Accessibility links

logo-print

აშშ-ის ავიაციამ ერაყში ისლამისტების პოზიციები დაბომბა


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ავიაციამ 8 აგვისტოს დაბომბა ისლამისტების სამხედრო ტექნიკა, კერძოდ საარტილერიო დანადგარები, რომლებიდანაც ისლამისტური სახელმწიფოს მებრძოლები ქალაქ ირბილის დამცველთა პოზიციებს უშენდნენ ცეცხლს. იერიშის დაწყების შესახებ ბრძანება 7 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასცა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის არ დაუშვებს ერაყის ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვას.

პენტაგონის წარმომადგენლის ჯონ კირბის თანახმად, ამერიკის ავიაციამ წერტილოვანი დარტყმები მიაყენა ექსტრემისტთა არტილერიას, რომელიც ბომბავდა იმ პოზიციებს, სადაც ქურთთა სამხედრო ძალებთან ერთად აშშ-ის სამხედრო პერსონალიც იმყოფება. სანქცია საავიაციო იერიშებზე 7 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასცა, რომელმაც ასევე დააზუსტა:

ერაყის ჯარისკაცები ექსტრემისტთა წინააღმდეგ პოზიციებს იცავენ

ერაყის ჯარისკაცები ექსტრემისტთა წინააღმდეგ პოზიციებს იცავენ

„ქალაქ ირბილზე შეტევების შესაჩერებლად, მე ვუბრძანე ჩვენს სამხედროებს წერტილოვანი დარტყმა განახორციელონ ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს ტერორისტთა რაზმებზე, თუ ისინი ქალაქს მიუახლოვდებიან“.

პრეზიდენტმა ობამამ დაარწმუნა ქვეყანა, რომ ის არ დაუშვებს ერაყის ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვას, თუმცა, ერაყის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, შემდგომშიც გამოიყენებს სამხედრო ძალას ექსტრემისტების შესაჩერებლად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად:

„ერაყის მთავრობის თხოვნით, ჩვენ დავიწყეთ ოპერაცია იმ ერაყელი მოქალაქეების დასაცავად, რომლებიც მთებს აფარებენ თავს. ერაყისა და ლევანტის ისლამისტურმა სახელმწიფომ, რომელიც განაგრძობს სამხედრო მარშს ერაყის მასშტაბით, უსასტიკესი კამპანია წამოიწყო უდანაშაულო ერაყელების წინააღმდეგ. ეს ტერორისტები განსაკუთრებით ბარბაროსულად ეპყრობიან რელიგიურ უმცირესობებს, ძველ და პატარა რელიგიურ ჯგუფებს, მათ შორის, ქრისტიანებსა და იეზიდებს“.

მე გავეცი განკარგულება წერტილოვანი საავიაციო იერიშებით დავეხმაროთ ერაყის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც სინჯარის მთებში ალყის გარღვევას და იქ ჩარჩენილი მოსახლეობის დაცვას ცდილობენ...

4 აგვისტოს ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ხელთ იგდეს ნავთობის ორი მსხვილი საბადო, შემდეგ კი კონტროლი დაამყარეს ქვეყნის უდიდეს კაშხალზე, რომლის განადგურებამ შესაძლოა ქვეყნის რამდენიმე დიდი ქალაქის დატბორვა გამოიწვიოს. ისლამისტების წინსვლამ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა ბევრი დასახლებული პუნქტი, რომელსაც ექსტრემისტებისგან დევნილი მოსახლეობა აფარებს თავს:

„შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მე გავეცი განკარგულება წერტილოვანი საავიაციო იერიშებით დავეხმაროთ ერაყის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც სინჯარის მთებში ალყის გარღვევას და იქ ჩარჩენილი მოსახლეობის დაცვას ცდილობენ. ამერიკის ავიაციამ უკვე დაიწყო ჰუმანიტარული რეისების განხორციელება გაჭირვებაში მყოფი ბავშვების საკვებითა და წყლით უზრუნველსაყოფად“.

დაჯგუფება „ისლამური ხალიფატის“ მებრძოლებმა ერაყის ჩრდილოეთ და დასავლეთ რაიონებში შეტევა 2014 წლის ივნისში წამოიწყეს. ექსტრემისტებმა რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის, 10 ივნისს მოსულსა და შემდეგ თიკრიტზე დაამყარეს კონტროლი და მიუახლოვდნენ ბაღდადს.

XS
SM
MD
LG