Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერიკ კლაპტონი - "I Still Do"


ერიკ კლაპტონი
ერიკ კლაპტონი

20 მაისს გამოვიდა ბრიტანელი გიტარისტის, მომღერლისა და კომპოზიტორის ერიკ კლაპტონის 23-ე სტუდიური ალბომი "I Still Do". ახალი პროექტისადმი ინტერესი საკმაოდ დიდი გახლდათ. ამგვარ განწყობას, პირველ რიგში, თავად არტისტის წონა და რეპუტაცია განაპირობებდა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება კიდევ რამდენიმე გვარ-სახელის გამო დაიმსახურა.

70 წლის არტისტმა დისკი მარკ ნოპფლერის სტუდია "British Grove Studios"-ში ჩაწერა, ხოლო პროდიუსერად ძველი მეგობარი გლინ ჯონსი მოიწვია - ადამიანი, რომელმაც სახელი ისეთ ჯგუფებთან თანამშრომლობით გაითქვა, როგორებიცაა: "The Rolling Stones", "Led Zeppelin" და "The Who", ხოლო კლაპტონთან ერთად ბრიტანელის სოლოკარიერაში ყველაზე წარმატებული ალბომების - "Slowhand"-ისა და "Backless"-ის - შექმნაში მიიღო მონაწილეობა. აკუსტიკური ნაწილის გარდა, აღსანიშნავია დისკის მხატვრული მხარეც - კლაპტონის პორტრეტზე ბრიტანელმა მხატვარმა, "სერჟანტი პეპერის" ლეგენდარული გარეკანის ავტორმა, სერ პიტერ ბლეიკმა იზრუნა.

"I Still Do"-ში, წინა ორი ალბომის მსგავსად, მეტწილად ქავერებია წარმოდგენილი. მაგალითად, ამერიკელი პიანისტის ლეორი ქარის ბლუზი ალაბამელი ქალის შესახებ, ჯეი ჯეი ქეილის "Can’t Let You Do It" და "Somebody’s Knockin", სკიპ ჯეიმსის "Cypress Grove", რობერტ ჯონსონის " Stones In My Passway", ბობ დილანის "I Dreamed I Saw St. Augustine" და კიდევ რამდენიმე ხალხური ბალადის ინტერპრეტაცია. საინტერესოა ნახევრად აკუსტიკური სიმღერა "I Will Be There". დისკის გამოსვლამდე დაანონსებული იყო, რომ მის ჩაწერაში მონაწილეობას მიიღებდა ვინმე "ანჯელო მისტერიოზო". 1968 წელს ჯორჯ ჰარისონმა სწორედ ამ გვარ-სახელით შეიტანა წვლილი ჯგუფ "Cream"-ის კომპოზიციაში "Badge". შესაბამისად, გავრცელდა ჭორი, რომ კლაპტონი მის ვაჟს, დჰანი ჰარისონს, გულისხმობდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ბიტლომანებს ახალგაზრდა ბრიტანელი ედ შირანი შერჩათ.

"თქვენ არ იცით, თუ რამდენს ნიშნავს ბლუზი ჩემთვის ... ვაგრძელებ დაკვრას და იმედია, ამ ნიჭს არ დავკარგავ ... დილით, საღამოს, ღამითაც კი, მე ეს ბლუზი მჭირდება" - მღერის კლაპტონი საავტორო თხზულებაში "სპირალი". კომპოზიცია არტისტის საფირმო ბლუზური ინსტრუმენტული ხელწერითა და მელანქოლიური ვოკალითაა გამორჩეული და, ჩემი აზრით, დისკზე საუკეთესო ნაწარმოებია. ასევე გამოვყოფდი მუსიკოსის კიდევ ერთ თხზულებას, "Catch the Blues"-ს. კლაპტონისა და შერონ უაითის დუეტი ამოვარდნილია ალბომის საერთო ბლუზური სურათიდან, მაგრამ, სამაგიეროდ, ბოსა-ნოვას რიტმულ ხაზზე აგებული ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მელოდიური სიმღერა გახლავთ.

კრიტიკოსების შეფასებით, "I Still Do"-ს კონცეფცია კლაპტონის ბოლო ორი დისკის მსგავსია. დიახ, ჯეი ჯეი ქეილისადმი მიძღვნილი პროექტი და 2013 წლის "Old Sock" ასევე ქავერების კრებულს წარმოადგენდა, თუმცა ახალი ალბომი მათგან ხასიათით განსხვავდება. შეიძლება ითქვას, რომ "I Still Do" ერიკ კლაპტონის შემოქმედებაში ყველაზე პირადული და მელანქოლიურია. სევდისა და განვლილ ცხოვრებაზე დაფიქრების მიზეზი კი 70 წლის არტისტს ნამდვილად ჰქონდა: 2013 წელს მისი კოლეგა ჯეი ჯეი ქეილი გარდაიცვალა, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა და ბლუზი აკავშირებდა, მას ჯგუფ " Cream"-ის წევრი ჯეკ ბრიუსი მიჰყვა, ხოლო 2015 წელს ბი ბი კინგი აღესრულა, მუსიკოსი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა კლაპტონსა და მის თაობაზე. დისკზე ერთი კომპოზიციაა, სახელწოდებით "I’ll Be Seeing You", რომელზეც ბრიტანელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "თუ "I Still Do" ჩემი უკანასკნელი ალბომი გამოდგა, ჩათვალეთ, რომ ეს სიმღერა ერთგვარი გამოთხოვებაა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG