითა და რეპლიკებით დახვდნენ, რომლებიც ხშირად ისმოდა ბოლო თვეებში ამ პოლიტიკური ძალის მიერ ორგანიზებულ არაერთ საპროტესტო აქციაზე, მოწოდებით: „არა გაზპრომს!“

მინისტრ კალაძეს პოლიტიკურმა ოპონენტებმა ძალიან ბევრი შეკითხვა დაუსვეს, მაგალითად, იმის თაობაზე, თუ რატომ იყო გასაიდუმლოებული და ბურუსით მოცული რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები, რატომ ამტკიცებდა ენერგეტიკის მინისტრი, აზერბაიჯანულ „სოკარს“ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მოწოდება არ შეუძლიაო, მაშინ როცა, საბოლოოდ, საქართველომ ამ ტიპის ხელშეკრულება სწორედ ამ კომპანიასთან გააფორმა, და სათანადოდ რატომ არ ეწინააღმდეგებოდა ენერგეტიკის მინისტრი რუსეთის წინადადებას, რომ საქართველო სომხეთისკენ გატარებული გაზის 10%-ის მიღების ნაცვლად ფულად ანაზღაურებაზე გადასულიყო.

არაერთი შეხვედრა და მოლაპარაკებები გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარება. თქვენ იცით, რომ ამ მილსადენს ფლობს კონსორციუმი, რომელშიც სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიები არიან გაწევრიანებული...

ენერგეტიკის მინისტრი აბსურდულად მიიჩნევს ყველა ბრალდებას მისგან საქართველოს ინტერესების ხელყოფისა და „გაზპრომის“ ინტერესების ლობირებას თაობაზე. მისი თქმით, რაიმე რომ ყოფილიყო დასამალი, „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრები ევროპის დიდ ქალაქებში არ გაიმართებოდა, ხოლო „სოკარმა“ საქართველოსთვის გაზის დამატებითი მოცულობის მოწოდების ტექნიკური საშუალება მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად გამონახა:

„ის პრობლემა, რაც იყო დღის წესრიგში, რომ დამატებითი მოცულობების მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობა არ იყო მილსადენ „ყაზახის“ საშუალებით, რომელიც არის კომპანია „სოკარის“ საკუთრება, დღეს, ერთობლივი მუშაობით, ეს პრობლემა არის მოგვარებული, გადაჭრილი და ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა მივიღოთ ბუნებრივი აირი „შაჰდენიზის“ მილსადენიდან... არაერთი შეხვედრა და მოლაპარაკებები გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარება. თქვენ იცით, რომ ამ მილსადენს ფლობს კონსორციუმი, რომელშიც სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიები არიან გაწევრიანებული“.

მას შემდეგ, რაც „სოკარმა“ საქართველოსთვის დამატებითი გაზის მოწოდების ტექნიკური საშუალებები გამონახა, მინისტრ კალაძის განმარტებით, მას შესაძლებლობა მიეცა უფრო პრინციპულად და გამართულად დალაპარაკებოდა რუსეთის „გაზპრომს“ ერთწლიანი ხელშეკრულების ძველი პირობებით გაგრძელებასთან დაკავშირებით და შედეგსაც მიაღწია:

„ხელშეკრულება „გაზპრომთან“ გაფორმებული არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში, უახლოეს მომავალში იქნება ეს ხელშეკრულება გაფორმებული... ჩვენ გადავუგზავნეთ ხელშეკრულების შინაარსი, ანუ ჩვენ ვრჩებით იგივე პოზიციაზე, რაც ეს წლების განმავლობაში იყო, ანუ მივიღებთ (სომხეთისკენ გატარებული) ბუნებრივი აირის 10%-ს ნედლეულის სახით“.

ამ ეტაპზე საზოგადოებამ შეძლო, რომ, თავისი ზეწოლის შედეგად, აგაღებინოთ ხელი გეგმებზე. ეს არის სრული სიმართლე... მე ნამდვილად არა ვარ თქვენი მტერი და არ მინდა, რომ მეორედ გაეხვიოთ ასეთ შარში... იმედი მაქვს, რომ არჩევნების მერე შანსიც არ გექნებათ ასეთ შარში გახვევის...

მართალია, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბევრი ილაპარაკა იმის შესახებ, რომ მისი უწყება არასოდეს ეთანხმებოდა რუსეთის წინადადებას ფულად ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ, პრაქტიკულად, საწინააღმდეგოზე მეტყველებს, მაგალითად, მისი მოადგილის მარიამ ვალიშვილის მიერ 25 თებერვალს გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ ქართული მხარე არ არის პრინციპულად წინააღმდეგი, გადავიდეს თანხობრივ ანაზღაურებაზე, მაგრამ გააჩნია, რა იქნება ეს თანხა. „აი, სწორედ ამ თანხაზე ვერ ვთანხმდებით“, – განაცხადა იმ დღეს მარიამ ვალიშვილმა.

ასეა თუ ისე, საბოლოოდ, საქართველომ ყველასთვის მისაღები შედეგი რომ მიიღო, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციების ტალღის დამსახურებად მიიჩნევს. 9 მარტის საკომიტეტო განხილვის მსვლელობისას ამის შესახებ არაერთმა დეპუტატმა ილაპარაკა და მათ შორის იყო გოკა გაბაშვილიც:

„ამ ეტაპზე საზოგადოებამ შეძლო, რომ, თავისი ზეწოლის შედეგად, აგაღებინოთ ხელი გეგმებზე. ეს არის სრული სიმართლე... მე ნამდვილად არა ვარ თქვენი მტერი და არ მინდა, რომ მეორედ გაეხვიოთ ასეთ შარში... იმედი მაქვს, რომ არჩევნების მერე შანსიც არ გექნებათ ასეთ შარში გახვევის...“

„ნაციონალური მოძრაობის“ მწვავე განცხადებებს ასეთივე სიმწვავით გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენლები. პოლიტიკურ ოპონენტებს მათ რუსეთისთვის მიყიდული ენერგოობიექტები და მაგისტრალური მილსადენის მიყიდვის მცდელობაც შეახსენეს. ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, „ნაციონალურ მოძრაობას“ სტრატეგიულ პარტნიორთან – აზერბაიჯანთან – ურთიერთობების გაფუჭების მცდელობაშიც დასდო ბრალი:

გია ვოლსკი

გია ვოლსკი

„ყველა დარტყმა, ყველა ინფორმაცია, ყველა განცხადება, რომელიც მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და დღესაც გავიგონეთ, იყო მიმართული იმისაკენ, რათა ეიძულებინა ამ შემთხვევაში ენერგეტიკის მინისტრი ან მთავრობის წარმომადგენლები, რომ აუგად ან კომერციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი თემის გაჟღერებით მოეხსენიებინათ აზერბაიჯანთან ურთიერთობა. პრაქტიკულად ეს იყო ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც ზედაპირზე დევს...“

9 მარტს გაერთიანებულ საკომიტეტო განხილვაზე ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მისული იყო მოადგილეებთან ერთად და მათ შორის იყო მარიამ ვალიშვილი, რომელმაც ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე ილაპარაკა. ვალიშვილის თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ტექნიკურ დეტალებზე - საქართველოს მიერ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით მოთხოვნილი გამონაკლისების გარშემო. ამავე წყაროს ცნობით, განხილვის პროცესი ივნისში დასრულდება და საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას მიმდინარე წლის ოქტომბერში მოელის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG