Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოღანი: „ევროპის კრიტიკა არ მაღელვებს“


თურქეთში პოლიციის მიერ მედია საშუალებების რეიდმა, რომლის შედეგადაც 20-მდე ჟურნალისტია დაკავებული, ქვეყნის შიგნით საპროტესტო აქცია, დასავლეთში კი მწვავე შეფასებები გამოიწვია.

კრიტიკას არ იზიარებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და აცხადებს, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. „ელემენტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას შესაბამის პასუხს მიიღებენ, მაშინაც კი თუ ისინი პრესის წარმომადგენლები არიან,“ განაცხადა ერდოანმა.

პრეზიდენტი მტკიცედ იცავს პოლიციის რეიდებს გაზეთ „ზამანში“ და „სამანიოლუს“ ტელევიზიაში, რომლებმაც პრეზიდენტის ოჯახის და მთავრობის წევრები კორუფციაში ამხილა. თურქეთის მთავრობა პოლიტიკურ დევნას უარყოფს და აცხადებს, რომ დაკავებები ქვეყანაში მთავრობის დამხობის მცდელობას უკავშირდება.

მედია საშუალებების რეიდმა დასავლეთის კრიტიკა გამოიწვია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ჯენ ფსაკის შეფასებით მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო ნებისმიერი დემოკრატიის მთავარი ელემენტებია. მისი თქმით ვაშინგტონი თვალ-ყურს ადევნებს თურქეთში მოვლენების განვითარებას.

მკაცრი შეფასება გააკეთა ევროპის კავშირმაც, რომლის მიხედვითაც მედიის რეიდი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ღირებულებებს. ერდოანი კი საპასუხოდ აცხადებს, რომ „ბრიუსელმა თავის საქმეებს უნდა მიხედოს“ და ევროკავშირს ახსენებს, რომ თურქეთი ბლოკში გაწევრიანებას 50 წელი ცდილობდა.

„როცა მსგავს გადაწყვეტილებებს ვიღებთ, არ გვაინტერესებს რას ფიქრობს ამაზე ევროკავშირი, არ გვაინტერესებს ეს მისთვის მისაღებია თუ არა. უბრალოდ არ გვაინტერესებს,“ განაცხადა ერდოღანმა სატელევიზიო გამოსვლისას.

თურქული გაზეთის „ტარაფის“ მიმომხილველი სემი იდიზი ამბობს, რომ ამით პრეზიდენტი ევროკავშირის შეზღუდულ გავლენას უსვამს ხაზს:

„ვფიქრობ, ეს განწყობა ზოგიერთი ქვეყნის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას.“

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში მთავრობის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ზეწოლა არაერთხელ გამხდარა დასავლეთის მწვავე რეაქციების მიზეზი, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ ასეთი მასშტაბის იერიში დამოუკიდებელ მედიაზე მიიტანა.

„ეს არის მედია საშუალებები, რომლებიც მთავრობის მიერ არ იმართება და ისინი მილიონობით მოქალაქის აზრს გამოხატავს. ეს ავტოკრატიული რეჟიმი ახლა მათზეც ცდილობს კონტროლის დაწესებას,“ ამბობს ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის დირექტორი მუსტაფა იესილი.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თურქეთს მედიის შეზღუდვის დიდი ისტორია აქვს.

„თურქეთი 180 ქვეყნიდან 154-ე ადგილზეა პრესის თავისუფლების თვალსაზრისით. მედიის მდგომარეობა შემაშფოთებელია და ეს უკვე თითქმის ათი წელია გრძელდება“, ამბობს ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“ წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG