Accessibility links

logo-print
გუშინ, 26 აგვისტოს, კასპის პოლიციამ „ავერსის“ ადგილობრივი კლინიკის მთავარი ექიმი ბეგი თათრიშვილი დააკავა. წუხელ იგი გორში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა თათრიშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს დაკავების მიზეზად საავადმყოფოს ტერიტორიიდან რამდენიმე წლის წინ ელექტროგამანაწილებლის ქურდობა დაუსახელეს. დაკავების პირველ საათებში თათრიშვილის ოჯახის წევრებმა მისი ადგილსამყოფელი არ იცოდნენ. ექიმის ვაჟი ამირან თათრიშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ მამა სამუშაო ოთახიდან აიყვანა.

„სასაცილო ბრალდებაა. წარმიდგინეს ორდერი, რომ ბრალი ედება რაღაც ტრანსფორმატორის მოპარვაში. მომეცა საშუალება, რომ დავლაპარაკებოდი, მაგრამ ვერ გავიგე, კასპში იყო თუ გორში“,– ამბობს ამირან თათრიშვილი.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის დაკავებას კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ. წუხელ „ქართული ოცნების“ კასპის და გორის ორგანიზაციების წარმომადგენლები სამხარეო პოლიციასთან შეიკრიბნენ. კასპში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ონოფრიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ბეგი თათრიშვილის ვაჟი, ამირანი, კოალიციის აქტიური წევრია და მამამისის დაკავება იმის გამო მოხდა, რომ ერთ-ერთი შეხვედრისას ის ოპოზიციის წარმომადგენლებს მიესალმა.

ქურდობის ფაქტზე არის საქმე აღძრული. ეს არის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას, ანუ პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობა – ასეთი არის კვალიფიკაცია ...

„ფაქტი ის არის, რომ შვილი აქტიური წევრია „ქართული ოცნების“. თვითონ არ არის წევრი, თვითონ ექიმი კაცია. მე მას პირადად არ ვიცნობდი. ჩემს ბოლო შეხვედრაზე, რომელიც გუშინწინ იყო, მის სახლთან, მის უბანში იმართებოდა, როგორც ჩანს. მე ესეც არ ვიცოდი. ის მიესალმა ჩვენი შტაბის წევრებს და გუშინ ეს ფაქტი მოხდა, რომ იგი დააკავეს“, – აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

დაკავებულის ადვოკატი თამარ თედლიაშვილი აცხადებს, რომ თათრიშვილს ტანსაცმლის გამოცვლის საშუალებაც კი არ მისცეს და იგი იზოლატორში ექიმის ფორმით ზის. თედლიაშვილის თქმით, დაკავებული კატეგორიულად უარყოფს ქურდობის ფაქტს და მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. გარდა ამისა, როგორც თედლიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ცოტა ხნის წინ თათრიშვილმა ხელისუფლების ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა, რაც სამთავრობო ღონისძიებაზე მედპერსონალის და პაციენტების ორგანიზებულ გამოყვანას გულისხმობდა.

„ქურდობის ფაქტზე არის საქმე აღძრული. ეს არის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას, ანუ პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობა – ასეთი არის კვალიფიკაცია. რა თქმა უნდა, თვითონ ბეგი უარყოფს ყველანაირ თანამონაწილეობას რაიმე სახის დანაშაულში. მისთვის ყველაფერი მოულოდნელი იყო. ერთი კვირის წინ გაიკეთა ოპერაცია და გუშინ ჰქონდა პირველი სამუშაო დღე, როდესაც მივიდა პოლიცია და დააკავა. მე მოვინახულე იზოლატორში და არის ჩუსტებით და ექიმის სამუშაო ლურჯი ფორმით, ანუ გამოცვლის საშუალებაც არ მისცეს. თვითონ ბატონი ბეგი გამოჩნდა რომელიღაცა შეკრებაზე კასპში და, როგორც მეუბნება, პოლიციაშიც უხსენეს „ქართული ოცნება“. ასევე მიანიშნეს, რომ ბატონ ბეგისთვის დაუვალებიათ პირველში, რომ ჩამოდის ჩვენი პრეზიდენტი, ამ ღონისძიებისთვის სიების წარმოდგენა, ვინ წავიდოდა აქციაზე, რაზეც უარი განუცხადებია. ამ სიის თაობაზეც უხსენებიათ პოლიციაში, თვითონ ასე გადმომცა მე“, – ამბობს თათრიშვილის ადვოკატი თამარ თედლიაშვილი.

ამ დილით, 27 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ბეგი თათრიშვილის, ქურდობის ბრალდებით დაკავების ფაქტი დაადასტურა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა საინფორმაციო სააგენტოებთან საუბარში განაცხადა, რომ საქმე ელექტროგამანაწილებლის ქურდობას ეხება, თუმცა ხიზანიშვილს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
XS
SM
MD
LG