Accessibility links

logo-print

რუსმა მესაზღვრეებმა მდინარე ენგურთან ოთხი პირი დააკავეს


ენგურის ხიდი

ენგურის ხიდი

ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა მდინარე ენგურის სანაპიროსთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას ორი და ოკუპირებული თაგილონის ამდენივე მკვიდრი ერთდროულად დააკავეს. სოფელ შამგონაში მცხოვრები 50 წლის ბადრი ქირია ამ დრომდე ოკუპირებული გალის რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. გათავისუფლებულია მისი მეზობელი, გოგა ჯონჯუა, და ოკუპირებული თაგილონის მკვიდრი ახალგაზრდები.

რუსმა მესაზღვრეებმა ბადრი ქირია და გოგა ჯონჯუა 23 ივლისს, საღამოს, მდინარე ენგურის სანაპიროზე ფიჩხის შეგროვების, ხოლო ოკუპირებული თაგილონის მკვიდრი ორი ახალგაზრდა თევზაობის დროს დააკავეს.

დაკავებული ბადრი ქირიას და, ნარგიზა ქირია, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ძმის შესახებ მწირ ინფორმაციას ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ახლობლების საშუალებით მოიპოვებს. ჯერჯერობით ოჯახმა არ იცის მოითხოვენ თუ არა მესაზღვრეები ბადრი ქირიას გათავისუფლების სანაცვლოდ თანხას, მით უფრო, რომ დაკავებულს ე.წ. საზღვარი არ დაურღვევია:

„არაფერი ახალი არ ვიცით ჯერჯერობით. ხვალ იქნება პასუხი. კი გვყავს ხალხი, მაგრამ ასე უცბად მაგათაც არ აქვთ ინფორმაცია. ამჟამად პატიმრობაშია, გალში. თავის სახლის უკან იყო, არსად არ წასულა, არც გადათხრილის იქეთ გადასულა. დაუძახეს, წყალი გადმოკვეთეო და გადავიდა. ის გადათხრილი ახლოსაა, მაგრამ მანამდე ადგილი კიდევ იყო“.

შამგონაში მცხოვრები 17 წლის გოგა ჯონჯუა და ოკუპირებული თაგილონის მკვიდრი ახალგაზრდები დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. გოგა ჯონჯუას დედამ ნარგიზა კაკაშვილმა გვითხრა, რომ მისი შვილი არასრულწლოვანია და სწორედ ამ მიზეზით გაათავისუფლეს. რაც შეეხება კიდევ ორ ახალგაზრდას, რესპონდენტის თქმით, ისინი პატიმრობაში არ დატოვეს, რადგან ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობენ:

„არაფერი არ დაუშავებიათო, საჭმელი გვაჭამესო. ეს ბავშვი არასრულწლოვანი იყო და გამოუშვეს, მაგრამ ის, მეორე, იქ დატოვეს. ამათ საზღვარი არ დაურღვევიათ“.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოთარ გოგოხიას განცხადებით, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მიზეზით რუსი სამხედროები საქართველოს მოქალაქეებს ძირითადად თანხის გამოძალვის მიზნით აკავებენ.

„ძალიან ცუდია, რაც ხდება. ხალხს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. შამგონაში არ მახსენდება ასეთი ფაქტი. აი, განმუხურში იყო: დააკავეს მამაკაცი და ფული მოითხოვეს. ოქმს შეადგენენ და ჯარიმის სახით რაღაც თანხა უნდა გადაიხადონ. ახლაც ასე მოხდება, ალბათ“, - განაცხადა ოთარ გოგოხიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი შამგონა ოკუპირებულ თაგილონს ესაზღვრება. სოფლებს მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ გათხრილი ე.წ. სასაზღვრო ზოლი ყოფს.
XS
SM
MD
LG