Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრა ინიციატივების გაცვლით


ერგნეთის შეხვედრა
ერგნეთის შეხვედრა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათს მიმდინარეობდა. ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტებისა და ფერმერთათვის მიწის უსაფრთხოდ დამუშავების საკითხების განხილვა მოითხოვა. 2 კვირის წინ სოფელ ჯარიაშენში ადგილობრივი მცხოვრებლები რუსმა მესაზღვრეებმა საკუთარი მიწის ფართობებიდან გამორეკეს და იქ შესვლა აუკრძალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დაკავებით და ცხინვალში გადაყვანით დაიმუქრნენ. მაშინ რუსების არგუმენტაცია ის იყო, რომ ჯარიაშნელები მიწას ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ზოლში ამუშავებდნენ. ოსურმა მხარემ საკითხში გარკვევის პირობა დადო. გარდა ამისა, დღესვე ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ოსი ეროვნების პატიმრების მონახულება შესთავაზა და სანაცვლოდ ქართული დელეგაციის ცხინვალის ციხეში შეშვება მოითხოვა, რაზეც ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ განაცხადა, რომ ოსური მხარე პატიმრების მონახულებას კი არა, მათ გათავისუფლებას ითხოვს.

„ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დაკავებულების გათავისუფლება მოხდეს და არ არის საჭირო ვიმუშაოთ იმაზე, რომ სამუშაო ჯგუფის თუ სხვა საერთაშორისო ფორმატის წარმომადგენლებმა მოინახულონ პატიმრები. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ, თავის დროზე ქართული მხარის დადებითი მიდგომის წყალობით, ჩვენი პატიმრების ნათესავებს აქვთ უფლება უფრო ხშირად მოინახულონ ისინი. ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ ეს ადამიანები ყველა ერთად გათავისუფლდეს“, –ამბობს ხოხ გაგლოითი.

დღეს ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ზარდიანთკარის პოლიციის საგუშაგოს უკან გადაწევის საკითხი. გაგლოითის განცხადებით, ოსური მოსახლეობა მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს და რამდენიმე ოჯახმა სოფელი დატოვა კიდეც. ამ თემაზე ქართულმა მხარემ როგორც ევროპელ შუამავლებს, ისე ოსური და რუსული დელეგაციების წევრებს ზარდიანთკარში ჩასვლა და მოსახლეობასთან გასაუბრება შესთავაზა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით სუჯაშვილის განცხადებით, ამ წინადადებას მხოლოდ ეუთოს ელჩი ანდრიი დეშიცა გამოეხმაურა.

ერგნეთის შეხვედრაზე ახალი ინიციატივით ოსური მხარეც გამოვიდა. ხოხ გაგლოითის განცხადებით, თიბილოვის ხელისუფლება ტირიფონის სარწყავ სისტემაში წყალს იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ ეს წყალი, ქართული სოფლების გარდა, ორ ოსურ სოფელს ორჭოსანს და წინაგარასაც მიეწოდება. ცნობისათვის, ტირიფონის სარწყავი სისტემა სათავეს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიიდან იღებს, გადის გორის რაიონის ქართულ სოფლებზე და სრულდება ოსურ სოფლებთან. ამ წინადადებაზე ქართული მხარის პასუხი ის იყო, რომ ჯერ მთლიანი სისტემა გაიწმინდოს და ამის შემდეგ წყლის მიწოდებაც პრობლემა აღარ იქნება. წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი გელა ზოზიაშვილი ამბობს, რომ არხის გაწმენდის შემთხვევაში წყალი ყველა სოფელს ეყოფა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 30 მაისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG