Accessibility links

logo-print

საქართველოს სახალხო დამცველი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ შემუშავდეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზებისათვის. როგორც სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რიგ მაღალმთიან სოფლებში არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები და საავადმყოფოები, რაც მოზარდებს სახელმწიფო სამედიცინო სერვისებით უწყვეტად სარგებლობის უფლებას უზღუდავს. რა პასუხს აძლევს ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველს?

ზაზა ქავთარაძე წლებია მაღალმთიან რეგიონში დაბა ფასანაურის ექიმია. გასული წლის აგვისტომდე მას პაციენტების მიღება სახლში უწევდა, რადგან თითქმის 20 წელია ფასანაურის საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს. 2014 წლის აგვისტოში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით, ფასანაურში, ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ოროთახიანი სამედიცინო ამბულატორია გაიხსნა. ზაზა ექიმი პაციენტებს, თავის ორ კოლეგასთან ერთად, ახლა იქ იღებს. დღეს დაბა ფასანაურს სამი ოჯახის ექიმი და ოთხი ექთანი ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ამბულატორიის გახსნის შემდეგ სამედიცინო მომსახურების კუთხით მდგომარეობა დაბა ფასანაურში მცირედით გაუმჯობესდა, ზაზა ამბობს, რომ პრობლემები იქ ისევ რჩება:

„ძირითადად, რა სახელმწიფო პროგრამებიც გვაქვს, ჩვენთან ყველაფერი ხორციელდება. გეგმიური აცრები ტარდება ჩვეულებრივად. თუ რაიმე უფრო სერიოზული პრობლემა ჩნდება, ოჯახის ექიმი გადამისამართებას აკეთებს. გამოსასწორებელი კიდევ უამრავი რამ არის. მაგალითად, ჩვენთან ერთადერთი შაქრის ანალიზი ტარდება და კარდიოგრამა კეთდება და დანარჩენი, სისხლის საერთო ანალიზი და სხვა ტიპის კვლევა, არა. ლაბორატორიის მხრივ გვაქვს გაჭირვება. ყველა ანალიზზე და ყველა გამოკვლევაზე პაციენტებს დუშეთის სამედიცინო ცენტრში ან თბილისში უწევს წასვლა“.

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლებში, არ ფიქსირდება ბავშვთა ექიმი და ექთანი. უმეტეს სოფლებში არ ფუნქციონირებს ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებები, როგორიცაა პოლიკლინიკა, ამბულატორია...

ზაზა ქავთარაძის მიერ ნახსენები დუშეთის სამედიცინო ცენტრი კი დაბა ფასანაურიდან, ავტომობილით, თითქმის 35 წუთის სავალ გზაზეა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთულდება მდგომარეობა ზამთარში, ისევე როგორც საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში. სწორედ მაღალმთიან რეგიონებში არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის უფლებები შეისწავლა სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა. მესტიის, ონის, ამბროლაურის, ყაზბეგის, ხულოს, შუახევისა და ქედას მუნიციპალიტეტები ცენტრის წარმომადგენლებმა გასული წლის მეორე ნახევარში მოიარეს. შემოწმების შედეგად კი გაირკვა, რომ რიგ ტერიტორიულ ერთეულებსა და სოფლებში საერთოდ არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები და საავადმყოფოები, რაც არასრულწლოვნებს სახელმწიფო სამედიცინო სერვისებით უწყვეტად სარგებლობის უფლებას უზღუდავს. მაია გედევანიშვილი, ცენტრის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან იმ კონკრეტულ და სავალალო მაგალითებზე ლაპარაკობს, რომლებიც მას და მის თანამშრომლებს მაღალმთიან სოფლებში დახვდათ:

„ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლებში, არ ფიქსირდება ბავშვთა ექიმი და ექთანი. უმეტეს სოფლებში არ ფუნქციონირებს ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებები, როგორიცაა პოლიკლინიკა, ამბულატორია. მაგალითად, რაჭაში ვნახეთ სამედიცინო პუნქტი, რომელსაც სახელად ჰქვია, რომ არის სამედიცინო პუნქტი, თორემ არაფერი იქ არ არის. ექიმი საერთოდ არ არის. ექთანი პერიოდულად მოდის. ძალიან ბევრგან ეს პუნქტები ფორმალურად არის და რეალურად რომ დაგჭირდეს, იქ ბავშვს ამ სერვისს ვერ გაუწევენ. უნდა წამოიყვანონ იმ სოფელთან არსებულ შედარებით უფრო მსხვილ დასახლებაში. ჯანდაცვის ტერიტორიული ხელმისაწვდომობა არის ძალიან სერიოზული პრობლემა“.

სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს, რომ სახელმწიფო დონეზე შემუშავდეს სათანადო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობის განსახორციელებლად...

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, ისე მოქმედი შიდა სამართლებრივი აქტების მიხედვით, სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება უზრუნველყონ სამედიცინო მომსახურებისა და დაწესებულებების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის, დღეს ეს ვალდებულება არ სრულდება. სახალხო დამცველის წარმომადგენელი გვესაუბრება იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მათ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელზე რამდენიმე დღის წინ გაგზავნეს:

„სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს, რომ სახელმწიფო დონეზე შემუშავდეს სათანადო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობის განსახორციელებლად. და მეორე, განხორციელდეს დროული და ეფექტური ღონისძიებები, რათა საქართველოს მაღამთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი და უწყვეტი გახდეს სახელმწიფო სამედიცინო სერვისებით სარგებლობა“, - ამბობს მაია გედევანიშვილი.

ძველი საექიმო პუნქტები, რაც გადმოვიბარეთ, არ არის გარკვეული, ვისი საკუთრებაა. ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია, ნაწილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და ნაწილი, ჯერაც გაურკვეველია, ვის კუთვნილებაშია. ინფრასტრუქტურას განვითარება სჭირდება და ასე ერთ წუთში არ ხორციელდება. 1 267 სოფლის ექიმი გვყავს...

სახალხო დამცველის რეკომენდაციებს უკვე გაეცნო მარინა დარახველიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. როგორც ის ამბობს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახალხო დამცველის წერილში მითითებული საკითხების დამუშავება, თუმცა არსებული მდგომარეობის გამოსწორება ძნელია:

„სოფლებში არ არისო საავადმყოფოები. სოფლებში კი არა, რაიონულ ცენტრებში თითო საავადმყოფოს ძლივს ვინახავთ, რადგან მომართვიანობა არ არის იმდენი, რომ პერსონალმა დისკვალიფიკაცია არ განიცადოს და პერსონალის შენარჩუნება მოხდეს. სოფელში როგორ წარმოუდგენიათ საავადმყოფოს ფუნქციონირება, არ ვიცი“.

მარინა დარახველიძე ეხება კიდევ ერთ პრობლემას, რომელიც, მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას სცდება:

„ძველი საექიმო პუნქტები, რაც გადმოვიბარეთ, არ არის გარკვეული, ვისი საკუთრებაა. ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია, ნაწილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და ნაწილი, ჯერაც გაურკვეველია, ვის კუთვნილებაშია. ინფრასტრუქტურას განვითარება სჭირდება და ასე ერთ წუთში არ ხორციელდება. 1 267 სოფლის ექიმი გვყავს. ჩვენ რაც შევძელით, სოფლის ექიმებს 30%-ით გავუზარდეთ ხელფასები, შევუძინეთ ექიმის ჩანთა თავისი აღჭურვილობით და მედიკამენტებით. ვუყიდეთ დოკუმენტაცია, რომ ფული არ დახარჯონ. მეტი ერთი წლის განმავლობაში ვერ შევძელით. დღეს და ღამეს ვასწორებთ ამ მიმართულებით“, - ამბობს მარინა დარახველიძე.

მისივე თქმით, მაღალმთიან რეგიონებში არსებული სამედიცინო პუნქტების შესწავლა და გადაიარაღება უნდა განხორციელდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად. მისი სიტყვებით, ამ პრობლემას მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ეყოფა. როგორც სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის კონცეფციაზე მუშაობა, საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ კი შესაძლებელი იქნება ძირეული ცვლილებების განხორციელება, რაც მაღალმთიან სოფლებში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემას მეტ-ნაკლებად მოაგვარებს.

„ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც ერთი ხელის დაკვრით ერთ დღეში და ორ დღეში შეიძლება გადაწყდეს და საკმაოდ შრომატევადი თემაა“, - მიაჩნია მარინა დარახველიძეს.

გასული წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ 2 მილიონი 400 ათასი ლარი გამოყო 82 სოფლის ახალი ამბულატორიის მშენებლობისთვის. ამ დროისათვის ყველა ამბულატორია გახსნილია.

XS
SM
MD
LG