Accessibility links

logo-print

13 ივლისის ღამეს მდინარე ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა, მათ შორის - „მზიური“, ზოოპარკი, სვანისძის ქუჩა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, 2 დღემდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა ასევე 300-მდე ზოოპარკის ბინადარი ცხოველი და ფრინველი, დაინგრა ვაკე-საბურთალოს შემოვლითი გზა, კერძო სახლები, მანქანები, დაიტბორა კორპუსების პირველი და მეორე სართულები. დღემდე მიმდინარეობს წყალდიდობის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„ჩემი სახლი და მეზობლის სახლი საერთოდ არ არსებობს, ჩემი მეორე სართული იყო და რომ ამოვიდა წყალი, უკვე მისახვედრი იყო, რომ უნდა წამოვსულიყავით“.

„ფეხზე არაფერი მეცვა, ისე გადმოვედით. ახლა სრულიად შოკირებულები ვართ, იმდენი ადამიანი მოდის და დახმარებას გვთავაზობს. დღეში ათი ადამიანი მაინც მოვა, იურიდიული ორგანიზაციიდან თუ ფიზიკური პირი, და რითი დაგეხმაროთ, რა გინდათ, გვეკითხებიან“.

„სახლში ვიყავით და გადავრჩით, უფლის წყალობით. ცუდი გასახსენებელია და მაგას აღარც ვიხსენებთ. ძნელად აღიქვეს ბავშვებმა და, ალბათ, ცოტა ძნელი გადასატანიც იქნება“.

დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ წყალდიდობის შედეგად დაკარგულ პირებს. გვამები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტერიტორიაზე იპოვეს, - მზიურში, ზოოპარკთან და ასე შემდეგ, - თუმცა ორი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

რამ გამოიწვია პატარა მდინარის ადიდება? 27 ივლისს თბილისის საკრებულოში, გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ ანგარიში წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, ტრაგიკული მოვლენების უმთავრესი მიზეზი ძლიერი წვიმა იყო. თამარ ბაგრატიას თქმით, 38 კმ-იანი მდინარე ვერე საკმაოდ რთულ მდინარედ მიიჩნევა და ის სხვა დროსაც არაერთხელ ადიდებულა.13 ივნისს კი, ჭარბი ნალექის შედეგად, მდინარე ვერეს ორმოცივე შენაკადი ადიდდა. ამასთან, ჩამოწვა მეწყერი დაწარმოიქმნა ღვარცოფული მასა.

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა

უშუალოდ 13 ივნისს კი მოვლენები ასე განვითარდა: შემთხვევის ადგილას მისვლა ყველას უჭირდა, მათ შორის, სამაშველო სამსახურებსაც და მედიასაც. შედარებით ადვილად მისადგომი იყო გმირთა მოედანი. სწორედ აქ გადაიღეს რეპორტიორებმა ზოოპარკიდან ქუჩაში გამოქცეული ბეჰემოთ ბეგის კადრები, რომელმაც შემდეგ მთელი მსოფლიოს გამოცემები მოიარა. იმ ღამეს ზოოპარკის სამი თანამშრომელი დაიღუპა: გულიკო ჭიტაძე, მისი ქმარი მალხაზ ჭიტაძე და გივი დვალი. დაიხრჩვნენ ცხოველები და ფრინველები. გადარჩენილ მტაცებლებს ძალოვანი სტრუქტურები, სიტუაციისდა მიხედვით, ხოცავდნენ ან უსაფრთხო გალიებში აბრუნებდნენ. მიუხედავად ამისა, ზოოპარკს გარეთ დარჩა ერთი ვეფხვი, რომელიც 17 ივნისს „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე ადამიანს დაესხა თავს. ის ადგილზე გარდაიცვალა. მოკლეს ვეფხვიც. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ კიდევ ერთ ვეფხვსა და აფთარს - მანამდე, სანამ ორივეს ლეში არ იპოვეს. იმ დღეებს რადიო თავისულებასთან საუბარში ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ასე იხსენებდა:

„სამუშაოები გრძელდება. ვიღებთ სხვადასხვა გამოძახებას. გავრცელდა სურათი კლდეზე გადაღებული ვეფხვისა, რომელიც შემოწმების შემდეგ კატა აღმოჩნდა. ასევე გავრცელდა ძალიან ბევრი ინფორმაცია ვეფხვის სხვადასხვა ადგილზე ნახვის შესახებ. რა თქმა უნდა, არც ერთი არ დადასტურდა. ძალიან ხშირ შემთხვევაში საკმაოდ კომიკური ინფორმაცია ვრცელდებოდა. ასეთი ტრაგიკული სიტუაცია რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ძალიან ვიმხიარულებდით“.

საბოლოოდ, აღდგენილი ზოოპარკი 13 სექტემბერს, წყალდიდობიდან ზუსტად სამი თვის თავზე, გაიხსნა. პარკის ადმინისტრაციის, თბილისის მერიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით მოხერხდა სტიქიური უბედურების დროს განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და თითქმის განახევრებული კოლექციის ნაწილობრივ შევსება.

ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დავით თაქთაქიშვილი ჩამოთვლის იმ სახეობებს, რომლებიც ზოოპარკმა წყალდიდობის დროს დაკარგა:

„აღარ გვყავს საერთოდ წყლის ფრინველები, თუთიყუშები, აფთრები (როგორც ზოლებიანი, ასევე ხალებიანი). ძალიან შეგვიმცირდა დათვები, მგლების რაოდენობა. საერთოდ აღარ გვყავს ტურები, მელიები. სამწუხაროდ, აღარც ვეფხვები გვყავს, აღარც იაგუარები. საბედნიეროდ, გადავარჩინეთ თეთრი ლომები, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ჩვეულებრივი შეფერილობის ლომების გადაყვანა ახალ ვოლიერებში და მათი გადარჩენა“.

მოხალისეები

მოხალისეები

რამდენიმე ათასი მოხალისე ასუფთავებდა დატბორილ თბილისს. ახალგაზრდები სხვადასხვა ჯგუფებს ქმნიდნენ და ტერიტორიას მორებისა და ტალახისგან წმენდნენ. სწორედ ახალგაზრდობას მოარგეს შემდეგ მდინარე ვერეს ხეობის განვითარების საბოლოო კონცეფცია, რომელმაც არქიტექტორებისა და გარემოს დამცველების მოწონება დაიმსახურა. როგორც კომპანია „არქიტექტურულ ბიუროში“ განმარტავენ, წარმოდგენილიკონცეფციის თანახმად, 300 000 მ2 ტერიტორიაზე მოეწყობა ტყე-პარკი, ზოოპარკისა და „მზიურის“ ტერიტორიები კი ერთმანეთს ორი „მწვანე ხიდის“ საშუალებით დაუკავშირდება. ამასთან, ზოოპარკის ტერიტორიაზე გაჩნდება მდინარე ვერეს მცირე განშტოება და პატარა ზომის ტბები, რომლებიც, ერთი მხრივ, შექმნის შესაბამის გარემოს პარკისათვის, მეორე მხრივ კი, ერთგვარი რეზერვუარის ფუნქციას შეასრულებს. კონცეფციაში კვლავაც ინარჩუნებს საკუთარ ადგილს ვერეს ხეობის ავტომაგისტრალი. თუმცა, როგორც კი ქალაქის პოლიტიკა განისაზღვრება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პარალელურად შეიზღუდება კერძო ტრანსპორტის გადაადგილება, პროექტის მიხედვით, ვერეს ხეობაში გადაადგილების საშუალება მხოლოდ ელექტროავტობუსებს ექნება.

ვაკის რაიონის გამგეობის აპარატის უფროსი თამარ ივანიშვილი ამბობს, რომ, 13 ივნისის სტიქიის შედეგად, სულ 194 ოჯახი არის დაზარალებული. ამაში შედის პირველი კატეგორიაც, ვისი სახლის რეაბილიტაცია შეუძლებელია, და მეორე კატეგორიაც. მეორე კატეგორიაში თავს იყრის ის ხალხი, ვისი ქონების აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ისინი წარმოადგენენ სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას, რისი დამტკიცების შემდეგ თანხას გამგეობა გამოყოფს:

„გამგეობას, საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, ევალება ორი სახის დახმარების გაწევა. ერთი არის ქონების რეაბილიტაცია და მეორე - პირველადი ნივთების შესაძენი მატერიალური დახმარება, სულადობის გათვალისწინებით. ერთ ან ორწევრიანი ოჯახისთვის არის რვა ათასი ლარი, შემდეგ ეს თანხა იზრდება და მაქსიმუმი არის- შვიდი და მეტწევრიანი ოჯახისთვის - 10 500 ლარი“.

დაზარალებული მოსახლეობა

დაზარალებული მოსახლეობა

თამარ ივანიშვილის თქმით, ვაკის რაიონში 97 ოჯახი იყო მეორე კატეგორიის დაზარალებული, თუმცა სიები დღემდე ზუსტდება და შესაძლებელია რაოდენობა გაიზარდოს. მისივე თქმით, ის ხალხი, ვისი სახლიც ჯერ არ გარემონტებულა, ქირით ცხოვრობს, ქირის ფულს კი ასევე გამგეობა იხდის. ამ ეტაპზე 20-ზე მეტ ობიექტზე დამთავრდა სარემონტო სამუშაოები და შემსრულებლისთვის ფულიც გადაირიცხა. ასევე, 60-ზე მეტ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტს სწავლობს ლევან სამხარაულის სახელობის ლაბორატორია და, როგორც თამარ ივანიშვილი ამბობს, დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სამუშაოები ამ ობიექტებზეც დაიწყება.

რაც შეეხება პირველი კატეგორიის დაზარალებულებს, რომლებიც განსახლებას ექვემდებარებიან, ქალაქ თბილისის მერიის ინფორმაციით, უკვე 52 ოჯახს გაუფორმდა ხელშეკრულება, რაც 13 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. რადიო თავისუფლება უშუალოდ დაზარალებულებსაც ესაუბრა.

„მე პირადად კმაყოფილი ვარ, სახლი ვიყიდე უკვე. ერთ 5 კვირაში დამიცლის მეპატრონე, უკვე გავიფორმე“.

„ჩემს თავს რა ხდება და კეთილმა ხალხმა ბინა მაჩუქა, მერიამ - 36 ათასი ლარი“.

„რემონტი მიმდინარეობს, უკანა სახლი მორჩა, ახლა გამაგრებით სამუშაოებს აკეთებენ. ახალი წლისთვის ვერა, მაგრამ მაისისთვის დაამთავრებენ“.

უკვე წლის ბოლოს, 29 დეკემბერს, გადაწყდა, რომ ზიანი აუნაზღაურდებათ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ავტომობილების მფლობელებსაც. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის თქმით, ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის მანქანა 5 000 დოლარამდე ღირდა და განადგურდა, ანაზღაურდება 100 %-ით, ხოლო იმ ავტომობილების მფლობელებს, რომელთა მანქანების ღირებულება 5 000 დოლარის ზემოთ იყო, აუნაზღაურდებათ 70 %-ით.მისივე თქმით, კომპენსაციების გაცემა 2016 წლიდან დაიწყება. დღეისთვის სტიქიის შედეგად დაზარალებული სულ 101 ავტომობილის მფლობელია აღრიცხული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG