Accessibility links

ხმაური ერგნეთის ბაზრობის გამო


სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ერგნეთში

სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ერგნეთში

თბილისსა და ცხინვალში არ წყდება დისკუსია ერგნეთის ბაზრობის შესაძლო გახსნის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მერაბ ჩიგოევის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ. მართალია, ჩიგოევმა მოგვიანებით ჩვენს რადიოსთან საუბარში აღნიშნა, რომ მას სწორად ვერ გაუგეს და ბაზრობის გახსნა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ყველას მაინც ჩიგოევის პირველი განცხადება დაამახსოვრდა, ამ ფონზე კი ცხინვალში ახალი ოპოზიციის კონტურებიც გამოჩნდა.

ჩიგოევის განცხადება, პირველ რიგში, საპარლამენტო სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა დაგმეს. ამ პარტიას ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი აკონტროლებს და ახლა ეს ჯგუფი უკვე ხმამაღლა აკრიტიკებს თიბილოვის გარემოცვას, ჩიგოევი კი პროქართულ პოლიტიკოსად და ლამის მოღალატედ გამოაცხადეს. ატეხილი ხმაურის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩიგოევს ბაზრობის გახსნის ინიციატივა ქართველმა ჟურნალისტებმა მიაწერეს და ამ საკითხს ოსური მხარე არ განიხილავს. იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩიგოევმა პირადი პოზიცია დააფიქსირა, რისი უფლებაც მას ჰქონდა. ქართული მედიის გარდა, ამ განცხადების შესახებ ოსურ მედიაშიც დაიწერა და იქაც ჩიგოევის გამონათქვამები ისე იქნა გაგებული, როგორც წარმოითქვა.

სახალხო პარტიის მიერ ჩიგოევის წინააღმდეგ დაწყებული შეტევა, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ექსსპიკერის სტანისლავ კოჩიევის აზრით, შესაძლოა თიბილოვისა და პარლამეტის დაპირისპირების მიზეზი გახდეს, აღსანიშნავია, რომ სახალხო პარტიას მომხრეები სხვა ფრაქციებშიც ჰყავს. კოჩიევის აზრით, ცოტა ხნის წინ დაძლეული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ეს ახალ გამწვავებას გამოიწვევს.

პოლიტიკური პარტია „მამულის“ ხელმძღვანელის ვიაჩესლავ გობოზოვის აზრით, ჩიგოევის განცხადებამ ოპოზიციაში გადასულ კოკოითის მომხრეებს პრეზენტაციის საშუალება მისცა.

გობოზოვი მიიჩნევს, რომ სახალხო ნდობის მთავრობის ფორმირება, რისი პირობაც თიბილოვმა დადო, შეუძლებელია, რადგან სავარძლებისთვის სხვადასხვა გავლენის მქონე პოლიტიკური ჯგუფები ღიად თუ ფარულად უკვე იბრძვიან.

ერგნეთის ბაზრობის ხმაურიან თემასთან დაკავშირებით კომენტარი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მეთაურმა დიმიტრი სანაკოევმაც გააკეთა. მისი აზრით, ერგნეთის ბაზრობა რუსული პროდუქციის შემოსატანად არ გაიხსნება. სანაკოევის თქმით, გაუკონტროლებელი ტერიტორიებიდან არ უნდა შემოვიდეს რუსული ტვირთი, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქციაზე ეს შეზღუდვები არ გავრცელდება. მისი განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სტრატეგიიდან გამომდინარე, ქართული მხარე მზადაა ნებისმიერ ადგილზე შექმნას სავაჭრო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიყიდოს ის მოსავალი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მოიწევენ.

ოსურ ფორუმებზე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წევრები მხარს უჭერენ ერგნეთის ბაზრობის გასხნის იდეას, მაგრამ თიბილოვის გუნდს ამ საკითხზე პოლიტიკური პარტიების მხრიდან იმხელა წინააღმდეგობა შეხვდა, რომ თავის მართლება მოუხდა. აქვე გასათვალისწინებელია რუსული პოზიციაც. ამიტომ ახლა ჩიგოევიც და ადგილობრივი უწყებებიც ცდილობენ, რომ ეს საკითხი როგორმე უკანა პლანზე გადასწიონ.
XS
SM
MD
LG