Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერიკ-ემანუელ შმიტის „ქალური პროზა“


ერიკ-ემანუელ შმიტი უცებ შეიყვარა ქართველმა მკითხველმა. მისი ბევრი წიგნია თარგმნილი და გამოცემული. ამ ავტორის სახელგანთქმულ რომანებზე - „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, „პილატეს სახარება“, „ულისე ბაღდადიდან“ თუ „ნოეს შვილი“ - უკვე საკმაოდ ბევრი ითქვა და დაიწერა. ამ მხრივ, ყველას გირჩევთ ინტერნეტში მოიძიოთ ლევან ბერძენიშვილის ვიდეო, სადაც იგი ამ წიგნებზე დაყრდნობით ერიკ-ემანულ შმიტის ფენომენზე საუბრობს. მე კი ამჯერად თქვენს ყურადღებას მივაპყრობ მის ნოველების კრებულს „ოდეტ ტულმონდს“, რომელიც, ისევე როგორც შმიტის თითქმის ყველა სხვა წიგნი, გამოსცა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“. წიგნში შესული რვავე ნოველის ცენტრში ქალი დგას. ასეთი ლიტერატურა, ქალის პრობლემებზე ორიენტირებული, ჩვენ ბევრი ვიცით, შედევრებიდან და კლასიკიდან დაწყებული, კომერციული, ბულვარული რომანებით დამთავრებული. თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში უთვალავი ავტორია, რომლებმაც მშვენივრად აითვისა ამ ჟანრის წეს-კანონები, კონვეიერული რეჟიმით უშვებს საჭირო პროდუქტს და ზედმეტი პრეტენზიების გარეშე ცხოვრობს დიასახლისთა სენტიმენტების ხარჯზე.

დასასრული შეიძლება იყოს სევდიანი, მაგრამ ეს არის თბილი სევდა, რომელიც გიპყრობს, და სხვა არაფერი... ეს არის კიდევ რაღაცებისგან გათავისუფლება, რადგან ისეთი ისტორიებია მოთხრობილი, რომ არ შეიძლება მისგან არ განიწმინდო...
მერაბ ფიფია

ყოველივე ამის ფონზე მეტად საინტერესო იყო ასეთი ღრმა მწერლის მიერ შეთხზული „ქალური პროზის“ წაკითხვა. მე მომეჩვენა, რომ მან ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა: მოსინჯა, თუ რამდენად შეძლებდა ჟანრის ფარგლებში ღირებული ტექსტების შექმნას. ამ მხრივ, წიგნი ალბათ არათანაბარი გამოვიდა, თუმცა ფინალის ეფექტი, რაც ჭეშმარიტ ნოველას უნდა ახლდეს, ყველგან დიდოსტატურადაა შესრულებული. პირველ ხუთ ნოველაში იგი ერთი ხელწერის ერთგული რჩება, მერე კი რაკურსების ცვლას იწყებს. მეექვსე ნოველაში, „ფეხშიშველა პრინცესა“, მთავარი პერსონაჟი უკვე ქალი კი არა მამაკაცია, პოპულარობადაკარგული მსახიობი, რომელიც ერთი ძველი რომანტიკული ღამის ხიბლს დაეძებს და ბოლოს, ნაცვლად პრინცესისა, ხელთ მოახლის აფიორა შერჩება. მეშვიდე ნოველა ის ნოველაა, რომლის სახელწოდებაც ავტორმა წიგნის სათაურად გამოიტანა, და ეს არაა შემთხვევითი: „ოდეტ ტულმონდში“ უკვე თვითირონია ჩნდება, და აქ, „ქალური პროზის“ მთხზველად გარდასახული ერიკ-ემანუელ შმიტი წერს ნოველას მწერალზე, რომელსაც მხოლოდ ქალები კითხულობენ, და მის ერთ-ერთ თაყვანისმცემელზე. ბალთაზარ ბალზანი ზის თავისი წიგნების პრეზენტაციებზე და ავტოგრაფებს ურიგებს და ურიგებს ქალებს, სანამ მასმედია და ლიტერატურული კრიტიკა მას არ გასრესს, და დეპრესირებული და თვითმკვლელობამდე მისული, თავს არ შეაფარებს თავის ერთ თაყვანისმცემელს, პროვინციულ ქალაქში მცხოვრებ ოდეტ ტულმონდს (აქ სიტყვის თამაშია, ეს სახელი და გვარი შეიძლება ითარგმნოს „როგორც ყველა“).

ქალის როლს შმიტი ამ წიგნში, რა თქმა უნდა, გაეთამაშა. ის თავად ამბობს: ქალის პერსონაჟი რომ ყოფილიყო მთავარი ფუნქციის მატარებელი ნაწარმოებში, არ მომწონდაო, მაგრამ მერე გადავიდა ამაზე და განსაკუთრებით ამ გზაზე დააყენეს მსახიობმა ქალებმა...
მერაბ ფიფია

კრებულზე საუბარი ვთხოვეთ მერაბ ფიფიას, რომელიც ფაქტობრივად შმიტის ყველა წიგნის ქართულად მთარგმნელია, ისევე როგორც „ოდეტ ტულმონდისა“:

„მე ყოველთვის მრჩება შთაბეჭდილება, რომ, როცა ის წერს ნოველას, დეტექტივის რაღაც ილეთებს იყენებს. ის ყოველთვის მოულოდნელია, თუმცა ყოველთვის ინარჩუნებს სტარტს, შეიძლება გამოგატაროთ უამრავი ლაბირინთი, მაგრამ მერე პირუეტივით გაგიხსნით, საითკენაც უნდოდა თქვენი წაყვანა. რა თქმა უნდა, შეიძლება იმ გამოსავალს, დასასრულს არ დაეთანხმოთ, გაგეღიმოთ, არ დაუჯეროთ, მაგრამ მაინც აბსოლუტურად სოლიდარული ხართ, ეს არაა ის გადაწყვეტა, რომელსაც თქვენ ვერ მიიღებთ. რაც მთავარია, ეს დასასრული არასდროს არაა ტრაგიკული, რაც ადამიანებს, მკითხველებს სჭირდებათ, ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობას. დასასრული შეიძლება იყოს სევდიანი, მაგრამ ეს არის თბილი სევდა, რომელიც გიპყრობს, და სხვა არაფერი... ეს არის კიდევ რაღაცებისგან გათავისუფლება, რადგან ისეთი ისტორიებია მოთხრობილი, რომ არ შეიძლება მისგან არ განიწმინდო... აი, ოდეტ ტულმონდი ითვლება, რომ ისეთივეა, როგორც ყველა ქალი, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ის არის ძალიან გამორჩეული. ძალიან გამორჩეული თუნდაც იმიტომ რომ უყვარს კითხვა, იმიტომ რომ ცხოვრების ამ უღიმღამობას, ნაცრისფერებს თავი დააღწიოს, უყვარს ეს ავტორი, წაიკითხა მისი 12 რომანი, ამ რომანების გმირების ცხოვრებით ცხოვრობს და ბევრად უფრო საინტერესო ადამიანი ხდება... ქალის როლს შმიტი ამ წიგნში, რა თქმა უნდა, გაეთამაშა. ის თავად ამბობს: ქალის პერსონაჟი რომ ყოფილიყო მთავარი ფუნქციის მატარებელი ნაწარმოებში, არ მომწონდაო, მაგრამ მერე გადავიდა ამაზე და განსაკუთრებით ამ გზაზე დააყენეს მსახიობმა ქალებმა. მათ ყოველთვის უკვირდათ თურმე, თუ როგორ აღწევდა ის ასეთ ღრმა წვდომას ქალის ფსიქოლოგიაში“.

ამ ქალების ხასიათი ვითარდება სრულიად განსხვავებულ სამყაროში, რადგან ისინი არიან 50-იანი წლების ქალები, მსხვერპლნი სტალინური რეჟიმისა...
მერაბ ფიფია

კრებულს ერთვის ავტორის მოკლე ბოლოსიტყვაობა, საიდანაც ვიგებთ, რომ მას ამ სახელწოდების ფილმიც აქვს გადაღებული და წიგნში შესულ ნოველებს სწორედ ფილმზე მუშაობის პერიოდში წერდა, თუკი თავისუფალ დროს პოულობდა ხოლმე. როგორც იგი ამბობს, ჩვეულებისამებრ ნოველა, ზოგადად პროზა აძლევს ფილმს დასაბამს, მის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით მოხდა, ანუ ნოველა „ოდეტ ტულმონდიც“ კი ფილმზე მუშაობის შედეგია. ყოველივე ამან მე ძალიან დამაინტრიგა და ინტერნეტში შმიტის მიერ გადაღებული ეს ფილმი მოვიძიე, მით უმეტეს, რომ გამახსენდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ფრანგი მწერლები ორიგინალური ხელწერის კინემატოგრაფისტებიც იყვნენ: ჟან კოქტო, მარგარიტ დიურასი თუ ალან რობ-გრიე. მაგრამ სამწუხაროდ შმიტის ნახელავი კომედიის ჟანრში გადაწყვეტილი ჩვეულებრივი ფილმი აღმოჩნდა, საავტორო კინოს ყოველგვარი ნიშნების გარეშე. ამიტომ ამ ფილმის მთავარ დამსახურებად ალბათ ისევ ის ჩაითვლება, რომ ნოველების ეს კრებული მასზე მუშაობისას შეიქმნა.

წიგნის მარგალიტს კი ბოლო ნოველა, „სამყაროს ყველაზე ლამაზი წიგნი“ წარმოადგენს. მოვუსმინოთ კვლავ მერაბ ფიფიას:

მერაბ ფიფია
მერაბ ფიფია

„ამ ქალების ხასიათი ვითარდება სრულიად განსხვავებულ სამყაროში, რადგან ისინი არიან 50-იანი წლების ქალები, მსხვერპლნი სტალინური რეჟიმისა. სწორედ ამ ჩაკეტილ სამყაროში მოხვედრამ სხვანაირი გახადა ეს ნოველა: აქ არიან მებრძოლი ქალები, რომლებმაც ხელი მოაწერეს სამუდამო პატიმრობას და არც კი იციან, გათავისუფლდებიან ოდესმე თუ არა - შესაძლოა, ბოლომდე იქ დაჰყონ. მაშინ როდესაც სხვა ნოველებში არაა ასეთი ტრაგიზმი. თუმცა აქაც, ამ დახურულ სამყაროში მყოფი პერსონაჟები ძალიან ბედნიერები არიან თუნდაც იმით, რომ მათ რაღაც პატარა გამოსავალი იპოვეს: სიგარეტის ქაღალდზე ისინი წერენ თავიანთ ისტორიას. შეიძლება ატმოსფეროა სხვა, მაგრამ იდეაში ესეც „ქალური ისტორიაა“.

ამ ნოველაში თითოეულ პატიმარ ქალს ერთმანეთზე გადაწებებული სამი სიგარეტის ქაღალდი ხვდება, რათა მთელი თავისი განვლილი ტანჯვები, განცდები და სათქმელი ამ პატარა ნაგლეჯზე დაატიოს. მაგრამ როგორ მოახერხონ ეს, ამას ვერც ერთი ვერ ხვდება და საშინლად წვალობენ, ვერ ბედავენ ფურცელთან მიკარებას. მაგრამ ბოლოს ერთ-ერთი მაინც გაბედავს და დაწერს. სხვებსაც აჩვენებს და ამის მერე დანარჩენებიც წერენ თავიანთ წერილებს. სიგარეტის ქაღალდებისაგან აკინძული ეს წიგნი საბოლოოდ აღწევს ადრესატებამდე, მაგრამ თუ რა წერია ამ წიგნში, ეს მხოლოდ ფინალში ირკვევა. რათა ნოველის წაკითხვის ხალისი არ დაგიკარგოთ, არ გაგიმხელთ, „სამყაროს ყველაზე ლამაზი წიგნის“ შინაარსს, თუმცა იმას კი დავძენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნოველური ფინალია, რომელიც კი წამიკითხავს.

საბოლოო ჯამში, თუ დავაკვირდებით, ერიკ-ემანუელ შმიტმა ჩაიფიქრა ერთი პროექტი, რომელსაც მხატვრული ძალა ნაკლებად ექნებოდა, ამ პროექტისვე ფარგლებში მისი დეკონსტრუქცია რომ არ მოეხდინა. ანუ, მიღებული სტანდარტებით, მან ჯერ ერთი პერსონაჟის ცხოვრებისეულ დრამებზე, - ღალატზე, ძველ შეყვარებულთან შეხვედრაზე, სიბერეზე და ა.შ. - აწყობილი „ქალური პროზის“ ნიმუშები შექმნა, მერე მთავარი ქალი პერსონაჟი მამაკაცით ჩაანაცვლა, თუმც მაინც იმავე ჟანრში დარჩა, შემდეგ ასეთი პროზის მწერალსა და მის თაყვანისმცემელზე დაწერა სარკაზმით გაჯერებული, მაგრამ ამავე დროს თანაგრძნობით აღსავსე ტექსტი, სულ ბოლოს კი, მართალია მოქმედ გმირებად ქალები დატოვა, მაგრამ ჟანრის ფარგლებიდან გამოვიდა და სულ სხვა ტიპის ნოველა-შედევრი შემოგვთავაზა.

XS
SM
MD
LG