Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგობრობა, სიყვარული, მშვიდობა - ერგნეთის ბანაკის პრიორიტეტები


ბავშვები ერგნეთის ბანაკში
ბავშვები ერგნეთის ბანაკში
სოფელ ერგნეთში ყოველი დილა ბავშვების ხმაურით, სიმღერითა და მუსიკით იწყება. უკვე 10 დღეა, აქ საზაფხულო სკოლა-ბანაკია მოწყობილი. ერთ კერძო სახლში პატარები დილიდან იკრიბებიან და დროს საღამომდე ატარებენ. გართობისა და დასვენების გარდა, ერგნეთელი მოზარდები სხვადასხვა საგნებს სწავლობენ, უტარდებათ ტრენინგები, აკეთებენ კედლის გაზეთებს, მასპინძლობენ სტუმრებს. ცხინვალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ერგნეთის საზაფხულო ბანაკი უკვე მეოთხე წელია, რაც ყოველ ზაფხულს იხსნება. წელს აქ 70 ბავშვი დადის. ერგნეთელი პატარები ამბობენ, რომ მათთვის ზაფხულის ცხელი დღეების ერთად გატარება ძალიან მნიშვნელოვანია.
გადმოწერა

საზაფხულო ბანაკი წელს იმით არის გამორჩეული, რომ პატარებთან თბილისიდან მოწვეული ფსიქოლოგები მუშაობენ. აგვისტოს ომმა ყველაზე მეტად სოფელი ერგნეთი დააზარალა, აქ სახლების დიდი ნაწილი გადამწვარია. ერგნეთელმა ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახეს ის ტრაგედია, რაც ამ სოფელში დატრიალდა. პოსტკონფლიქტურ და პოსტტრამვულ პერიოდში კი ფსიქოლოგებმა ამ მოზარდებთან სპეციალური სეანსები ჩაატარეს. ფსიქოლოგი ნინო ქორიძე ამბობს, რომ ერგნეთელი ბავშვები ყველაზე ხშირად მეგობრობაზე, სიყვარულსა და მშვიდობაზე საუბრობენ. მისი თქმით, ამ ბავშვებში სიძულვილი არ დარჩენილა, რაც მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

ერგნეთის საზაფხულო ბანაკი
please wait

No media source currently available

0:00 0:04:01 0:00
გადმოწერა

ბანაკის იდეა ადგილობრივ მცხოვრებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრ - ერგნეთის“ ხელმძღვანელს ლია ჩლაჩიძეს მოუვიდა. ომის შემდეგ ერგნეთი ბევრმა ადამიანმა დატოვა და ბავშვებიც ქალაქში გადაიყვანა. სოფელი იცლებოდა, საშველი კი არსაიდან ჩანდა. ბავშვებს რომ თუნდაც ზაფხულობით საკუთარ სოფელთან, მეგობრებთან და თანატოლებთან კავშირი არ გაეწყვიტათ, გადაწყდა ბანაკი გაკეთებულიყო. ახლა ერგნეთიდან გასული ბევრი ადამიანი ზაფხულში სოფელში ბრუნდება და შვილებიც თან მოჰყავს. გარდა ამისა, ლია ჩლაჩიძე ფიქრობს, რომ საზაფხულო სკოლა-ბანაკს პოლიტიკურ- სოციალური მნიშვნელობაც აქვს.

ორგანიზატორებს საზაფხულო სკოლა-ბანაკის მოწყობაში ფინანსურად „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოცოაცია-თანხმობა“ და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ეხმარება. ორგანიზატორებსაც და ბავშვებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ მომავალ წელსაც შეიკრიბონ.
XS
SM
MD
LG