Accessibility links

თავდაცვის სფეროში საქართველო-შტატების ურთიერთობები გაღრმავდება


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპასა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა საქართველოში 2-დღიანი ვიზიტის შედეგები პრესკონფერენციაზე შეაჯამა. ვიზიტის ფარგლებში, ერიკ რუბინი წარმოადგენდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არსებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფში შეერთებული შტატების მხარეს. ქართული მხრიდან ჯგუფში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე შედიოდნენ. სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოსა და შეერთებული შტატების თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ღრმავდება.

შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპასა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა განაცხადა, რომ შტატები კვლავ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული განცხადების ტექსტი კი ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ გააცნო. განცხადებაში ჩამოთვლილია შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობის სფეროები: ქართველი სამხედროების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის გაგრძელება, ქართული კონტინგენტის მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, მათ შორის, ავღანეთში; ასევე საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით:

”მხარეებმა განიხილეს საჰაერო თვალთვალის, საჰაერო თავდაცვის, სანაპირო თვალთვალის, თავდაცვითი საბრძოლო-საინჟინრო შესაძლებლობების, სერჟანტთა სამეთაურო და საწვრთნელი უნარ-ჩვევების, ბრიგადების შტაბების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობათა განვითარების გზები, ასევე სატრანსპორტო ვერტმფრენების ფლოტის განახლების, საზღვრის უსაფრთხოების და სამართალდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესების საკითხები”.
ამ განცხადებაში საუბარია იმაზე, თუ რის გაძლიერებას ვაპირებთ. ფოკუსირება მოხდება საქართველოში დაგეგმვის უნარების გაძლიერებასა და მოსამსახურეთა ტრენინგის გაუმჯობესებაზე ...

29 ნოემბრის შეხვედრა, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, ივნისში ბათუმში შემდგარ პლენარულ სხდომაზე დადგენილი მიზნების განხორციელებაზე სასაუბროდ შედგა. როგორც ერიკ რუბინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეერთებული შტატები საქართველოს საჰაერო და საზღვაო თავდაცვის სისტემების გაძლიერებაში აღმოუჩენს დახმარებას:

”ამ განცხადებაში საუბარია იმაზე, თუ რის გაძლიერებას ვაპირებთ. ფოკუსირება მოხდება საქართველოში დაგეგმვის უნარების გაძლიერებასა და მოსამსახურეთა ტრენინგის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ის ასევე მოიცავს შესაძლებლობას, რომ განხილულ იქნეს საქართველოს მიერ ტექნიკის შეძენა, რომელსაც თავდაცვითი ფუნქცია ექნება და, ამას გარდა, ტექნიკისა, რომელიც საქართველოს საჰაერო და საზღვაო სივრცის ბალანსის გაძლიერებაში დაეხმარება. ჩვენ ამაზეც ვიმუშავეთ. ეს არის პირველი ნაბიჯები თავდაცვის გაძლიერებული თანამშრომლობისა. ენა, რომელიც აქაა გამოყენებული, ძალიან კარგად აღწერს დეტალებს, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ფოკუსირება ყველა ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე მოხდება”.

როგორც ერიკ რუბინმა აღნიშნა, ეს არის გაგრძელება შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის იანვარში შემდგარი შეხვედრისას მიღწეული შეთანხმებისა. ქართველი ექსპერტები მოელოდნენ, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის შედეგი სწორედ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით შეერთებული შტატების მხარდაჭერა იქნებოდა, რადგან სწორედ ეს იყო საქართველოს მთავარი მოლოდინიც.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არ შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ საქართველოსა და მის მეზობლებს შუა აღმოვჩნდეთ. ეს ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ...

თავდაცვის საკითხებზე საუბრის გარდა, ერიკ რუბინმა ქვეყნის ახალი ხელისუფლების პოლიტიკის შესახებაც გააკეთა კომენტარი და დასძინა, რომ შტატები მხარს უჭერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოზიციას დაარეგულიროს ურთიერთობები ჩრდილოელ მეზობელთან.

”ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მცდელობას, გააუმჯობესოს საქართველოს ურთიერთობა ყველა მეზობელთან. ჩვენ გვჯერა, რომ კარგი ურთიერთობა ყველა მეზობელთან სწორი პოლიტიკის ნაწილია. ერთ მეზობელთან ურთიერთობის გაუმჯობესება არ მოდის წინააღმდეგობაში მეორე მეზობელთან ურთიერთობასთან. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არ შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ საქართველოსა და მის მეზობლებს შუა აღმოვჩნდეთ. ეს ჩვენ ნამდვილად არ გვინდა”.

ამასთან, ერიკ რუბინმა თავი შეიკავა საქართველოს შიდაპოლიტიკური საკითხების კომენტირებისგან და აღნიშნა, რომ ამ თემაზე გაცილებით უკეთ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ისაუბრებენ. მათი შეხვედრა 29 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ერიკ რუბინის ვიზიტი დასრულდა. ის, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ -მინისტრს, პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.
XS
SM
MD
LG