Accessibility links

logo-print

ერდოანი თურქეთის პრეზიდენტია


რეჯეპ ტაიპ ერდოანი

რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პარლამენტში გაიმართა რეჯეპ ტაიპ ერდოანის ქვეყნის მეთორმეტე პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია. ქვეყნის პირველ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამ კიდევ უფრო მეტად განამტკიცა ერდოანის, როგორც თანამედროვე თურქეთში ყველაზე ძლიერი ლიდერის, რეპუტაცია.

„დიდი თურქი ერისა და ისტორიის წინაშე ჩემს ღირსებას და სახელს ვფიცავ, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში დავიცავ სახელმწიფოს არსებობას და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ერდოანმა ფიცის დადებისას.

ინაუგურაციის ცერემონიას ათობით ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ჩათვლით.

ცერემონია დაწყებამდე პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებმა, რომლებიც ერდოანს კონსტიტუციის დარღვევაში სდებენ ბრალს.

იმის მიუხედავად, მათ ვუყვარვარ თუ არა, ხელს ვუწვდი ყველა ცალკეულ ადამიანს 77 მილიონიდან...

ერდოანი 11 წლის განმავლობაში იყო თურქეთის პრემიერ-მინისტრი. ანალიტიკოსები თვლიან, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ ერდოანი კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებს ძალისხმევას თურქეთში ცვლილებების გატარების მიზნით. გავრცელებული ვარაუდით, მას სურს გატარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის აქამდე დიდწილად სიმბოლურ პოსტს უფრო ძლიერ თანამდებობად გარდაქმნის.

ერდოანის ოპონენტები შეშფოთებით ვარაუდობენ, რომ ამ ახალ პოსტზე ყოფნისას მის მართვის სტილში ავტორიტარული მიდრეკილებები შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერდოანი ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ შეცვალა.

როგორც სააგენტო „როიტერსი“ გვატყობინებს, ოთხშაბათს, თავისი პარტიის - „სამართლისა და განვითარების პარტიის“ - მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, ერდოანმა პრემიერ-მინისტრობის შემდეგ გაპრეზიდენტებაზე ისაუბრა და ამას ახალი თურქეთის დაბადება უწოდა. თუმცა მან, ამავე დროს, განაცხადა, რომ მისი პარტიის მიზანი, თურქეთი დიდ რეგიონალურ მოთამაშედ აქციოს, ძალაში დარჩება პარტიიდან მისი წასვლის შემდეგაც.

ერდოანის პრემიერ-მინისტრობის თერთმეტწლიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა, თუ დოლარით განვსაზღვრავთ, გასამმაგდა. ამასთან, თურქეთმა მოიპოვა მზარდი - თუმცა ხშირად კამათის საგნად ქცეული - გავლენა კონფლიქტებით მოცული ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ პროცესებში.

„როიტერის“ ანალიტიკოს ტულაი კარადენიზის თანახმად, ერდოანის ოპონენტები ფიქრობენ, რომ მას სურს ჩამოაყალიბოს ექსკლუზიური საპრეზიდენტო სისტემა, რომელშიც ავტოკრატიული მიდრეკილებების მქონე ლიდერის ხელთ გადაჭარბებული ძალაუფლება იქნება კონცენტრირებული. ოპონენტები შიშობენ, რომ ეს ყველაფერი ამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას კიდევ უფრო მეტად დააშორებს რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სეკულარულ იდეალებს.

რეჯეპ ტაიპ ერდოანი და აბდულა გიული

რეჯეპ ტაიპ ერდოანი და აბდულა გიული

ერდოანის რიტორიკა დიდი ხნის განმავლობაში ეხმიანებოდა განხეთქილებას, რომელიც არსებობს მის მომხრე კონსერვატორებსა და პროდასავლურ - დიდწილად სეკულარულ - ჯგუფებს შორის, რომლებსაც ერდოანის ისლამური იდეალები აშფოთებთ. თუმცა, როგორც კარადენიზი იტყობინება, ოთხშაბათის გამოსვლაში მისი ტონი გაცილებით უფრო შემრიგებლური იყო.

„იმის მიუხედავად, მათ ვუყვარვარ თუ არა, ხელს ვუწვდი ყველა ცალკეულ ადამიანს 77 მილიონიდანო“, - განაცხადა მან და დასძინა: ჩვენ გვესმის თქვენი ცხოვრების წესის, თქვენი ღირებულებების და გვსურს თქვენც გაიგოთ ის აკრძალვები, შეზღუდვები და საფრთხეები, რომელთა დაძლევაც მოგვიხდა საიმისოდ, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავითო.

თუმცა მისი მებრძოლი სტილი ამ გამოსვლაშიც გამოჩნდა - მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას მტრად ქცეული ყოფილი მოკავშირის, ამჟამად აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეტულა გულენის „ღალატის“ წინააღმდეგ. ერდოანი გულენს ადანაშაულებს პოლიციასა და სასამართლო სისტემაში მისი მომხრეების გზით კორუფციული სკანდალის გამოწვევაში, რომლის სამიზნეც მთავრობა იყო.

ამ სკანდალმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ, ისევე როგორც გასული ზაფხულის ანტისამთავრობო გამოსვლებმა, ბოლო წელი ერთ-ერთ ყველაზე რთულად აქცია ერდოანისთვის. თუმცა ადგილობრივ და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების გზით მან კიდევ ერთხელ შეძლო პოზიციები გაემყარებინა.

XS
SM
MD
LG