Accessibility links

logo-print

ოჯახი ითხოვს ოკუპირებული ხეითიდან ბონდო გოჩაშვილის ნეშტის გადმოსვენებას


„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. შეხვედრის განსახილველი მთავარი თემა ოკუპირებულ სოფელ ხეითში ბონდო გოჩაშვილის საფლავის მდგომარეობა იყო. დაახლოებით ერთი კვირის წინ გარდაცვლილის ოჯახმა ნათესავებისგან მიიღო ვიდეო და ფოტომასალა, სადაც საფლავის დარბევის კვალი ჩანს. ეს კადრები ტელევიზიებითაც გავრცელდა. დაღუპულის მამა გურამ გოჩაშვილი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მისი აზრით, ჯერ საფლავი უნდა შემოწმდეს და, იქ ნეშტის არსებობის შემთხვევაში, მისი გადმოსვენება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით მოხდეს.

ბონდო გოჩაშვილი 4 თანასოფლელთან ერთად სოფლის განაპირას 2000 წლის 20 მაისს მანქანაში ჩაცხრილეს. ამ შემთხვევის დროს 5 ადამიანი გარდაიცვალა. იყო რამდენიმე ვერსია, თუმცა დამნაშავეთა დასჯა ვერ მოხერხდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ ბონდო გოჩაშვილი, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის მონაწილე იყო, ცხინვალის მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკლეს. რაც შეეეხება საფლავის დარბევას, გურამ გოჩაშვილის აზრით, საფლავის დარბევა შურისძიებას უკავშირდება.

ერგნეთში გამართული შეხვედრის ბოლოს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, დავით სანაკოევმა, საფლავის დარბევის შემთხვევა დაგმო და ქართული დელეგაციის წევრებს პირობა მისცა, რომ საკითხს სწრაფად შეისწავლიან და ქართველ სამართალდამცავებს ინფორმაციას მიაწვდიან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დავით კობახიძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ ფაქტზე და ოსურ მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს საფლავის მდგომარეობის გასარკვევად. მისი თქმით, თუ ოჯახი ნეშტის გადმოსვენების შესახებ ოფიციალურად განაცხადებს, მაშინ საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. კობახიძის განცხადებით, საუბარი მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი დავით ვანიშვილის ოჯახსაც შეეხო, რომელსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ბოლო დროს ხშირად აწუხებენ.

რაც შეეხება შეხვედრაზე განხილულ სხვა საკითხებს, ქართულმა მხარემ გააპროტესტა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები, მაისის თვეში, ჯონჯოლის კრეფის სეზონზე, ტრადიციულად დაკავების შემთხვევები იზრდება ხოლმე. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს 22 მოქალაქე დააკავეს, აქედან 20 უკვე თავისუფალია, ხოლო 2 მათგანის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები გრძელდება.

ოსურმა მხარემ კი კიდევ ერთხელ მოითხოვა სპეციალური სადელიმიტიზაციო-სადემარკაციო კომისიის შექმნა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთისას პრობლემები და გაურკვევლობა მოეხსნას. ამ საკითხზე ქართული მხარის პოზიცია დიდი ხანია ცნობილია: საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან არანაირ საზღვარს არ ცნობს და კომისიის შექმნაც წარმოუდგენლად მიაჩნია.

სრულდება ტირიფონის სარწყავი სისტემის გაწმენდის სამუშაოები. დავით სანაკოევის თქმით, ოსურ სოფლებში არხის რამდენიმე მონაკვეთი გასუფთავდა და ზაფხულში როგორც ოსური, ისე ქართული სოფლები სარწყავ წყალს მიიღებენ. ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG