Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრა ურთიერთბრალდებებით


ერგნეთი
ერგნეთი
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა და მხარეებმა კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები განიხილეს. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი ზარდიანთკარში პოლიციური საგუშაგოს უკან გადაწევის საკითხს ისევ აყენებს. მისი თქმით, ადგილობრივი ოსური მოსახლეობა მოყვანილ მოსავალს კარგავს და ქართველმა სამართალდამცავებმა ამის გამო პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ. გარდა ამისა, ოსური მხარე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხს ისევ აყენებს.

„ჩვენ საგუშაგოს გადატანის საკითხი მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მაგრამ ქართული მხარე ამ საკითხში არ გვეთანხმება. ასევე ჩვენი მხრიდან გადაცემული იყო შეშფოთება იმის გამო, რომ იქ, სადაც ოსური მოსახლეობა ცხოვრობს, მოსავლის დაკარგვის შემთხვევებს აქვს ადგილი, ქართული მხარე კი ადრე გვარწმუნებდა, რომ უსაფრთხოება დაცული იქნებოდა“, – აცხადებს ხოხ გაგლოითი.

შეხვედრის დასასრულს კომენტარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ანდჟეი ტიშკევიჩმაც გააკეთა. მისი განცხადებით, კონფლიქტის ზონის სოფლებში გახშირდა საქონლის მოპარვის ფაქტები, რაც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. გარდა ამისა, სოფელ ნიქოზიდან მოპარულია სატვირთო მანქანა. ტიშკევიჩი გაკვირვებულია იმის გამო, რომ ამ დრომდე ოსმა სამართალდამცავებმა ეს მანქანა ვერ იპოვეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მხარეები ერთმანეთს წინასწარ ჩააყენებენ საქმის კურსში სამხედრო სწავლებების დაწყების თაობაზე, რადგან არაინფორმირებული მოსახლეობა ხშირად მოულოდნელად დაწყებული სროლის დროს პანიკაში ვარდება.

„განვიხილეთ ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები - ისეთი, როგორიცაა ნახირის მოპარვა. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ხდებოდეს. ჩვენ ასევე განვიხილეთ საკითხი, რომ წინასწარ მოხდეს გაფრთხილება ყველა სამხედრო და სხვა სწავლებების შესახებ, რომლებიც ორივე მხრიდან იგეგმება ხოლმე. ეს იმისთვის, რომ ადამიანებს წინასწარ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მათ არ ინერვიულონ“, – აცხადებს ანდჟეი ტიშკევიჩი.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე შეშფოთებულია რუსი მესაზღვრეების მიერ ქართველების დაკავების გამო. ამჟამად ცხინვალის ციხეში სასჯელს საქართველოს 13 მოქალაქე იხდის, დიდი ნაწილი კი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული. ბოლოს სოფელ კირბალის ტყეში რუსმა მესაზღვრეებმა ამ სოფლის სამი მცხოვრები - გოგი პაპიტაშვილი, აკაკი და გიორგი აბალაკები -დააკავეს, რომელთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც ითხოვს ქართული მხარე. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ ყურადღება უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზეც გაამახვილა და რუსულ მხარეს ვიდეომასალაც წარუდგინა.

ევროკავშირის დამკვირვებლების განცხადებით, შეხვედრა კონსტრუქციულად მიმდინარეობდა. მომდევნო შეხვედრა ერგნეთში ნოემბრის ბოლოს გაიმართება.
XS
SM
MD
LG