Accessibility links

logo-print

დევნილები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ ნათესავების საფლავებს წელსაც ვერ მოინახულებენ


53-ე შეხვედრა ერგნეთში

53-ე შეხვედრა ერგნეთში

ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები ნათესავების საფლავებს და სალოცავებს წელსაც ვერ მოინახულებენ. მხარეებმა ამ საკითხზე შეთანხმებას ერგნეთში გამართულ 53-ე შეხვედრაზე ვერ მიაღწიეს. ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მოწყობილ კარავში შეხვედრა დაახლოებით 5 საათს მიმდინარეობდა. ერთ-ერთ მთავარ საკითხად ქართულმა მხარემ რუსულ და ოსურ მხარეებს აღდგომის დღეებში დევნილების ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული საფლავებისა და სალოცავების მიმართულებით უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა შესთავაზა.

რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რელიგიური დღესასწაულების წინ ამ პრობლემის გადაჭრას მოითხოვენ, მაგრამ ოსური და რუსული მხარეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას საკუთარ თავზე ვერ იღებენ. გამონაკლისი ერთ სოფელში მხოლოდ შარშან გაკეთდა, როცა სოფელ აძვის ოკუპირებულ ეკლესიაში გორი-ატენის მიტროპოლიტს ანდრიას მრევლთან ერთად რამდენიმე საათით წირვა-ლოცვის ჩატარების შესაძლებლობა მიეცა. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწეული არ არის, რადგან ქართულ მხარეს ეს საკითხი მხოლოდ დღესასწაულის დღეებში ახსენდება. მისი აზრით, პრობლემა უნდა მოგვარდეს სისტემური შეთანხმებით, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში არსებული კონფლიქტების დროს მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქართული მხარე ამ ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს 7 მოქალაქის გათავისუფლების საკითხი დააყენეს. ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს სოფელ ქვეშის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ჯემალ ცაციაშვილის ბედი. ცაციაშვილი თვეზე მეტია უკვე ცხინვალში იმყოფება და მისი გათავისუფლება ჭიანურდება, ოსური მხარე კი აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა 3 თვემდე გაგრძელდეს. დაკავებულის დედა, თამარ მაზმიშვილი, აცხადებს, რომ ერთი თვის განმავლობაში არავინ დაჰკავშირებია. ოჯახი თანახმაა, რომ სასამართლო პროცესი სწრაფად ჩატარდეს და ჯარიმა გადაიხადოს.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს ყველა დაკავებულის - მათ შორის, გორის ტერაქტის მოწყობისთვის გასამართლებული პირების - გაცვლის საკითხი, პრინციპით „ყველა ყველაზე“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე აცხადებს, რომ მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების საკითხი ერგნეთის შეხვედრის ფორმატში განსახილველი არ არის და ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დონეზე უნდა გადაწყდეს.

ერგნეთში ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გააპროტესტა საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟი. აქვე იმსჯელეს საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ფერმერთა უსაფრთხო საქმიანობის შესახებაც. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 29 აპრილს გაიმართება.

XS
SM
MD
LG