Accessibility links

logo-print

გაიმართა ერიკ რუბინისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა


ერიკ რუბინი

ერიკ რუბინი

გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შორის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ”საუბრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანაშრომლობის ქარტიის ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელება და ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მხარეებმა ყურადღება იმ მნიშვნელოვან წვლილზეც გაამახვილეს, რომელიც საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხრივ შეაქვს.” ამავე წყაროს ცნობით, ”პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლური კურსი კვლავ პრიორიტეტულია და ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. თავის მხრივ, ერიკ რუბინმა თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებით; ასევე იმ პროგრესის გაგრძელებით, რომელსაც საქართველომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიაღწია. შეხვედრისას, ISAF-ის მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის შესახებაც ისაუბრეს და ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმსაც შეეხნენ.” საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესის საგანგებო მნიშვნელობასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო ”1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და ხელისუფლების გადაბარების პროცესს, რომელიც ერიკ რუბინის შეფასებით, დემოკრატიულად და სამართლიანად განხორციელდა. ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის განვითარების პროცესში დიდი მნიშვნელობა ექნება არჩევნების შემდგომ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს.” სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მისამართით. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი, რომელიც საქართველოს 27 ნოემბერს, დილით ესტუმრა, მონაწილეობს თავდაცვისა და უსაფრთხოების ჯგუფის შეხვედრაში, რაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებშია გათვალისწინებული. გავრცელებული ინფორმაციით 17:00 საათისთვის გაიმერთება მისი ორდღიანი ვიზიტის შემაჯამებელი ბრიფინგი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG