Accessibility links

logo-print
ერგნეთის ბაზრობის აღდგენა მალე დაიწყება. ეს განცხადება გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა ერგნეთის მცხოვრებლებთან ახალი წლის მილოცვისას გააკეთა. მისი თქმით, იქ, სადაც ახლა ქართველი პოლიციელების საგუშაგოა, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი აშენდება და ეს ქართველებისა და ოსების ურთიერთნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

ერგნეთის ბაზრობის თემაზე დისკუსია როგორც ქართულ, ისე ოსურ საზოგადოებაში პერიოდულად იწყება ხოლმე. თავიდან ამ ბაზრობის აღდგენის იდეა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნო შეხვედრისას გაახმაურა. მისი აზრით, ერგნეთის ბაზრობა იყო ის ადგილი, სადაც ქართველებისა და ოსების დაახლოება ხდებოდა. ბაზრობის აღდგენის მზაობაზე განცხადებები თიბილოვის ხელისუფლების მხრიდანაც გაჩნდა, თუმცა მოგვიანებით ოსურმა მხარემ ეს გაუგებრობას მიაწერა და ამ თემაზე საუბარი დაამთავრა. ქართველმა ექსპერტებმა მაშინ იფიქრეს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას ამ თემაზე დისკუსია რუსებმა აუკრძალეს. რაც შეეხება პირობითი საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებთა პოზიციას, როგორც გორში, ისე ცხინვალში მცხოვრებთა დიდი ნაწილი ბაზრობის აღდგენის მომხრეა. მათი აზრით, სავაჭრო ურთიერთობისა და ეკონომიკური სარგებლის გარდა, ბაზრობა ქართველებსა და ოსებს შორის ნდობასაც აღადგენდა. ამ აზრს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოპონენტები ჰყავს. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაზრობა კონტრაბანდის ბუდედ იქცევა, რაც ქართულ ეკონომიკას დიდ ზარალს მოუტანს.

ტერიტორია, სადაც 2004 წლამდე ერგნეთის ბაზრობა იმართებოდა, ახლა ოკუპირებულია და იქ რუსი მესაზღვრეების საგუშაგოა განთავსებული, საგუშაგოს მიღმა კი პატარა ბაზარი დღემდე მუშაობს. ეგრეთ წოდებულ „ტეკის“ ტერიტორიაზე, ძირითადად, საბითუმო ბაზრობაა, საიდანაც ცხინვალის მაღაზიები მარაგდება. ამ ბაზრობაზე მოვაჭრე ადამიანები ჩვენს რადიოსთან საუბარში ძველ დროს იხსენებენ და აცხადებენ, რომ სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა დაძაბულობის მოსახსნელად აუცილებელია. ზარემა კოჩიევა, რომელიც ამ ბაზრობაზე წლების განმავლობაში მუშაობდა, მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში ადამიანებს შორის დაახლოება მაინც უნდა დაიწყოს.

გორის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ ვახტანგაშვილი ამბობს, რომ ცხინვალში მცხოვრები ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობებისგან იცის, რომ ბაზრობის აღდგენის საკითხს ყველა მიესალმება. ჯერჯერობით უცნობია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, როგორ მოაგვარებს რუსეთის ხელისუფლებასთან ეგრეთ წოდებული საზღვრის გახსნის პრობლემას, რათა მოსახლეობას პროდუქციის გადატანის შესაძლებლობა მიეცეს. ის ტერიტორია, რომელზეც ვახტანგაშვილი ლაპარაკობს, ქართული პოლიციის საგუშაგოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, სადაც ცხინვალელები მისვლას სწორედ ამის გამო ვერ ახერხებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG