Accessibility links

logo-print

დე ფაქტო საზღვარი მავთულხლართებით – გამოწვევა ახალი ხელისუფლებისთვის


გორის რაიონის სოფელ დიდი ხურვალეთის მცხოვრები დავით ვანიშვილი ოსმა ძალოვანებმა გუშინ გაათავისუფლეს. ვანიშვილი რუსმა მესაზღვრეებმა საკუთარი სახლის წინ მდებარე ნაკვეთში 3 დღის წინ დააკავეს და მას ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა წაუყენეს ბრალად. ვანიშვილი ამბობს, რომ მის მიმართ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ აღარ იცის მომავალში ცხოვრებას როგორ გააგრძელებს, რადგან რუსებმა ეგრეთ წოდებული საზღვარი მავთულხლართებით მისი ნაკვეთის ბოლოზე გაავლეს და მოხუცს ფაქტობრივად სახლიდან გასვლა აუკრძალეს.

დიდი ხურვალეთის პრობლემის შესახებ საუბარი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც მიმდინარეობდა. ქართულმა მხარემ ეგრეთ წოდებული საზღვრების მავთულხლართებით მონიშვნა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემების შექმნა ერგნეთის შეხვედრაზე გააპროტესტა, მაგრამ, როგორც ქართული დელეგაციის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე ამბობს, ოსური და რუსული მხარეებისგან ვერ მიიღო არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ აკეთებენ ამას.

რუსი სამხედროების მიერ სოფელ ხურვალეთის მცხოვრებთა დაკავების ეს უკვე მესამე შემთხვევაა. პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ახალმა ეგრეთ წოდებულმა საზღვარმა სოფლის ნაწილზე გაიარა და რამდენიმე ოჯახი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოყვა. კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობრივი ქმედებები ახალი ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს ახალი ხელისუფლების გამოწვევაა. ბენდიანიშვილი მთავრობის წარმომადგენლებს ურჩევს, დიპლომატიური არხებით სასწრაფოდ დაიწყოს ამ პრობლემაზე რეაგირება საერთაშორისო დონეზე.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლები უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის გამო ვერც იმ მიწის ნაკვეთებს ამუშავებენ, რომლებიც ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს საშუალება მიეცეთ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები უსაფრთხოდ ჩაატარონ.
XS
SM
MD
LG