Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგოუსაფრთხოება - პოლიტიკური ხიფათის შემცირებით


თბილისი ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრას მასპინძლობს. ორდღიან კონფერენციაზე რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის საკითხები განიხილეს. განიხილებოდა ასევე განახლებადი ენერგიის მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვის თემა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტრანსატლანტიკური გაზსადენის მშენებლობის ვადების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ამ გაზსადენით თურქეთს აზერბაიჯანიდან გაცილებით მეტი გაზის მიიღების საშუალება ექნება.

ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრის მთავარი მიზანი იყო გამონახულიყო შესაძლებლობები ელექტროენერგიის ბაზრის ინტეგრაციისათვის და სუფთა და მდგრად ენერგეტიკაში ინვესტიციების გასაზრდელად. ენერგეტიკული ქარტია ევროპისა და აზიის 50-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს. ქარტიის მიზნებს შორის უმთავრესი ადგილი უკავია ენერგეტიკის სატრანზიტო სფეროში პოლიტიკური რისკების შემცირებას. ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ენერგოდივერსიფიცირების საშუალებათა მოძიება. ირაკლი ღარიბაშვილი ქარტიის კონფერენციის მეორე დღეს, დილით, გამოვიდა სიტყვით:

„ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ენერგეტიკის დივერსიფიკაციის ახალი გზებისა და საშუალებების მოძებნა. ენერგეტიკული უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მიღწევა, რა თქმა უნდა, არის შეუძლებელი რეგიონალური თანამშრომლობის გარეშე. ამიტომაც, საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყნის, ინიციატივა იყო სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება“.

ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ისაუბრა საქართველოსა და თურქეთს შორის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაციაზე, რაც ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტების მხარდაჭერით განხორციელდა და რომელიც უკანასკნელ წლებში რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტია.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ 2018 წელს შეგვეძლება დამატებით მივიღოთ ბუნებრივი აირი, მაშინ ჩვენ „გაზპრომისგან“ დამატებითი ბუნებრივი აირის შესყიდვა აღარ დაგვჭირდება. 10 %, რომელსაც ჩვენ აირის გატარებაში ვიღებთ, იმას აუცილებლად მივიღებთ...
კახა კალაძე

კახა კალაძემ ფორუმის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე პასუხი გასცა ჟურნალისტების შეკითხვას იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაახმაურეს. საქმე ეხება ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობის დაჩქარებას. მშენებლობის დროზე ადრე დასრულებით აზერბაიჯანული გაზი თურქეთში, საქართველოს გავლით, დაგეგმილზე ადრე, ანუ 2018 წლამდე, უნდა მოხვდეს. ამით თურქეთს საშუალება ექნება აზერბაიჯანისგან ყოველწლიურად ექვსი მილიარდი კუბური მეტრით მეტი გაზი შეიძინოს. ბაქო ევროპაში ყოველ წელს 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტის განხორციელებას შეძლებს შაჰ დენიზის საბადოდან.

კახა კალაძეს უჭირს დაბეჯითებით თქვას, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტი შეიძლება დაგეგმილზე ადრე დასრულდეს, თუმცა საქართვველოსთვის ეს ხელსაყრელი იქნება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში გაზსადენის 55-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა:

„თავიდან, როცა ამ პროექტის განხორციელება დაიწყო, საუბარი იყო, რომ 2019-2020 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. მე გამიჭირდება იმაზე საუბარი, რამდენად შესაძლებელი იქნება 2018 წლისთვის ამ პროექტის დასრულება, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ 2018 წელს შეგვეძლება დამატებით მივიღოთ ბუნებრივი აირი, მაშინ ჩვენ „გაზპრომისგან“ დამატებითი ბუნებრივი აირის შესყიდვა აღარ დაგვჭირდება. 10 %, რომელსაც ჩვენ აირის გატარებაში ვიღებთ, იმას აუცილებლად მივიღებთ, ხოლო 2018 წლამდე თუ ჩვენ გვექნება იმის აუცილებლობა, რომ შემოვიტანოთ ბუნებრივი აირი, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ ახლა თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროების მიღება. პარტიის წარმომადგენლის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს როლიც:

„თურქეთი არის დიდი ენერგომომხმარებელი, გაზის მომხმარებელი ქვეყანა, მისთვის მნიშვნელოვანია ჩანაცვლდეს რუსული გაზი, ვინაიდან რუსეთი თავის ენერგორესურებს - და არამხოლოდ ენერგორესურსებს - იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ დაიწოს ახლა თამაში „გაზპრომთან“, უფრო სწორად, არ დაიწყოს „გაზპრომის“ და პუტინის თამაში“.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას თქმით, ამ პროცესში საქართველოს როლი მინიმალურია, მას არაფერი შეუძლია არც პროცესის დაჩქარების, არც შენელების თვალსაზრისით და სარგებელი კი საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის ფორუმს, გაისად ფორუმის თავმჯდომარე იაპონია იქნება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG