Accessibility links

logo-print

"ენგურჰესის" თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, "ენგურჰესი" ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე მოეწყობა და იქ მისულ სტუმრებს ენგურზე გადახედვა შეეძლებათ. „ენგურჰესის“ კაშხლის უნიკალური ნაგებობისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონია 21 აგვისტოს დაბა ჯვარში გაიმართა.

ჰიდროელექტროსადგური, რომლის აშენების იდეას და სურვილსაც ცნობილი ქართველი პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის სახელთან მივყავართ, დღეს სრული დატვირთვით მუშაობს. ის საქართველოს ენერგოსისტემის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია. ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის თითქმის ნახევარი სწორედ „ენგურჰესზე“ მოდის. მის ცნობილ თაღოვან კაშხალს კი დღეიდან ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლის სტატუსიც ექნება. შეთანხმებას ხელი 21 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მოაწერეს.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქართული ინჟინერიის, ეროვნული ჰიდრომშენებლობის უნიკალურ ძეგლთან, ენგურის კაშხალთან. ეს მდინარე კი, მდინარე ენგური, თავისი უდიდესი ჰიდროპოტენციალით ჯერ კიდევ გასული საუკუნის გარიჟრაჟზე იპყრობდა ყურადღებას. დიდი ნიკო ნიკოლაძის ასრულებული ოცნებაა ის, რასაც დღეს ძეგლის სტატუსს ვანიჭებთ“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 21 აგვისტოს, დაბა ჯვარში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. მან „ენგურჰესში“ მომუშავე როგორც ქართველ, ისე აფხაზ პერსონალს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ „ენგურჰესი“ დღემდე რჩება ყველაზე ფაქიზ ურთიერთობად აფხაზებსა და ქართველებს შორის.

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით კი, ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლების იდენტიფიკაცია მთელ მსოფლიოში აქტუალურია და ამის დასტურია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წლევანდელი, 39-ე, სესიაც, სადაც სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობდნენ.

ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებს უერთდება „ენგურჰესის“ცის თაღის ფორმის კაშხალი - 271,5 მეტრის სიმაღლის უმიკალური ნაგებობა, რომლის განივი სიგრძე 728 მეტრია. თავად ენგურის ჰიდროელექტროსადგური ასევე გამორჩეული ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსია, სამხრეთ კავკასიაში უდიდესი ჰესი, რომელიც დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, გვეუბნება „ენგურჰესის“ ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ექსპერტი, პროფესორი მირიან ყალაბეგაშვილი. მისი თქმით, საქართველოს ენერგორესურსებს შორის წამყვანი ადგილი სწორედ მდინარე ენგურს უჭირავს. მისი ათვისების გეგმაც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება, ცოტა მოგვიანებით, ტერიტორიის კვლევისა და დეტალური დაზვერვის შედეგად მიიღეს. საბოლოოდ, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და 1977 წელს დასრულდა. მირიან ყალაბეგაშვილი გვეუბნება, რომ „ენგურჰესის“ გარეშე საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაზე ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან სწორედ ის არის საქართველოს ენერგეტიკული ხერხემალი, სწორედ ის უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ მომარაგებას როგორც ბაზისში, ისე პიკურ პერიოდში:

„ენგურჰესის“ ამჟამინდელი სიმძლავრე 1300 მეგავატია, ენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება კი 4 მილიარდ 400 მილიონი კილოვატსაათია, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საზღვარგარეთის მასშტაბითაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ის ჩვენთან წარმოებული ელექტროენერგიის თითქმის ნახევარს იძლევა“.

საქართველოში მრავალი მდინარეა, - 26 000-ზე მეტი, როგორც ასახელებენ, - მაგრამ მათგან მხოლოდ სამასამდე მდინარეს აქვს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი...

ელექტროენერგიით მომარაგების გარდა, „ენგურჰესის“ წყალსაცავი, მოცულობით 110 მილიონი კუბური მეტრი, მდინარის წყალდიდობის ხარჯების აკუმულირებასაც უზრუნველყოფს და მოსახლეობას მოსალოდნელი დატბორვებისგან იცავს. რაც შეეხება თავად თაღოვან კაშხალს, 2012 წლამდე ის უდიდეს თაღოვან კაშხლად ითვლებოდა, სანამ ჩინეთში აშენებულმა უფრო დიდმა კაშხალმა არ დაჩრდილა, მოგვითხრობს მირიან ყალაბეგაშვილი. ის ასევე ამბობს, რომ სპეციალურად დამუშავდა ბეტონის რეცეპტიც, რომლითაც კაშხალი ააგეს და რომელიც მაქსიმალურად საიმედო და მაღალი სიმტკიცისა უნდა ყოფილიყო.

„ენგურჰესზე“ ბევრი აქვს სათქმელი „ტრანსელექტრიკის“ ტექნიკურ ხელმძღვანელს, ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, პროფესორ დავით მირცხულავასაც. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის შენიშნავს, რომ საქართველოსთვის უნიკალურია 1300 მეგავატსიმძლავრიანი ჰესი და 14-კილომეტრიანი გვირაბიც, რომლითაც წყალსაცავიდან ჰიდროსადგურს წყალი მაღალი წნევით მიეწოდება. საქართველოს ელექტროგენერაციის თითქმის ნახევარი სწორედ „ენგურჰესის“ დამსახურებაა. დღეს „ენგურჰესის“ ხუთივე, თითო - 260 ათ. კვტ სიმძლავრის, აგრეგატი მუშაობს.

დავით მირცხულავა არც მდინარე ენგურს და მის მნიშვნელობას ივიწყებს:

„საქართველოში მრავალი მდინარეა, - 26 000-ზე მეტი, როგორც ასახელებენ, - მაგრამ მათგან მხოლოდ სამასამდე მდინარეს აქვს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი. დიდი პოტენციალი კი მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს და ენგური მათ შორის ყველაზე გამორჩეულია“.

ცნობილია, რომ კაშხალი იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე, ხოლო მიწისქვეშა ჰესის შენობა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, აფხაზეთის მხარესაა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მომავალში, და, ალბათ, უნდა დაგეს ეს დრო, როცა სწორედ ეს ობიექტი, რომელიც ხიდივით არის გადებული ქართველებსა და აფხაზებს შორის...

დავით მირცხულავა იმასაც გვეუბნება, რომ ასეთი ტიპის ნაგებობებს მსოფლიოში მრავალი ვიზიტორი ჰყავს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებით „ენგურჰესის“ კაშხლის როლი კიდევ უფრო გამოიკვეთება. მისივე თქმით, ამ კაშხლის მშენებლობაში არაერთი ძალიან ცნობილი და პროფესიონალი ინჟინერი იღებდა მონაწილეობას. მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, სწორედ საქართველოში აშენდა ლაჯანურის პირველი თაღოვანი კაშხალი, რასაც შემდეგ „ენგურჰესის“ გრანდიოზული მშენებლობაც მოჰყვა.

თუ 90-იან წლების ენერგოკრიზისს გავიხსენებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მაშინ სრული დატვირთვით „ენგურჰესის“ მხოლოდ ერთი აგრეგატი მუშაობდა. „ენგურჰესის“ პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტებიც მაშინ გამოჩნდა - პროცესში შვეიცარიის და საფრანგეთის რამდენიმე დიდი ენერგოკომპანია ჩაერთო. 90-იანების ბოლოს „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 38 მილიონი დოლარიც გამოყო... „ენგურჰესის“ განსაკუთრებული მნიშვნელობის თაობაზე შესაბამის შეფასებებსაც არ დაუგვიანია.

„ვერ ნახავთ დასავლეთ ევროპაში გამოსულ ვერც ერთ სახელმძღვანელოს, რომელიც ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს ეძღვნება, იქ „ენგურჰესი“ დეტალურად რომ არ იყოს განხილული. სტუდენტები, ვისაც მომავალ პროფესიად ჰიდროტექნიკური საინჟინრო დარგი აურჩევია, ასეთი ტიპის ნაგებობებს, ადრეც და დღესაც, დეტალურად სწავლობენ“, გვეუბნება დავით მირცხულავა.

კაშხლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას მირიან ყალაბეგაშვილიც მიესალმება და იმასაც ამბობს, რომ „ენგურჰესი“ ერთ დღეს, შესაძლოა, ქართველებისა და აფხაზების ხელახალი დაახლოების, შერიგების ერთ-ერთი საფუძველიც გახდეს:

„ცნობილია, რომ კაშხალი იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე, ხოლო მიწისქვეშა ჰესის შენობა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, აფხაზეთის მხარესაა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მომავალში, და, ალბათ, უნდა დაგეს ეს დრო, როცა სწორედ ეს ობიექტი, რომელიც ხიდივით არის გადებული ქართველებსა და აფხაზებს შორის, გახდება ამ ორი ერის დაახლოების, შერიგებისა და იმ ძველი ტრადიციების აღდგენის საფუძველი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG